გაკვეთილი შოტლანდიისგან - საქართველოს ნაკრები მარიფილდზე განადგურდა
Aa
Aa

გაკვეთილი შოტლანდიისგან - საქართველოს ნაკრები მარიფილდზე განადგურდა

საქართველოს რაგბის ნაკრებმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატჩი გამართა და ამხანაგურ შეხვედრაში, რომელსაც „მარიფილდმა" უმასპინძლა, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. „სკოტები“ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ და „ბორჯღალოსნებს“ შეტევაში, დერეფნის მოგებაში და მოლის აგორებაში კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს. მასპინძლებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და მეტოქეს 48-7 აჯობეს.

გრეგორ თაუნსენდის შეგირდებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მატჩის სტარტზე შოტლანდიელებმა შეგვიტიეს და ჯარიმა მოიპოვეს. მათ მომენტით ისარგებლეს, ბურთი თამაშში სწრაფად შეიყვანეს და ქართველთა დაცვის ხაზის ჩავარდნის შემდეგ, დარსი გრეჰემმა პირველი ლელო დადო. გარდასახვა კი ადამ ჰეისტინგსმა გაიტანა.

საწყის წუთებში ქართველები ნერვიულობდნენ და შეცდომებს ხშირად უშვებდნენ. „ბორჯღალოსნებმა“ რამდენჯერმე მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და შოტლანდიელებმა 27-ე წუთზე უპირატესობის გაზრდა მოახერხეს.

შედეგიანი შეტევა „სკოტების“ აუტს მოჰყვა, რომლის შემდეგაც მოლი წარმოიშვა და ის ლექსო ყაულაშვილმა წესების დარღვევით შეაჩერა. მასპინძლებმა ბურთი აუტში კიდევ ერთხელ გადაიტანეს და მორიგ მოლს მეორე ლელო მოჰყვა, რომელიც ფრეიზერ ბრაუნმა დადო. ჰეისტინგსმა ამჯერად გარდასახვა გააცუდა.

აღსანიშნავია, რომ საწყის 30 წუთში ქართველებმა მეტოქის 25-ში სათამაშო დროის მხოლოდ 4 პროცენტი გაატარეს. ბრიტანელებს კი საკუთარი ნახევრიდან ბურთი ხელი თითქმის არასდროს ამოჰქონდათ და ფეხით თამაშობდნენ, რისი წყალობითაც დიდ წარმატებას აღწევდნენ.

31-ე წუთზე „სკოტებმა“ მორიგი აუტი მოიპოვეს, რასაც მორიგი მოლი და რამდენიმე წამში მესამე ლელო მოჰყვა. შოტლანდიელთა მხრიდან ამჯერად ჰემიშ უოტსონი გამოირჩა და ანგარიში 17-0 გახადა. ჰეისტინგმა კი გარდასახვა გააფუჭა. 

მეორე ნახევარი შოტლანდიის უპირატესობით დაიწყო, თუმცა 45-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კარგი კომბინაცია გაათამაშეს და პირველი ლელოც დადეს. ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე პასით ტაბუცაძემ ისარგებლა და ანგარიში 17-5 გახადა. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ შეასრულა და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა.

მიღებული ლელოს შემდეგ, შოტლანდიელები შეტევაზე გადავიდნენ და ჯარიმა მოიპოვეს. „სკოტებმა“ ბურთი ისევ აუტში გადაიტანეს და ისევ მოლით მორიგი ლელო დადეს - 22-7. მასპინძელთა მხრიდან თავი ისევ ფრეიზერ ბრაუნმა გამოიჩინა, ჰეისტინგმა კი გარდასახვა კიდევ ერთხელ გააცუდა. 61-ე წუთზე მაყურებლებმა ნაცნობი სცენარი იხილეს. შოტლანდიელებმა აუტის შემდეგ, მოლი ააგორეს და ლელო დადეს. მათი მხრიდან სტიუარტ მაკინალი გამოირჩა და ამჯერად ჰეისტინგსმა გარდასახვა გამოიყენა.

70-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი ლელო მიიღეს. ქართველების ტრავმებით „სკოტებმა“ კარგად ისარგებლეს და ვან დერ მერვემ შოტლანდიის ნაკრებში სადებიუტო ლელო დადო. ჰეისტინგსმა კი გარდასხვა გაიტანა და ანგარიში 36-7 გახადა. 5 წუთში შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და დარსი გრეჰემმა მეორე ლელო მიითვალა - 41-7. საბოლოო ანგარიში კი კინგჰორნის ლელოს შემდეგ, ჰეისტინგსმა დააფიქსირა და შოტლანდიელებმა 48-7 იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები