უსულო გუნდი, უსახო მწვრთნელი, უვარგისი მთავრობა და ზარმაცი ხალხი
Aa Aa

უსულო გუნდი, უსახო მწვრთნელი, უვარგისი მთავრობა და ზარმაცი ხალხი

ამ მარცხის შემდეგ, ალბათ ბევრ თქვენგანს ჩემსავით დაძინება უჭირდა... გამთენიისას ჩამეძინა, დილას 07:15-ზე. როცა გავიღვიძე მეგობარი დამხვდა მოსული, მომინახულა კოვიდ-იზოლაციაში მყოფი.

მცირე საუბრისა და „რას შვები როგორ ხარ“-ის შემდეგ, ფეხბურთზე დავიწყე საუბარი. ისე ვიყავი დანა, რომ დაერტყათ არ ვიცი სისხლი წამომივიდოდა თუ არა. მითხრა არ ვიცოდი, თუ თამაში იყო, თორე ვუყურებდიო.

რომ გაიგო, რომელ საათზე დავწექი დასაძინებლად მკითხა - „ამდენ ხანს გაგრძელდა თამაში?“ - ამ კითხვის შემდეგ ერთ რამეზე დავფიქრდი და სხვათაშორის პირველად არა...

არის მომენტები, როცა იმ ადამიანების ძალიან მშურს, ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ და ერთი ჩვეულებრივი სპორტის რიგითი სახეობა ჰგონიათ. ალბათ 1981 წლის „დინამო“ გაუგონიათ და ისიც იციან, რომ იმის მერე სულ ვაგებთ და ვაგებთ. კიდევ წააგეს, ეგენი როდის იგებენო გაიფიქრებენ, ან იტყვიან და გზას გააგრძელებენ.

და ჩვენ გულებში რა ხდება ახლა? იმედგაცრუება, ბრაზი, ბოღმა, შური გვჭამს.

დღეს კიდევ ერთი ასეთი დღეა, როცა იმ ხალხის მშურს, ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ და უბრალოდ როგორც სპორტის რიგით სახეობას ისე უყურებენ. დავიღალე ამდენი ტკივილით, ამდენი იმედგაცრუებით, მაგრამ აქამდე რაც მინახავს ის ზღვაში წვეთი ყოფილა იმის ფონზე, რაც მაკედონიასთან მატჩის შემდეგ განვიცადე.

ასეთი ცარიელი, უემოციო, ყველაფრის მიმართ ინტერესდაკარგული და ცივი აქამდე არასდროს ვყოფილვარ. და მაინც - ამ გრძნობას გულიდან ვერ ამოვიგლეჯ, გამორიცხულია.

იმედი ცალმხრივი სიყვარულივით ყოფილა - ის გაძლიერებს, მას არასდროს კარგავ, ბოლომდე იბრძვი, მაგრამ ბოლოს უპასუხოდ რჩები. როცა გიყვარს, ანუ როცა იმედი გაქვს მაშინ ძალიან ძლიერი ხარ, თუმცა ამ ძალას შეუძლია დაგწვას და შინაგანად გამოგფიტოს, დაგანგრიოს...

მიუხედავად ყველაფრისა წამითაც არ ვნანობ, რომ ფეხბურთი ასე ძალიან მიყვარს. „რესტარტს“ გავაკეთებ, კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დიდს და იმედს არც ამჯერად დავკარგავ.

ნეტა კოვიდით მეორედ დავინფიცირებულიყავი, ოღონდ კვარაცხელიას არ შეხებოდა...

ეს სათქმელი აუცილებლად უნდა მეთქვა. ახლა კი უშუალოდ მატჩზე გადავალ და შევეცდები პირდაპირ, გარკვევით და მორიდების გარეშე ვწერო, როგორც ყოველთვის ვცდილობ ხოლმე...

ვაისი თავისი ნაკლოვანებების მონად დარჩა

ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რა ხდებოდა ამ მატჩამდე და როგორ მდგომარეობაში შეხვდა გუნდი 12 ნოემბერს.

ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის შემდეგ, ჩვენ მწვრთნელს დიდი სიფრთხილის და გონიერების გამოჩენა მართებდა, რაც საბოლოოდ მან ვერ შეძლო.

ვაისმა გუნდი ფსიქოლოგიურად ვერ განაწყო. მოედანზე ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო. მეორე ნახევარში გაშვებული გოლის შემდეგ, „დინამო არენზე“ თეთრ მაისურებში გამოწყობილი დაბნეული, შეშინებული და დამფრთხალი 11 მოთამაშე ვიხილეთ.

ძვლები უნდა დაეხრათ, კბილებით გაეტანათ ყველაფერი, მინდორზე ცეცხლი უნდა დაენთოთ, ეჩხუბათ, ყვითლები მიეღოთ, ემოცია დაენახებინათ. ეს რა იყო?

თამაში ერთამდე იყო? მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პირველს ვინც გაიტანდა ის მოიგებდა. გოლის გაშვების შემდეგ, პირველ ტაიმში ჩვენი დალაგებული და სწორად მოთამაშე ნაკრები სადღაც გაქრა. აშკარა იყო, რომ მწვრთნელს დროული ცვლილებები უნდა განეხორციელებინა, რომლებიც თამაშში გარდატეხას შეიტანდა.

გოლი 56-ე წუთზე გავუშვით და პირველი ცვლილება მე-80 წუთზე გავაკეთეთ. პროტოკოლით 5 ცვლილების უფლება გვქონდა.

არ ვიცი ვაისი რატომ ენდო ამდენ ხანს უთამაშებელ ყაზაიშვილს და უკვე თვეებია ცუდ ფორმაში მყოფ გვილიას. ან რატომ ვნახეთ მოედანზე დაკარგული, მივიწყებული და ფორმაში არმყოფი პაპუნაშვილი. ჯიღაურის შემოსვლა საერთოდ რა შუაში იყო?

აშკარა იყო, რომ გოლის გატანის შემდეგ მაკედონია პრესინგს გაზრდიდა, ხაზს უფრო ზემოთ ამოწევდნენ და ზონებს დაკეტავდნენ. საპირისპიროდ კი ჩვენ დაცვაში სივრცეები გაიხსნებოდა, რომლებსაც ისინი კოტრშეტევაზე გამოიყენებდნენ.

რისი შეცვლა შეგვეძლო გოლის გაშვების შემდეგ? თადარიგში 2 სწრაფი გარემარბი გვყავდა - ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე. ფიზიკურად კარგ კონდიციებში მყოფი, კარგი დრიბლინგის მქონე მოთამაშეები, რომლებსაც 25-30 წუთი აუცილებლად უნდა მისცემოდათ.

ფლანგებიდან თამაში გამწვავდებოდა, ოქრიაშვილი ცენტრში კაჭარავას უკან შემოიწევდა. რა მოხდებოდა ამით? კვეკვესკირს ბურთი ამოჰქონდა, წინ კი მაღალ გადაცემებს კაჭარავა და ოქრიაშვილი ხშირ შემთხვევაში კარგად აჩერებდნენ, მათ კი ფლანგებიდან 2 დასვენებული და სწრაფი გარემარბი დაემატებოდათ.

ასევე აუცილებელი იყო მოედანზე გიორგი ნავალოვსკის გამოჩენაც. დიახ, ასაკშია და ძველებურად ფეხმარდი ვეღარ არის, მაგრამ 0:1-ის შემდეგ მოედანზე ლაშა დვალის ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. დაცვის ფლანგებზე კაკაბაძესთან ერთად ნავალოვსკიც გვჭირდებოდა.

ტემპი უნდა გაგვეზარდა და მეტოქის კარზე იერიში ყველა მხრიდან უნდა მიგვეტანა. მათ მაღალ პრესინგს ჩვენი სწრაფი შემტევები უფრო ადვილად დაუსხლტებოდნენ და სავარაუდოდ ასეთი მკვდარი ბოლო 20 წუთის ნახვა არ მოგვიწევდა.

აი ასეთი უნდა ყოფილიყო ჩვენი შემადგენლობა გოლის გაშვების შემდეგ.

დაწინაურების შემდეგ მეტოქე ოდნავადაც ვერ ვანერვიულეთ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვაისი ამ შეხვედრაშიც კი თავისი ხუშტურების და ნაკლოვანებების ტყვე გახდებოდა.

დიახ, შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგრამ მწვრთნელს თავისი გასაკეთებელი უნდა გაეკეთებინა. შეცვლები სწორად გამოეყენებინა და თავისი რესურსი ბოლომდე ამოეწურა.

დარწმუნებული ვარ მაკედონიელები პენალტების სერიისთვისაც მომზადებულები იყვნენ. ჩვენები კი მეორე ტაიმის დასაწყისში გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშოდაც არ აღმოჩნდნენ მზად. ამ დონის მატჩში ასეთი სუსტი მომზადება ჩემთვის სრული შოკი იყო. ამ ყველაფერს ახლაც ვერ ვაანალიზებ. ამისთვის ვიწვალეთ 2 წელი? ამას ველოდით? ამის იმედი გვქონდა? გაშვებული გოლის შემდეგ კარშიც ვერ დავარტყით წესიერად. შტურმის მოწყობაზე საუბარიც ზედმეტია.

1 კაცზე დამოკიდებული გუნდი, რომელსაც იღბალი საერთოდ არ სწყალობს

ვაისმა შექმნა გუნდი, რომელიც 1 ლიდერზე არის დამოკიდებული. ასეთი ლიდერი საბედნიეროდ 2 გვყავს, მაგრამ მაკედონიასთან მატჩისთვის საფეხბურთო ფორტუნამ ორივე მათგანი წაგვართვა.

კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს, რომ ეთამაშათ 99%-ით მჯერა, რომ ამ შეხვედრას დიდი უპირატესობით მოვიგებდით, მაგრამ რას ვიზამთ ასე მოხდა, მაკედონიელებს დაშავებული ელმასი დაუბრუნდათ და ძალიან მაგრადაც ითამაშა, ჩვენ კი „ჩაკვე“ ამ მატჩამდე 2-ჯერ დაგვემტვრა, „კვარას“ კი არაფერი სჭირდა, მაგრამ ბედმა გაგვწირა და კორონავირუსი გადაედო. შენგელიაც ამ მიზეზით დაგვაკლდა.

არ ვიცი, ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, ზებუნებრივი რაღაცების მჯერა, მაგრამ ეს რაც ჩვენ ნაკრებს ემართება, ამის ახსნა მიჭირს.

რატომ ამხელა უიღბლობა? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე... დავიღალეთ, გამოვიფიტეთ, ნერვიულობამ ლამისაა დაგვაბერა. ნამდვილად არ დაგვიმსახურებია ასეთი რეალობა.

ამ დონის მატჩის ჩატარების შანსი მოგვეცა, მიზნამდე მივედით და უცებ ყველანაირი კოზირი ხელიდან გამოგვეცალა.

მაკედონიელები პანდევისა და ელმასის გარეშე, რომ დარჩენილიყვნენ ხომ წარმოგიდგენიათ რა უსუსურ გუნდად იქცეოდნენ... ანალოგიური დანაკლისი გვქონდა ჩვენც ამ მატჩისთვის.

დიახ, ვაისმა თავისი საქმე ორიანზე შეასრულა და ბიჭებმაც აშკარაა, რომ თავიანთ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ამ უიღბლობის ფაქტორზე აუცილებლად უნდა მესაუბრა.

ყველამ წავაგეთ, ყველამ დავაკელით - უვარგისი მთავრობა და ზარმაცი ხალხი

ნახევარფინალისა და ფინალისთვის უეფამ საჩუქარი გაგვიკეთა და მატჩებზე დასწრების უფლება მაყურებელთა 30%-ს მისცა. „დინამო არენაზე“ კი ეს დაახლოებით 16 ათას ადამიანს ნიშნავს.

საბოლოოდ ყველაფერი ისე დაგვიტრიალდა, რომ გუნდს არც ჩაკვეტაძე ჰყავდა, არც კვარაცხელია და არც გულშემატკივარი. მაკედონიელთათვის კი პირიქით, ყველაფერი იმაზე იდეალურად წარიმართა, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ.

ჩვენ მთავრობას მინდა მივმართო, განსაკუთრებით კი კახა კალაძეს, რადგან ის ფეხბურთელი იყო და ყველაზე უკეთ ესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის ქომაგების მხარდაჭერას.

ჩემი აზრით, მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ ამ მატჩის მნიშვნელობა შესაბამისად ვერ გაიაზრა.

რა დაშავდებოდა, რომ ეს 16 ათასი ადამიანი ტრიბუნებზე შეგეშვათ? 3-4 სკამის გამოტოვებით, პირბადეებით, ღია ცის ქვეშ დამჯდარი ადამიანები რა იმხელა ხიფათს შექმნიდნენ, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება მომხდარიყო.

ქუჩაში ათასობით ქომაგს შეკრება არავინ დაუშალა, მოსახდენი მაინც მოხდა. პოლიტიკურ აქციებზე კი უფრო მეტი ადამიანი იკრიბება, არც წესრიგს იცავენ, არანაირ ზომებს, მაგრამ მათ არავინ უშლის.

რანაირი მიდგომა არის ეს?! თუ, ევროპის სხვა ქვეყნებმა ამ 30%-ის ტრიბუნებზე შეშვება მოახერხეს, ჩვენ რატომ ვერ შევძელით? ერთი ადგილი არ გეყოთ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება მოგეხერხებინათ! უუნაროები და უსუსურები ხართ! ფეხებზე მკიდია საერთოდ შევა თუ არა ვინმე პარლამენტში! ჭირსაც წაუღიხართ ყველანი, ერთი ნაგვისგან შემდგარი ხროვა ხართ ყველა პარტია, რომლებსაც ქვეყანა საერთოდ არ გიყვართ და ფეხბურთიც ფეხებზე გკიდიათ.

გამოდიხართ წინასამატჩოდ დავარცხნილი ტექსტებით და ბრტყელი ფრაზებით „ამხნევებთ“ გუნდს. ხალხი შეგეშვათ სტადიონზე, ეგ იქნება თქვენი მხრიდან ყველაზე კარგი მხარდაჭერა!!!

ხალხს ამხელა სიხარულის შანსი მოუსპეთ, თაობები გაწირეთ. ყველაზე მეტად ის პატარა ბავშვები მეცოდებიან, რომლებმაც ფეხბურთის ყურება და თამაში ახლახანს დაიწყეს, იმედი ჰქონდათ, რომ დიდ წარმატებას ნახავდნენ და შემდეგ მასზე გაიზრდებოდნენ, მაგრამ ბავშობიდანვე იმედგაცრუება ხვდათ წილად.

იმას არ ვამბობ, რომ ეს წაგება მთლიანად მთავრობის იმ ნაწილის ბრალია, ვინც ხალხის სტადიონზე შესვლა გამორიცხა და დაბლოკა, უბრალოდ ვამბობ - ყველას თავისი გასაკეთებელი უნდა გაეკეთებინა, ყველას ჩვენი საქმე გვქონდა და ეს მატჩი ყველას ერთად უნდა მოგვეგო. საბოლოოდ კი დავმარცხდით ცალ-ცალკე, დაქსაქსულები, უიმედოდ, უშანსოდ და ახლა ჩვენ თავებზე ვბრაზობთ, ერთმანეთზეც ვბრაზობთ.

ის აქციაც, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან გაიმართა დაგვიანებული და აზრსმოკლებული იყო. დიდი აქციის გამართვა საჭირო იყო მატჩამდე. ბილეთების გაყიდვა უნდა მოგვეთხოვა, მივწოლოდით ფეხბურთის ფედერაციასაც და მთავრობასაც. დაინახავდნენ, რომ ხალხის დიდი მასა ამას ითხოვს და ისინი მასობრივ შეკრებებს არ შეწყვეტდნენ. ასეთ დროს კი საკმაოდ დიდი შანსი იყო მათ უკან დაეხიათ და ბილეთები გაყიდულიყო.

რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო? არაფერი! ვისხედით სახლებში, სოციალურ ქსელებში აზრებს ვცვლიდით, კვარაცხელიას იმედი გვქონდა, რომ მისი ნიჭი და სუპერშესაძლებლობები ამ თამაშს მოგვაგებინებდა, საბოლოოდ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ...

სხვის იმედზე არასდროს უნდა იყო. შენი წილი საქმე და პასუხისმგებლობა უნდა შეასრულო და შედეგს მხოლოდ ამის შემდეგ დაელოდო.

იმედი არ დაკარგულა - ამ ნიჭიერ თაობას დროულად შველა სჭირდება

დიახ, პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს. შესაბამისი ფიზმომზადებითა და შესაბამისი მენტალიტეტით უნდა გაიზარდონ თაობები. მწვრთნელებიც უნდა გადამზადდნენ და მათი კვალიფიკაციაც ამაღლდეს, რომ შემდეგ ერთობლივად, ამ სწორმა ნაბიჯებმა და ამაღლებულმა დონემ ლოგიკური შედეგი მოგვცეს.

მთავრობის მიერ გამოყოფილი მილიონები ახლა უბრალოდ კლუბების არსებობისთვის იხარჯება. ეს კი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ რაიმე წინსვლა გვქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ ჩაიყაროს საძირკველი და დაიწყოს მუშაობა ბავშვებზე, მომავალ თაობებზე, რომლებიც სწორად აღიზრდებიან და დროს ფეხს აუწყობენ.

და რა ვუყოთ ახლა ჩვენ ნაკრებს? რა ვუყოთ ამ ბიჭებს, „ჩაკვეს“, „კვარას“ და კიდევ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრებში და კიდევ ბევრგან გვყავს? ასეთი ნიჭიერი თაობა კიდევ როდის გვეყოლება ნამდვილად არ ვიცი. მათი ასე მიგდება არ იქნება სწორი.

ჩემი აზრით, თუ რაიმეში ფედერაციამ ფული უნდა დახარჯოს, ეს მაღალი დონის მწვრთნელის მოყვანაა, ოღონდ რეალურად გამოსადეგი და მაღალი კლასის. არ გვჭირდება კიდევ ერთი ტოპმიოლერი, კუპერი, ან ვაისი.

არც ის მგონია, რომ საქართველოში შესაფერისი მწვრთნელის მოძებნას შევძლებთ.

გვჭირდება სპეციალისტი, რომელიც პირველ რიგში ძლიერი ფსიქოლოგი იქნება და ბიჭებს სწორად თამაშს დააწყებინებს, რკინის მენტალიტეტს ჩამოუყალიბებს.

ბევრმა ქვეყანამ მიიწვია უცხოელი მწვრთნელი და შედეგიც დადეს. ყველაფერზე დაჯდომა, დაფიქრება და სწორი გათვლაა საჭირო. წყალში გადასაყრელი ფული და დრო ნამდვილად არ გვაქვს.

ახალი მწვრთნელის მოძებნასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ როგორმე საფრანგეთიდან ჟორჟ მიქაუტაძის ჩამოყვანა უნდა მოახერხოს, რომ ეს უნიჭიერესი ფორვარდი არ დავკარგოთ.

ჩვენი ნაკრებიდან ახლა ბევრი წავა, ბევრიც მოვა. ახალ შევსებას მივიღებთ. ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს და იმედის დაკარგვის დრო არ არის. ნამდვილად შეგვიძლია და შეგვწევს ძალა ვიყოთ უკეთესები.

გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მშობლებმა ასე გამზარდეს. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ყველას თავისი შეხედულებები და ხედვები აქვს, თუმცა მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი იმედს არ დაკარგავს!

გიყვარდეთ სპორტი, გიყვარდეთ ფეხბურთი, პატივი ეცით ერთმანეთს და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ცალ-ცალკე კი ყოველთვის წავაგებთ.

ეს იყო ამ დონის პირველი მტკივნეული მარცხი, რომლის გემოც გავიგეთ და ის ძალიან მწარეა, ძალიან მძიმეა, მაგრამ ახლა ჩვენ საჭირო გამოცდილება გვაქვს, ვიცით როგორია უდიდესი იმედგაცრუება და ეს გამოცდილება ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ, რომ მომავალში იგივე აღარ განმეორდეს.

ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობებში და თქვენ პირად ცხოვრებაში. იმედი სიყვარულია, სიყვარული კი დიდი ძალაა.

აბა დროებით...

ფოტომასალა - GFF

გაზიარება: