ლეგენდის დასაწყისი - როი კინი ნოტინგემში
Aa Aa

ლეგენდის დასაწყისი - როი კინი ნოტინგემში

ლეგენდარულმა ბრაიან კლაფმა კარიერის უდიდესი ნაწილი „ნოტინგემ ფორესტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა და სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს. კლაფის კარიერის ბოლოსწინა სეზონში „ნოტინგემმა“ ღირსეული მერვე ადგილი დაიკავა, ლიგის თასის ფინალში გავიდა და ნაკლებად პრესტიჟული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ტურნირის, Zenith Data Systems-ის თასი მოიგო. მანამდე ასოციაციის თასის ფინალი იყო, მაგრამ 1992-93 წლების სეზონის სტარტზევე იგრძნობოდა, რომ გუნდი პრობლემებს ებრძოდა.

„ნოტინგემმა“ წამყვანი ფეხბურთელები, ტედი შერინგემი და დეს უოკერი გაყიდა. სტიუარტ პირსს ტრავმა აწუხებდა და მოგვიანებით აღიარა, რომ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობის გამო კონცენტრაციას ვერ ახერხებდა. ბრაიანის შვილს, ნაიჯელს კი მამამისის მომავალზე ფიქრი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. ნაიჯელი იმ ადამიანების კატეგორიაში შედიოდა, რომლებიც „ფორესტის“ თავკაცს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ.

გუნდში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გენიალური სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი „ნოტინგემის“ გავარდნის არავის სჯეროდა. მაშინ ეგონათ, რომ ასეთი დონის გუნდი დაქვეითებას აუცილებლად გადაურჩებოდა და ფეხბურთელები სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებდნენ, თუმცა ქომაგთა იმედები მხოლოდ ერთმა მოთამაშემ გაამართლა...

14 წლის როი კინმა, რომელიც ირლანდიის ქალაქ კორკის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა, ინგლისურ კლუბებს წერილები გაუგზავნა და სინჯებზე მიწვევა სთხოვა. კინს რამდენიმე კლუბმა უპასუხა და მათ შორის „ფორესტიც“ იყო. „ნოტინგემში“ თავდაპირველად კინის აყვანაზე უარი განაცხადეს, თუმცა უთხრეს, რომ თუ წარმატებით თამაშს განაგრძობდა, 18 წლის გახდომისთანავე გაიფორმებდნენ. შესაბამისად, 1990 წელს, როცა სკაუტმა, სახელად ნოელ მაკკეიბმა, „კობ რამბლერსში“ მოთამაშე კინი შეამჩნია, „ფორესტს“ დიდი ხანია არ უფიქრია და იგი 47000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

„ნოტინგემში“ ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, კინის დებიუტი „ლივერპულის“ წინააღმდეგ შედგა. მატჩის წინა ღამეს როიმ დალია და „ენფილდზე“ ნაბახუსევი გამოცხადდა. მას ვერც კლაფის დაჟინებულმა მოთხოვნამ უშველა, რომელიც ეუბნებოდა, რომ გზაში ჭიქა რძე დაელია. იდეაში კინის კონდიციებს აზრი არ უნდა ჰქონოდა, რადგან იგი „ენფილდზე“ მხოლოდ გამოცდილების მისაღებად და სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად ჩადიოდა, მაგრამ უეცრად კლაფმა იგი ძირითად შემადგენლობაში, მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. გამოვიდა ისე, რომ ირლანდიელს თანაგუნდელებისთვის საკუთარი თავის გაცნობა მოუწია. შეხვედრის მიმდინარეობისას ჯონ ბარნსმა 19 წლის კინს ჰკითხა თავი ვინ ჯანდაბა ეგონა, რაზეც წმინდა როისეული პასუხი მიიღო: „წადი შენი“.

კლაფის ერთ-ერთი ასისტენტი, ლიამ ოკეინი, იხსენებს: „როი ყველა მხრივ განსხვავებული იყო. გუნდში ახლად გადმოსული ბიჭები, მითუმეტეს ასეთ ასაკში, დაღმასვლას განიცდიან და შენ, როგორც მწვრთნელს მათთვის პროგრესისკენ მიმავალი გზის ჩვენება გევალება, მაგრამ როისთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირად იყო. იგი ყველაფერს იოლად შეეგუა და დღითიდღე ძლიერდებოდა“.

მომდევნო წლები კინმა ინგლისში საუკეთესო ნახევარმცველის სტატუსის დამკვიდრებაში და კორკისა და ნოტინგემის ბარებისა და ღამის კლუბების ასორტიმენტის დაგემოვნებაში გაატარა. მან იმდენს მიაღწია, რომ რამდენიმე ღამის კლუბმა მას სტუმრობა აუკრძალა. ერთ-ერთი Stage Door-ი იყო, რომლის მფლობელი „ნოტინგემის“ რიგებში ჩემპიონთა თასის მომპოვებელი, ლარი ლოიდი გახლდათ.

საბედნიეროდ, დროთ განმავლობაში როიმ ყველაფერი გამოასწორა და პრიორიტეტები დაალაგა. 1992 წელს იგი სკარინგტონში გადავიდა და თავის მომავალ მეუღლეს, ტერეზას შეხვდა. ამ უკანასკნელმა მისი ცხოვრება შეცვალა და ირლანდიელს სწორი გზის დანახვაში დაეხმარა. 22 წლის კინი სულ მალე „ნოტინგემის“ ერთ-ერთი „ვეტერანი“ გახდა. მისმა გვარმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. არა იმიტომ, რომ დასერიოზულდა და მომწიფდა, არამედ იმიტომ, რომ კინი და კლაფი ერთადერთი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც „ნოტინგემში“ რაიმე ღირებულს აკეთებდნენ.

სეზონის დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ დაღვინებული კინი ნამდვილ ვარსკვლავად ყალიბდებოდა. იგი დაბალი დონის თანაგუნდელების ფონზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა. „ნოტინგემმა“ ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში შერინგემის გამოსამშვიდობებელი გოლის წყალობით „ლივერპულს“ სძლია, თუმცა 25 დეკემბრამდე კიდევ მხოლოდ 2-ჯერ მოიგო. ერთ-ერთი მათგანი „ლიდსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო, რომელშიც კინის დუბლის წყალობით „ნოტინგემმა“ 4-1 იმარჯვა.

მაშინდელ გაზეთებს თუ გადახედავთ, ასეთ სათაურებს აღმოაჩენთ - „კინის ტალანტმა „ფორესტს“ გამარჯვება მოაპოვებინა“. „კინმა „ფორესტს“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. „კინმა დაამტკიცა, რომ „ნოტინგემის“ შეუცვლელი ფეხბურთელია“ და ა.შ. კლაფი თავის მემუარებში იხსენებს: „კინი საშინელ სეზონში შუქურასავით ანათებდა და ჰქონდა თვითრწმენა, რომელიც იმ ასაკის ფეხბურთელებში დიდი იშვიათობა იყო. სეზონის დაწყებასთან ერთად, სკოტ გემილის გოლებმა გაქრობა დაიწყო. ჩემს შვილს, ნაიჯელსაც რთული პერიოდი ჰქონდა და სტაბილურად მხოლოდ როი კინი ასპარეზობდა“.

სეზონის შუაწელს, Observer-თან საუბრისას, კინმა განაცხადა: „ვცდილობ, ყურადღების ცენტრში არ ვიყო. არ მინდა, გაზა გავხდე და მხოლოდ „ფორესტზე“ ვარ ორიენტირებული. მინდა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო, კარგი შეხვედრა ჩავატარო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო“.

კინი სასტარტოში რეგულარულად ასპარეზობდა. აი, გამარჯვებების რა გითხრათ. იმ სეზონში როი „ნოტინგემის“ რიგებში საუკეთესო სამ სხვადასხვა პოზიციაზე იყო. ცენტრალურ ნახევარდაცვაში იგი საოცრად თამაშობდა, Box-to-box ჰავბეკის ფუნქციებს ითვსებდა და მინიმუმ 3 ფეხბურთელის სამუშაოს ასრულებდა. „ფორესტს“ მაღალი დონის ნახევარმცველები ნამდვილად არ ჰყავდა, მაგრამ კინი დიდი ხნის განმავლობაში მაინც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც ასპარეზობდა.

კლაფი დეს უოკერის წასვლის შემდეგ დაცვაში გაჩენილი სიცარიელის შევსებას ცდილობდა და კინი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. ირლანდიელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუდარებელი იყო და თავდაპირველად კლაფის გეგმამ გაამართლა. „ფორესტმა“ ოქტომბერში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

კინმა პროგრესი განაგრძო. „ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში მისთვის ძალიან ადვილი იყო. როის უნდოდა ნახევარდაცვაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული. მას მეორე სართულზე თამაში კარგად გამოსდიოდა და არც სისწრაფის ნაკლებობას უჩიოდა, ამიტომ, მცველის პოზიციაზე თამაშის გაგრძელება უპრობლემოდ შეეძლო, თუმცა მისთვის ეს ყველაფერი ადვილი აღმოჩნდა და ნახევარდაცვაში დავაბრუნეთ“, - იხსენებს ოკეინი.

კინის წყალობით „ნოტინგემი“ დაცვაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გუნდს შეტევაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. იმ სეზონში კლაფის კოლექტივის საუკეთესო ბომბარდირი 13 გოლით (აქედან სამი პენალტი) ნაიჯელი გახდა. კინმა კი, რომელმაც სეზონის დაახლოებით მესამედი დაცვის ხაზში გაატარა, 8 გოლი შეაგდო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ფორესტის“ საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი და შემტევი ერთი და იგივე ფეხბურთელი - როი კინი გახლდათ.

ნახეთ მისი გოლები „ნოტინგემში“ და გაიგებთ, კარიერის სტარტზე რა სტილს მისდევდა. მას ბურთის მოედნის ცენტრიდან წაღება და გოლების გატანა უყვარდა. კარიერის ბოლო წლებში ყველაფერი შეიცვალა და მეტოქე გუნდების კარს საჯარიმოსთან დროულად დახვედრის შედეგად იღებდა, თუმცა ახალგაზრდობაში ყველაფერი სხვანაირად იყო. „მნიშვნელობა არ ჰქონდა რა პოზიციაზე ათამაშებდით, იგი ყველგან საუკეთესო გახლდათ. სულერთი იყო მცველი იქნებოდა თუ ნახევარმცველი. კინი სკოლის საუკეთესო მოსწავლეს ჰგავდა, რომელიც ყველა საგანში პირველი იყო. როის ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა“, - იხსენებს სტიუარტ პირსი.

ბუნებრივია, „ნოტინგემში“ წარმატებული თამაშის შემდეგ, კინის გადაბირებით ბევრი ევროპული გრანდი დაინტერესდა... „ვიცოდი, რომ გუნდებს მისი გადაყვანა სურდათ, უსინათლოები უნდა ყოფილიყვნენ კინის ტალანტი, რომ ვერ შეემჩნიათ“, - წერს კლაფი. ირლანდიელის შეძენა „ბლექბერს“, „მილანსა“ და „არსენალს“ სურდა. „ასტონ ვილას“ თავკაცმა, რონ ატკინსონმა განაცხადა: „იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის გადმოსვლის შემთხვევაშიც ყველაფრის მოგება შეგვეძლება“.

ბრიტანულ პრესაში კინზე საუბარი მოხშირდა და მისი კონტრაქტი განხილვის საგნად იქცა. მოლაპარაკებები, რომელსაც კლაფის ასისტენტი, რონ ფენტონი, ირლანდიელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებდა, უსაშველოდ გაგრძელდა. კინის მიზანი იყო მიეღო საუკეთესო წინადადება, რომლის მიღებაც შეეძლო.

ამ პერიოდში ასოციაციის თასზე „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ გატანილი გოლის აღნიშვნას დიდი რეზონანსი მოჰყვა. „წმინდანებთან“ როიმ საკუთარ მაისურზე გამოსახულ „ნოტინგემის“ ლოგოს აკოცა. გულშემატკივრებმა იმ ფეხბურთელის მხრიდან, რომელიც სულ მალე გუნდს დატოვებდა, ეს ჟესტი უარყოფითად აღიქვეს, თუმცა თავად როი სხვა აზრზე იყო. იგი თვლიდა, რომ მან ამ აღნიშვნით გამოხატა ის, რომ ბუნდოვანი მომავლის მიუხედავად, მხოლოდ „ნოტინგემზეა“ ორიენტირებული და გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს. სამწუხაროდ, კლაფს მისი სახალხოდ დაცვა მაინც მოუწია. „კინი პატარა ბავშვივითაა, რომელმაც შობის დილას ვაშლი, ფორთოხალი და კანფეტები იპოვა და გაცილებით მეტი უნდა“. საბოლოოდ, ლეგენდარული თავკაცი იძულებული გახდა მოლაპარაკებებში ჩართულიყო და რონ ფენტონს უთხრა: „რონ, მიეცი, რაც უნდა“. ირლანდიელს ხელფასის გაზრდა, კონტრაქტის გაფორმების ბონუსის მიღება და იმ შემთხვევაში, თუ „ფორესტი“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდებოდა, კლუბის დატოვების უფლების მიღება სურდა.

„ნოტინგემმა“ როის მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგრამ მალე კინი მორიგ სკანდალში გაეხვია. ერთ-ერთ საღამოს, სასტუმროს ბარში მასთან ერთი ქალბატონი მივიდა და ჰკითხა შეეძლო თუ არა, საქველმოქმედო ფონდს დახმარებოდა, რომელიც ქველმოქმედების მიზნით აუქციონზე ცნობილი ადამიანების საცვლებს ყიდდა. კინს საკუთარი საცვლების გაცემა არ ეპიტნავებოდა და ქალბატონი უარით გაისტუმრა, თუმცა სანაცვლოდ ირლანდიის ნაკრების ხელმოწერილი მაისური შესთავაზა, რაცას, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, კონფლიქტი მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალბატონმა მას კოქტეილი შეასხა, როიმ კი ლუდით უპასუხა. ინციდენტში ქალბატონის მეუღლე ჩაერთო და სულ მალე ყველაფერი ერთ დიდ პრობლემად იქცა.

კინი დააჯარიმეს, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ასეთი ქცევების მიუხედავად, კლაფი მას უდიდეს პატივს სცემდა... გარკვეული დროის შემდეგ, „ნოტინგემის“ გასახდელში საინტერესო რამ მოხდა... შეხვედრის შემდეგ, გაბრაზებული და განაწყენებული კლაფი გასხდელში შევიდა და ფეხბურთელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო. იგი მათ სიზარმაცესა და არაპროფესიონალიზმში სდებდა ბრალს. კლაფმა მარკ კროსლის, ასეთი რამ უთხრა: „ან ნოტინგემში სახლი იყიდე, ან გაეთრიე და „ბარნსლიში“ ითამაშე“, ხოლო როცა კინის ჯერი დადგა, ბრაიანმა თქვა: „მიყვარხარ ირლანდიელო“!

როის ნოტინგემური კარიერა მალევე დასრულდა... იანვარში და თებერვალში მოგებული 5 და წაგებული 2 თამაშის შემდეგ „ფორესტმა“ საშინლად იასპარეზა, მხოლოდ 2 თამაში მოიგო და გავარდნას ვერ გადაურჩა. სეზონის დასრულების შემდეგ კინმა „ბლექბერნში“ გადასვლა გადაწყვიტა. ტრანსფერი უკვე გაჩარხული იყო და „როვერსი“ მის სანაცვლოდ 4 მილიონ ფუნტს იხდიდა, თუმცა საქმეში ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ჩაერია. „მანჩესტერსა“ და „ნოტინგემს“ შორის დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მიზანს მიაღწია და კინი გაიფორმა. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა...

გაზიარება: