ლუის ჰემილტონი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!
Aa
Aa

ლუის ჰემილტონი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა თურქეთის გრანპრი მოიგო და სეზონის დასრულებამდე 3 ეტაპით ადრე 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

წვიმიან კვალიფიკაციაში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ, ჰემილტონი ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა სხვა პილოტებისგან განსხვავებით, რომლებიც ლიდერთა შორის იყვნენ, მეორედ საბურავების ბოქსებში საშუალედო გამოსაცვლელად არ შესულა და ფინიშამდე ერთი პიტსპოტით მივიდა.

ამის შემდეგ ჰემილტონს ჯერ მეორე ადგილზე გადასვლის საშუალება მიეცა, შემდეგ კი პირველობისთვის ბრძოლაში სერხიო პერესი უკან მოიტოვა.

მიუხედავად ძველი საბურავებისა, ჰემილტონმა უპირატესობა უპრობლემოდ მოიპოვა, რომელმაც ფინიშთან ჯამში 31 წამი შეადგინა.

"ბავშვებისთვის ამის დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ არ მოუსმინონ იმათ, ვინც ამბობს, რომ რაღაცას ვერ მიაღწევენ. იოცნებეთ შეუძლებელზე. შენ ამ ყველაფერს უნდა დაედევნო და არასდროს დანებდე". - თქვა ჰემილტონმა გამარჯვების შემდეგ.

ბრიტანელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა და ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა, რომელიც გერმანელმა 2004 წელს დაამყარა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატი 2 კვირის შემდეგ ბაჰრეინში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები