15 წელი სუმოში - გაგამარუმ კარიერა დაასრულა
Aa
Aa

15 წელი სუმოში - გაგამარუმ კარიერა დაასრულა

ოფიციალურად დასრულდა ეპოქა, სახელწოდებით გაგამარუ მასარუ. ეპოქა, რომელმაც მთელი 15 წელი იარსება და უზარმაზარი კვალი დატოვა ქართული სუმოს ისტორიაში.

2005 წლის ნოემბერს, როდესაც თეიმურაზ ჯუღელი კისე ბეიაში ჩაირიცხა. ოიაკატამ საბრძოლო მეტსახელის თავსართად თავისი ბავშობის მეტსახელი (გაგა) დაუტოვა, სუფიქსად კი დიდი გაბარიტების გამო "მარუ" დაუმატა (რაც ქართულად მრგვალს ნიშინავს) და ასე მივიღეთ გაგამარუ.

მაშინ სუმო საქართველოში ძალიან უცხო ხილი იყო და 18 წლის ქართველ ფალავანს ახლობლების გარდა ალბათ ერთეული ადამიანები თუ ქომაგობდნენ სამშობლოდან.

კარიერის დასაწყისი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოუვიდა. 2006 წლის იანვარში, პროფესიულ სუმოში ჩატარებულ პირველივე ბაშოზე ჯონოკუჩის (ყველაზე დაბალ) დივიზიონში, ძენშო იუშო (7-0) გააკეთა და უმალვე ერთი დივიზიონით მაღლა აინაცვლა. არც ჯონიდანში შეურცხვენია თავი - 7-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო და ეგრევე სანდანმეში დაწინაურდა. რანგით მეოთხე დივიზიონის გასავლელად სამი ბაშო დასჭირდა, თუმცა აქაც მხოლოდ კაჩი-კოშებით მიიწევდა მაღლა და მაღლა. აი მაკუშიტას დივიზიონში კი ცოტა დიდხანს მოუწია გაჩერება - 3 წელი (18 ბაშო). თუმცა, ბოლო ტურნირზე, მაკუშიტას მე-10 ნომრის სტატუსით შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო, პლიუს საჩემპიონო სუპერფინალში (კეტტეი-სენში) ბრაზილიელი კაისეიც დაამარცხა და კარიერის დაწყებიდან ზუსტად 4 წლის თავზე (2009 წლის ნოემბერში) ელიტის საგზური და სეკიტორის საპატიო სტატუსი მოიპოვა.

მხოლოდ 4 ბაშო დასჭირდა გაგას ჯურიოს გასავლელად და მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონის ბილეთის მისაღებად, საიდანაც ერთ ტურნირზე ჩემპიონობაც მოახერხა, 12-3 ბალანსით. 

მაკუუჩიში დებიუტი 2010 წლის ივლისში ჰქონდა და იქედან მოყოლებული მთელი 7 წლის მანძილზე გაგა ჯუღელი უმაღლესი დივიზიონის უცვლელ წევრად ითვლებოდა (შიდაშიგ თუ გაერეოდა ჯურიოში, თუმცა უმალვე ბრუნდებოდა). ამ ხნის მანძილზე ჩვენმა გოლიათმა ორჯერ მიიღო მებრძოლი სულის გამოვლენისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი, კანტო-შო და ერთხელ ბაშოს ვიცე-ჩემპიონობასაც გამოკრა ხელი. სწორედ მაშინ მიიღო გაგამ თავისი კარიერის უმაღლესი წოდება, კომუსუბი და ისტორიაშიც კომუსუბი გაგამარუს სახელით დარჩა.

მისი საყვარელი სტილი ოში-ძუმო იყო და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა მეტოქეებს თავისი მძლავრი, საფირმო ბუცუგარი-ტაჩიაით. გაგას "ბულდოზეულმა" სტილმა რამდენჯერმე თვით ოძეკი ბარუტო და ოძეკი გოეიდოც კი იმსხვერპლა.

განსაკუთრებული იყო გაგასთვის 2015 წლის მაისის ტურნირი, სადაც მან მე-6 მაეგაშირას სტატუსით მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დაამარცხა და თავის ჯილდოებს ოქროს ვარსკვლავიც (იგივე კინბოში) მიამატა.

კარიერის ბოლოსკენ ქართველ ფალავანს ტრავმები მოეძალა. ორივე მუხლში სითხე ჩაუდგა, რის გამოც ძალას ვეღარ ატანდა ფეხებს და მისი უკუსვლაც იქედან დაიწყო. თუმცა 2019 წლის ბოლომდე მაინც ინარჩუნებდა ადგილს ელიტაში. მიმდინარე წელს მხოლოდ ორჯერ ავიდა დოჰიოზე (იანვრის ბაშოზე), მაგრამ ტრავმებით გატანჯულს უკვე სიარულიც კი უჭირდა, არათუ დოჰიოზე ორთაბრძოლების ჩატარება და იქედან მოყოლებული კიუჯოზე გავიდა. თუმცა, უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ინტაისთვის ემზადებოდა გაგა და მისი დაბრუნება დოჰიოზე აღარ შედგებოდა.

მასალა მოამზადა ქართული სუმოს ქომაგმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები