Aa
Aa

"წაგება არაფერს ცვლის, მას ბოლომდე ვენდობით" - ბირჰოფმა ლიოვი დაიცვა

"ერთა ლიგის" უკანასკნელ ტურში გერმანიის ნაკრები ესპანეთთან 0:6 განადგურდა. მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების სპორტულმა დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა კომენტარი გააკეთა და იოჰიმ ლიოვი დაიცვა.

"ეს თამაში და წაგება არაფერს ცვლის. ჩვენ იოჰიმს კვლავ ვენდობით და მის გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. როდესაც საქმე ნაკრების მწვრთნელს ეხება, ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე უნდა შეაფასოთ და არა შესარჩევ ციკლში. მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებით.

პირველ რიგში ესპანეთთან მარცხი უნდა დავივიწყოთ. ყველაფერი არასწორად წარიმართა. ბურთს ადვილად ვკარგავდით და საბოლოო ჯამში გუნდი დაიშალა. არ შევდიოდით ბრძოლაში და პოზიციებს არასწორად ვირჩევდით. ამ მარცხიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და მომავალში ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ." - განაცხადა ბირჰოფმა

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებმა ასეთი ანგარიშით ბოლოს 1931 წელს ავსტრიასთან წააგო. ყველაზე დიდი მარცხი კი 1909 წელს ინგლისთან 0:9 ფიქსირდება.

ესპანელთა მხრიდან თავი ფერან ტორესმა(3) ალვარო მორატამ, როდრიმ და ოიარსაბალმა გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით "ფურია როხამ" ჯგუფში ყველაზე მეტი 11 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები