Aa
Aa

"გამორიცხული არაფერია" - ლეონარდო კრიშტიანუს ტრანსფერზე

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსს" ფინანსური პრობლემები აქვს და ისინი კრიშტიანუ რონალდუსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ. ამის შემდეგ გაჩნდა უამრავი ჭორი იმის შესახებ, თუ სად წავა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

ამასთან დაკავშირებით "პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პსჟ-ს ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

"ვის შეუძლია რონალდუს ყიდვა? ეს დახურული სივრცეა! გააჩნია ბიუჯეტს და სიტუაციას. სატრანსფერო ფანჯარამდე უნდა მოვემზადოთ. ჩვენ გვაქვს იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც შესაძლოა პსჟ-ში ვიხილოთ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს.

ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ მთელ სეზონს გულშემატკივრების გარეშე ჩავატარებდით. ჩვენ ფინანსურ მდგომარეობაზე რთულია საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ გასულ სეზონში მოგების 15-20 პროცენტი დავკარგეთ. წელს კი ეს თანხა უფრო გაიზრდება.

გულწრფელად გეტყვით, რომ პსჟ-ს პრობლემების დასაძლევად უდიდესი შესაძლებლობა და რესურსი აქვს. ალბათ სხვა კლუბებს უფრო გაუჭირდებათ. პარიზში უდიდესი ამბიციები გვაქვს და გამორიცხული აბსოლუტურად არაფერია." - განაცხადა ლეონარდომ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. პორტუგალიელი წლიურად ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს იღებს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი "ბებერ ქალბატონს" საკმაოდ გაუჭირდა. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა რონალდუმ კლუბი მომავალ ზაფხულს დატოვოს, რათა ტურინულმა გრანდმა მისგან სარგებელი მიიღოს და სარფიანად გაყიდოს.

კრიშტიანუ იუვეს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 94 შეხვედრა ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები