''ვპროგრესირებ და ნაკრებში თამაშის ამბიცია მაქვს'' - ''კლდესავით მყარი ლუკა ლოჩოშვილი''
Aa
Aa

''ვპროგრესირებ და ნაკრებში თამაშის ამბიცია მაქვს'' - ''კლდესავით მყარი ლუკა ლოჩოშვილი''

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ზაგრების ''დინამომ'' 10-კაციანი ''ვოლფსბერგერი'' 1:0 დაამარცხა. სტუმართა შორის საუკეთესო ლუკა ლოჩოშვილი იყო. ავტორიტეტული ავსტრიული გამოცემის, Laola1-ის ვერსიით ავსტრიულ გუნდში უმაღლესი შეფასება მხოლოდ 22 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მიიღო, რომელმაც თანაგუნდელის გაძევების შემდეგ ძალიან ბევრი იმუშავა და საკმაოდ პროდუქტიული იყო. მას 1 დაუწერეს, რაც ავსტრიასა და გერმანიაში უმაღლესი შეფასებაა.

Laola1: ''ლოჩოშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, მას ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი შრომა მოუხდა. მან ზაგრების ''დინამოს'' ფეხბურთელების წნეხს გაუძლო და 90 წუთის განმავლობაში კლდესავით მყარი იყო''.

მატჩის შემდეგ ლოჩოშვილი CrystalSport-ს ესაუბრა.

ლოჩოშვილის აზრით თანაგუნდელის გაძევებამ თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა: ''რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოვჩნდით და თამაშის სურათი მთლიანად შეიცვალა, უკან დავიწიეთ, მეტოქეს ვეღარ ვაპრესინგებდით. 10 კაცით თამაში ზაგრების ''დინამოს'' წინააღმდეგ ძალიან რთულია''.

ფეხბურთელის თქმით ავსტრიულ კლუბში გადასვლის შემდეგ პროგრესირებს, თუმცა როგორც აღნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისია.

''ვფიქრობ კარგ სათამაშო ფორმაში ვარ, შეხვედრიდან შეხვედრამდე ვპროგრესირებ და უკეთეს თამაშს ვაჩვენებ, თავდაჯერება მემატება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედია, პროგრესს გავაგრძელებ''.

მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელის, არიან ადემისა და ლუკა ლოჩოშვილის ორთაბრძოლა

კითხვაზე ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისი 29-კაციან ან გაფართოებულ სიაში შეიყვანდა, ავსტრიული გუნდის მცველის პასუხი ასეთია: ''ფეხბურთელს ნაკრებში მოხვედრის მოლოდინი და ამბიცია ყოველთვის გაქვს. ამბიციის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ მოთამაშეების მიწვევა მწვრთნელის გადასაწყვეტია, სხვას ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, კარგ ასპარეზობას გავაგრძელებ და ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა''.

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული გუნდის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გახდა. ავსტრიის ბუნდესლიგის 5 მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა და ავსტრიის თასზე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

CrystalSport-ის ცნობით ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე გუნდთან ერთად ვარჯიშს შემდეგ კვირაში დაიწყებს.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-სა და gettyimages-ის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები