Aa
Aa

სრული ფიასკო - გერმანიის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. ალემანთა მთავარი გუნდი ესპანეთთან ერთა ლიგის ბოლო ტურში 0:6 განადგურდა.

ბუნდესნაკრებს ანალოგიური ანგარიშით 1931 წელს, ავსტრიასთან აქვს წაგებული და ოფიციალურ დონეზე ანტირეკორდად სწორედ ეს ორი შეხვედრა ითვლება. გერმანელები ამაზე დიდი სხვაობით 1909 წელს, ინგლისთან დამარცხდნენ, თუმცა ის მატჩი მოყვარულთა შორის გაიმართა.

რაც შეეხება ერთ მატჩში გაშვებული გოლების ანტირეკორდს, ალემანებმა ამაზე მეტი გოლი 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, უნგრეთისგან მიიღეს, როცა თამაში 3:8 დათმეს.

ესპანელთა მხრიდან გუშინდელ თამაშში თავი ჰეთ-თრიქით ფერან ტორესმა გამოიჩინა, თითო ბურთი კი მორატამ, როდრიმ და ოიარსაბალმა შეაგდეს. შედეგად, ესპანელებმა ერთა ლიგის მე-4 ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს და ტურნირის პლეი-ოფში გავიდნენ.

მაიკლ ოუენის 2001 წლის მიღწევის შემდეგ ფერან ტორესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გერმანიის ნაკრებს ერთ შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელებს კარში დარტყმის მხოლოდ 2 მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ზუსტად კარში ვერ დაარტყეს. საპირისპიროდ კი „ფურია როხამ“ კარისკენ 22-ჯერ დაარტყა და მათგან 10 ზუსტი გამოდგა.

გუშინდელი ფიასკოს შემდეგ ევროპულ პრესაში იოახიმ ლიოვის მიმართ არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. ბევრის აზრით, „იოგი“ გუნდს სათანადოდ ვეღარ უძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები