Aa
Aa

"რატომ მოქმედებს VAR-ი ბარსას წინააღმდეგ?" - ლა ლიგამ შესაძლოა კუმანი დასაჯოს

„ელ კლასიკოს“ შემდეგ „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არ ცხრება და ვიდეო რეფერის მისამართით ბრალდებებს განაგრძობს.

ნიდერლანდელი სპეციალისტი თვლის, რომ გამოგონილმა პენალტმა შეხვედრის შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ამ სიტყვების გამო კი შესაძლოა კუმანს სანქციები დაუწესონ.

„მსაჯის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ჩემთვის ეს დარღვევა არ ყოფილა. იმედი მაქვს ერთხელაც, ისინი ამიხსნიან თუ რატომ აქვს VAR-ს ესპანეთში პრობლემები.

წაგებას არ ვიმსახურებდით. პენალტი დასანიშნი არ იყო, ამ ეპიზოდმა კი შედეგზე გავლენა იქონია.

„სევილიას“ წინააღმდეგ აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს, „ხეტაფესთან“ კი ორი დარღვევა, რომელიც წითელი ბარათით უნდა შეფასებულიყო მათ გაატარეს. რატომ მოქმედებს ვიდეო რეფერი „ბარსას“ წინააღმდეგ?

VAR-ს შეუძლია იყოს ძალიან კარგი და სასარგებლო, მაგრამ ეს ყველა გუნდისთვის უნდა ხდებოდეს.

დიახ, ლენგლემ რამოსს მოქაჩა, მაგრამ არა ისე, რომ ის წაქცეულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, რამოსი საპირისპირო მხარეს უნდა დაცემულიყო და არა უკან“.

Sport-ის ცნობით, ამ სიტყვების გამო შესაძლოა ლა ლიგამ რონალდ კუმანი დასაჯოს. ჯერჯერობით უცნობია რა სანქციები დაეკისრება მას, ან საერთოდ დაეკისრება თუ არა.

ლენგლესა და რამოსის საკამათო ეპიზოდი ცნობილმა ესპანელმა არბიტრმა ანდუხარ ოლივერმა მადრიდულ Marca-სთან საუბრისას შეაფასა:

"საჯარიმოში მცირე შეხებები პენალტის დანიშვნის მიზეზი არ გახლავთ. თუ ყველა ასეთ მომენტს გავითვალისწინებთ, მაშინ მსგავს შემთხვევაში მატჩის მსვლელობისას თამაშის 40-ჯერ შეჩერება მოგვიწევს.

რამოსის ეპიზოდს არანაირი საერთო არ აქვს სანაბრიას (ბეტისი) შემთხვევასთან რეალ სოსიედადთან მატჩში, სადაც მაისურზე შეხება და თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები