უვატენაგე - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება კიუშუ ბაშოზე
Aa
Aa

უვატენაგე - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება კიუშუ ბაშოზე

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, ლევან გორგაძემ მეტოქე ჰაერში რამდენჯერმე ასწია, შემდეგ მეტოქეს კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა და საბოლოოდ იაპონელს უვატენაგეთი სძლია.

ტოჩინოშინმა მიმდინარე სუპერტურნირზე 6 მატჩიდან 3 მოიგო და სამ შეხვედრაში დამარცხდა. ის კვლავ ვერ ახერხებს სტაბილურად გამარჯვებების მოპოვებას, თუმცა მიმდინარე ბაშოზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ მისი მოგებებისა და წაგებების რაოდენობა თანაბარია.

რაც შეეხება ტურნირის მე-7 დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ენდო იქნება. მათი 13 შეხვედრიდან ქართველმა სეკიტორმა 7 მოიგო და ექვს ორთაბრძოლაში დამარცხდა.

ნოემბრის ბაშოს დაწყებამდე იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე იასპარეზებდნენ. ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც სექტემბრის სუპერტურნირი მე-4 მაეგაშირას წოდებით დაასრულა და მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა, ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები