ედუარდო კამავინგას საოცარი ისტორია - ვარსკვლავი ბავშვის ღიმილით
Aa
Aa

ედუარდო კამავინგას საოცარი ისტორია - ვარსკვლავი ბავშვის ღიმილით

დღეს, „რენის“ ფეხბურთელს, ედუარდო კამავინგას 18 წელი შეუსრულდა. ამ ბიჭს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და შემთხვევითობა ნამდვილადა არაა, მასზე ევროპული ფეხბურთის ისეთი გრანდები რომ ნადირობენ, როგორებიც „რეალი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერი“ არიან.

კამავინგა ამჟამად, ალბათ, ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა დღეს მის სამომავლო გეგმებზე საუბარს არ ვაპირებ და მინდა, ის საოცარი გზა გაგიზიაროთ, რომელიც ამ ბიჭმა წარმატების მისაღწევად გაიარა.

„კამავინგა მოედანზე ყოფნისას ყველაფერს მარტივად აკეთებს და დაღვინებული მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას ბურთი ხშირად აქვს, მაგრამ მას იშვიათად კარგავს და ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, რაც მისი ასაკისთვის შესანიშნავია“. ეს სიტყვები „რენის“ ნახევარმცველის ერთ-ერთი პირველ თავკაცს, ნიკოლა მარტინაისს ეკუთვნის. ადამიანს, რომელმაც კამავინგას პროგრესი საკუთარი თვალით იხილა.

კამავინგა 2002 წელს, ანგოლაში მდებარე ლტოვილთა ბანაკში დაიბადა. მისი მშობლები კონგოელები არიან და კინშასადან გაქცევა მოუწიათ. როცა ედუარდო 2 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და ჯერ ლილს, ხოლო შემდეგ ფუჟერს შეაფარა თავი. ბავშვობაში კამავინგა ძიუდოზე დადიოდა და ძალიან სურდა, ამ სპორტში წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა სახლში ყველაფერს ამტვრევდა და დედამისმა აიძულა ფეხბურთი აერჩია.

კამავინგას საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბში, „დრაპო ფუჟერში“ დაიწყო და მარტინაისს მისი პირველი ნაბიჯები ძალიან კარგად ახსოვს: „ვარჯიშებზე ბავშვებს ვუხსნიდით რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ კამავინგას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ახსნა დამთავრებული არ გვქონდა, რომ მან ზუსტად იცოდა რა ევალებოდა. სხვებთან მიმართებით კი ზოგჯერ დეტალების რამდენჯერმე გამეორება გვიწევდა. ედუარდო ყველაფერს მარტივად ასრულებდა და იძულებულნი გავხდით, მისთვის სპეციალური დავალებები შეგვემუშავებინა, რადგან კამავინგასთვის ყველაფერი იოლი იყო“.

2013 წლისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „რენი“ იჩენდა, თუმცა უეცრად მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. კამავინგას სახლში ხანძარი გაჩნდა და მისი და მისი ოჯახის წევრების პასპორტები და სხვადასხვა დოკუმენტები დაიწვა. ამის გამო ედუარდოს „რენში“ ტრანსფერი შეფერხდა. მან საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაც ვერ მოახერხა და მისი კარიერა საფრთხის ქვეშ დადგა.

მარტინაისმა მათი დახმარება საკუთარ თავზე აიღო. მან საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და კეთილი ადამიანების წყალობით ედუარდოსა და მისი ოჯახისთვის ავეჯი შეაგროვა. მარტინაისს კარგად ახსოვს დღე, როცა ავეჯის გადასაცემად კამავინგას სახლისკენ მიემართებოდა და უეცრად მისმა ტელეფონმა დარეკა. ნიკოლას „რენის“ 19-წლამდე გუნდის მწვრთნელმა დაურეკა და ჰკითხა შეძლებდა თუ არა კამავინგა სეზონის ბოლოს გასამართ ტურნირში მონაწილეობის მიღებას, რათა კლუბში მისი პოტენციალი შეეფასებინათ.

„მახსოვს, მამამისი ედუარდოს ჩაეხუტა და უთხრა: „ჩვენ საშინელება გამოვიარეთ, მაგრამ ეს ისაა, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“. როცა კამავინგამ რენთან კონტრაქტი გააფორმა, მამამისს ამ სიტყვებით მიმართა: „გახსოვს, რა მითხარი, როცა ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა?! აი, ახლა აქ ვართ“, - იხსენებს მარტინაისი.

2015 წლის თებერვალში „რენის“ აკადემია ლენდრი ჩაუვინმა ჩაიბარა და მას კარგად ახსოვს ახალგაზრდა კამავინგამ მასზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა: „აკადემიის დირექტორი 5 წლის განმავლობაში ვიყავი და ამ ბიჭთან პრობლემები არცერთხელ მქონია. მე გამონაკლისი არ ვყოფილვარ. ედუარდოს კონფლიქტი არავისთან მოსვლია. ის მწვრთნელებსა და აკადემიის ხელმძღვანელებს უდიდეს პატივს სცემდა.

ედუარდოს ყოველთვის უნდოდა, რომ ცოდნა მიეღო და წინსვლა არ შეეწყვიტა. ის საკუთარი თამაშის ამსახველ ვიდეოს ხშირად უყურებდა და ცდილობდა, საკუთარი შეცდომები დაენახა. კამავინგა ნამდვილი პროფესიონალი და ვარსკვლავია, რომელსაც ბავშვის ღიმილი აქვს“.

2019 წელს, კამავინგამ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და „მამლების“ რიგებში 3 მატჩის ჩატარებაც მოასწრო. უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მან ლამაზი გოლი გაიტანა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამ ბიჭს უდიდესი მომავალი აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები