ოცნება, რომელსაც ხორცი შევასხით და ახლა შეგვიძლია ხელითაც შევეხოთ
Aa Aa

ოცნება, რომელსაც ხორცი შევასხით და ახლა შეგვიძლია ხელითაც შევეხოთ

ეს დღე გონებაში ბევრჯერ წარმოვიდგინე. უამრავი შესაძლო სცენარი დამიდგა თვალწინ. უბრალოდ ფეხბურთზე ფიქრის დროს, თუ დაძინებისას სიზმრებში, რომლებიც თითქმის სულ ჩვენთვის სასიკეთო სცენარით სრულდებოდა... ახლა ეს დღე უკვე ძალიან ახლოს არის, ძალიან რეალურია და ძალიან ვნერვიულობ...

ყველაზე მეტად გული 2 რამეზე მწყდება: პირველი - გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა. „ჩაკვემ“ დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, ყველაფერი გააკეთა, რომ ოცნებიდან რეალობაში გადავსულიყავით და ახლა, ამ შეხვედრაში მისი არყოფნა ერთი დიდი უსამართლობაა. ვერაფერს ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია, სიხარულს თან ტკივილიც ახლავს. მეორე - უმაყურებლოდ დარჩენილი საქართველოს ნაკრები.

ამ მატჩზე ფიქრისას ათასნაირად წარმოვიდგენდი ხოლმე რას ვიზამდი, ან რა მოხდებოდა გოლის დროს, რა მოხდებოდა გამარჯვების შემდეგ მსაჯის სასტვენისას... ახლა ბიჭები მარტონი დარჩნენ...

ხორვატიასთან კობიაშვილის გოლის შემდგომი ემოცია ყველას კარგად გვახსოვს და ასეთის, ათჯერ უფრო მძაფრისა და ძლიერის განცდა ყველას გვინდოდა. ალბათ, ბევრს შეხვედრის შემდეგ მინდორზე შესვლასა და იქ ზეიმზეც გიფიქრიათ. ახლა კი ამ ყველაფრის გარეშე, ცალკე სახლებიდან...

ამ გამარჯვებას პირველ რიგში ქართველი ხალხი იმსახურებს. ძველი დიდი „დინამო“ აღარ გვყავს. ნაკრები იმედის ერთადერთი ნაპერწკალია, ხავსის ერთადერთი ნაგლეჯია, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრები წლებია ჩაჭიდებულნი არიან და ბევრი წყენისა და იმედგაცრუების მიუხედავად ხელს მაინც არ უშვებენ.

წაგებებისა და ჩაგდებული შესარჩევების შემდეგ, ქომაგი ყოველთვის უბრუნდებოდა და გვერდში ედგა ნაკრებს. მათ ყველაზე მეტი იმედგაცრუება და ტკივილი აპატიეს. და როდის ხდება ამხელა მიტევება? როცა სიყვარული უზომოდ დიდია, იქ მიმტევებლობაც მეტი გაქვს. ბოდიში სპორტის სხვა სახეობებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ჯერ ფეხბურთია და მერე სხვა. ყოველთვის ასე იყო.

ამდენი წაგების და უიმედო სიტუაციის შემდეგ, ქართველი ქომაგი თითქოს „რესტარტს“ აკეთებს ხოლმე - არაფერი ავიწყდებათ, მაგრამ მტკივნეულ მოგონებებს ყოველთვის მომავლის იმედი სჯობნის და სწორედ ამიტომ ივსება ხოლმე „დინამო არენა“.

ჩვენ, ქართველები პესიმისტები არ ვართ, პირიქით ოპტიმისტები ვართ და ფეხბურთისადმი სიყვარული ამ ყველაფერს იდეალურად ასახავს.

ამ გამარჯვებას და ამ სიხარულს პირველ რიგში თუ ვინმე იმსსხურებს, ეს ქართველი ხალხია!

ფეხბურთის თამაშით ჯერ გაგვიჭირდება, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულში მოვიდეს ნებისმიერი ერი და ნებისმიერ მათგანს თანასწორ „ორთაბრძოლას“ გავუმართავთ!

თითქმის ცნობილი ძირითადი თერთმეტეული და „კვარა“...

12 ნოემბერს გასამართი მატჩის შესახებ ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. ყველას აინტერესებს როგორი იქნება ჩვენი ნაკრების შემადგენლობა.

ბოლო მატჩებიდან გამომდინარე ვლადიმირ ვაისმა გვანახა, რომ მისი საბოლოო არჩევანის პროგნოზირება არც ისე მარტივი საქმეა. ამჯერადაც, რთული სათქმელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სლოვაკი სპეციალისტი და რომელ თერთმეტეულს აირჩევს.

ვითამაშებთ გამოკვეთილი ცენტრფორვარდით, თუ კვლავ ოქრიაშვილი და ცრუ ცხრიანი გვეყოლება? ამას უშუალოდ მატჩის წინ გავიგებთ.

სქემა სავარაუდოდ 4-2-3-1 იქნება და პირადად ჩემი აზრით, ძირითადში შემდეგი 9 მოთამაშის მოხვედრა პროგნოზირებადია - ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი...

დარჩენილი 2 მოთამაშის გამოცნობა ძალიან რთულია. ვაისს რამდენიმე ვარიანტი აქვს და ამას შეხვედრის დაწყებამდე ვერ გავიგებთ.

რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიცია ყველაზე მეტად აინტერესებს. ბოლო მატჩიდან და გოლიდან გამომდინარე ლოგიკურად ვაისმა „კვარა“ თავის პოზიციაზე, ანუ მარცხენა გარემარბად უნდა გაამწესოს.

თუ, რატომ მარცხნივ და არა მარჯვნივ, ამაზე ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს და შევეცდები ის არგუმენტებით გავამყარო: საქართველოს ნაკრების დაცვის ფლანგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მარჯვენა ფრთაზე არის ოთარ კაკაბაძე, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგად მოქმედებს. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეგიძლია მთელი ფლანგი ჩააბარო.

და რა ხდება მარცხნივ? ლაშა დვალი, რომელიც დაცვაში კარგია, მაგრამ წინ თამაში უჭირს.

მარჯვენა ფლანგზე მყოფ ძალიან აქტიურ კაკაბაძეს აღარ სჭირდება ხვიჩას მსგავსი დომინანტი გარემარბი. მარცხნივ კი პირიქით, შეტევაში ინერტულ დვალს სწორედ კვარაცხელია სჭირდება, რომელიც ფლანგზე არსებულ სუსტ შემტევ პოტენციალს ერთიორად გაზრდის და ვაისის გუნდის ორივე ფლანგს დააბალანსებს.

ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი მეთანხმება.

ტრაბახა მწვრთნელი და ობიექტური პანდევი

მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი, რომ მიკერძოებული და რეალობასმოწყვეტილი კაცია, ეს ჩვენთან გამართული გასული შეხვედრების შემდეგ გავიგეთ, როცა მან მატჩების შემდგომ კომენტარებში საკუთარი ნაკრების თამაში მეტად პოზიტიურად შეაფასა და შედეგებს ლოგიკურიც უწოდა. მსაჯზე კი სიტყვაც არ დასცდენია.

ანგელოვსკი ფინალის წინაც საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებს: "საქართველოს ნაკრები კარგად გვყავს შესწავლილი და ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი გამოცდილი მწვრთნელია. ვიცით მათი ძლიერი მხარეები, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაქვს, რომელიც გასულ 2 მატჩში საქართველოს არ ვუჩვენეთ და ფინალისთვის შემოვინახეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავალთ".

ძლიერი მხარეები, რომლებიც აქვთ და დაგვიმალეს? საინტერესოა. აშკარაა, რომ ანგელოვსკი წინასამატჩო „ბლეფზე“ მიდის. მეტოქის ბანაკში არეულობის შეტანა სურს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ხელში იმაზე ძლიერი კარტი უჭირავს, ვიდრე რეალურად აქვს.

მწვრთნელისგან განსხვავებით ობიექტურობას ინარჩუნებს გორან პანდევი, რომელიც ჩვენ ნაკრებს და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას დიდი სიფრთხილით ეკიდება:

"კვარაცხელია ყაზანის რუბინში გამოდის და ტექნიკური და შესანიშნავი მოთამაშეა. ჩვენ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან უკვე ვნახეთ, რომ ჩვენს დაცვაში პრობლემების წარმოქმნა შეუძლია.

ძალიან ვწუხვართ შეხვედრა მაყურებლების გარეშე რომ ჩაივლის, თუმცა ჩვენთვის, როგორც სტუმარი გუნდისთვის ეს ძალიან კარგია.

ეს ფინალია და აქ ფავორიტები არ არსებობენ. გამარჯვებულის ბედს მცირე დეტალები განსაზღვრავს და ჩვენ მათი ყველა შეცდომა უნდა გამოვიყენოთ“.

რა შედეგს გამოიღებს მაკედონიელთა მწვრთნელის ზედმეტი სითამამე, ან პანდევის ხვიჩასადმი შიში, ამას უშუალოდ მატჩი დაგვანახებს.

ვაისი - კაცი სოლიდური სივით

ჩვენი სლოვაკი სპეციალისტი ბევრი კრიტიკის მსხვერპლი გამხდარა. ბევრი დაიმსაუხრა, ბევრიც არ დაუმსახურებია. ერთი რამ ფაქტია - ვაისი თავისი გამოცდილებით საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელია და ჩვენ 12-ში მისი იმედი უნდა გვქონდეს.

ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებში მისი დანიშვნა ბევრმა ფაქტორმა გადააწყვეტინა. წარმოგიდგენთ ჩვენი მწვრთნელის კარიერულ მიღწევებს, რომლებიც მართლაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება:

2005-2006 წლების სეზონში ვაისმა სლოვაკური „არტმედია“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. პლეი-ოფში მათ „ქაირატს“, „სელტიკსა“ და „პარტიზანს“ მოუგეს. აღსანიშნავია, რომ გლაზგოელებს პირველ მატჩში 5:0 სძლიეს.

„არტმედიას“ მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე „ინტერი“, „პორტო“ და „რეინჯერსი“ იყვნენ. სლოვაკურმა კლუბმა 2 შეხვედრა მხოლოდ „ინტერთან“ დათმო. „პორტოს“ სტუმრად მოუგო და 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა, რის შემდეგაც უეფას თასზე (ევროპა ლიგა) გადაინაცვლა.

2011-2012 წლების სეზონში ვაისმა ბრატისლავის „სლოვანი“ ევროპა ლიგის ჯგუფში შეიყვანა. სლოვაკურმა გუნდმა პლეი-ოფში „რომა“ გამოაგდო.

ვაისმა სლოვაკეთის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა და მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ნიდერლანდებთან დამარცხდნენ. ჯგუფში კი თვით იტალიის ნაკრები ჩატოვეს, რომელსაც საოცარ შეხვედრაში 3:2 სძლიეს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ვაისმა „არტმედია“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიყვანა, ბრატისლავის „სლოვანიც“ ევროპა ლიგაზე პირველად გაიყვანა და სლოვაკეთის ნაკრებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებსაც პირველად გაიყვანს და თავის ნამდვილად საამაყო სამწვრთნელო ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებს.

რას ველი მატჩისგან?

უკეთესი გუნდი ვართ. საკუთარ კედლებში ვითმაშებთ. ჩვენი პლუსები უნდა გამოვიყენოთ. მაღალი პრესინგი და მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვა ვფიქრობ იმუშავებს. ვაისს ამ იარაღის გამოყენება კარგად შეუძლია.

რაც მთავარია საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ და მეტოქეს ის მცირე შანსიც არ უნდა დავუტოვოთ, რაც გასულ ორ შეხვედრაში ჰქონდათ.

ჩვენი გუნდის დაცვა ძალიან დალაგებული და შეთამაშებულია, რასაც მეტოქის უკანა ხაზზე ვერ ვიტყვი. მაკედონიელები ბურთის დაჭერას შეეცდებიან, თუმცა წინა მატჩებმა დაგვანახა, რომ მათი ბურთის გორება ძირითადად ხიფათის გარეშე სრულდება - პასი გვერდით, პასი უკან.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა კოსოვოს წინააღმდეგ საკმაოდ მაღალ ტემპში ითამაშა, მომენტებიც საკმარისად შექმნა და დაწინაურების შემდეგაც არ გაჩერებულან, მეტოქეს ბოლო წუთამდე უტევდნენ და მათთვის შანსის მიცემაზე არც უფიქრიათ.

ჩვენ წინააღმდეგ იგივე სტილში ვერ თამაშობენ, რადგან საქართველოს ნაკრებთან თამაში რთულია. სივრცეებს არ ვტოვებთ და ფიზიკურ ორთაბრძოლებსაც ხშირად ვიგებთ ხოლმე. ამასთან ერთად, ბურთის გაკონტროლება ჩვენც შეგვიძლია. ეს ყველაფერი იგორ ანგელოვსკის გუნდის პლუსებს ანეიტრალებს.

ჩვენი გუნდი თითქმის ყველა შეხვედრას კარგად იწყებს და მატჩის სადავეებს აკონტროლებს. ანგარიშსაც ვხსნით, თუმცა შემდეგ ამ უპირატესობას ვერ ვიმყარებთ და მეტოქეებს ბურთს ვუთმობთ, რაც 12 ნოემბრის შეხვედრაში არ უნდა მოხდეს. თამაშის "მოკვლა" უნდა ვისწავლოთ.

ჩვენ მწვრთნელს არსენალში ყველა საჭირო იარაღი აქვს იმისთვის, რომ ხუთშაბათს ეს ისტორიული დღე დღესასწაულად გვიქციოს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს.

გაზიარება: