რევანშისთვის! - ახალგაზრდული ნაკრები ციკლს სლოვაკეთთან მატჩით დაასრულებს
Aa
Aa

რევანშისთვის! - ახალგაზრდული ნაკრები ციკლს სლოვაკეთთან მატჩით დაასრულებს

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები, "ევრო 2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის, ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადა.

12 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის, ახალგაზრდულ ნაკრებს - დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე ვერ დაეხმარებიან. 21-წლამდელთა საწვრთნელ პროცესს - ვაჟა ფაცაცია, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ მალი და ზურაბ მუსელიანი შეუერთდნენ.

"ევრო 2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენ გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

იმის გათვალისწინებით, რომ თანაბარ ქულებზე გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრებია, მე-3 ადგილის დასაკავებლად, დიდი ალბათობით, მოგება გვჭირდება, რადგან სლოვაკეთში წაგებული გვაქვს და თუ დღეს მაგალითად ფრედ ვითამაშეთ, სლოვაკები ბოლო ტურში ლიხტენშტაინის უსუსტეს ნაკრებთან გამარჯვებით მესამე ადგილს წაგვართმევს.

ალბათ, ბევრ გულშემატკივარს ახსოვს, როგორი დაძაბული და პროვოკაციებით აღსავსე იყო სლოვაკეთში გამართული შეხვედრა. იმედია, დღეს ჩვენი ბიჭები ღირსეულ რევანშს ფეხბურთის თამაშით აიღებენ.

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, 14:00 საათზე შედგება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები