''შეუპოვარი და საუკეთესო'' - კანკავას მორიგი აღიარება ყაზახეთში
Aa
Aa

''შეუპოვარი და საუკეთესო'' - კანკავას მორიგი აღიარება ყაზახეთში

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში კახა ცხადაძის ''ორდაბასი'' ''ტობოლთან'' 0:3 განადგურდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მაღალ დონეზე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ცნობილი ყაზახური გამოცემის, Sports.kz-ს ვერსიით 34 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ მოხვდა.

აღნიშნული გამოცემა აღნიშნავს: ''ტრადიციულად ქართველი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში საუკეთესო იყო. მისმა აქტიურმა თამაშმა და შეუპოვარმა მოქმედებებმა ''ტობოლის'' გამარჯვება განაპირობა''.

''ტობოლის'' პრესსამსახურმა InStat-ის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კანკავა თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

კანკავასგან განსხვავებით ყაზახურ კლუბში ნიკა კვეკვესკირი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. ამჯერად, 28 წლის კრეატიული საყრდენი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ''ორდაბასის'' წინააღმდეგ არ უთამაშია. ოთარ კიტეიშვილის ტრავმის ფონზე კვეკვესკირის კარგ ფორმაში ყოფნა მაკედონიასთან ისტორიული შეხვედრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სანაკრებო პაუზამდე ''ტობოლი'' კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. თუ მთავარი მწვრთნელი გრიგორივ ბაბაიანი კვეკვესკირს აღნიშნულ ორ მატჩში ათამაშებს, ნახევარმცველი ნაკრებს სათამაშო პრაქტიკით შეუერთდება.

ყაზახეთის ჩემპიონატში ''ტობოლი'' 26 ქულით მე-4 ადგილზეა, ქართველი ფეხბურთელების გუნდი ''ორდაბასისა'' და ''ასტანას'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო პირველ ადგილს ცხადაძის ექს-გუნდი ''ქაირათი'' 41 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები