„არტეტა იტყუება და იოზილს უსამართლოდ მოექცა
Aa
Aa

„არტეტა იტყუება და იოზილს უსამართლოდ მოექცა" - მესუთის აგენტმა არსენალის თავკაცი გააკრიტიკა

მესუთ იოზილის აგენტმა, ერკუტ სოგუტმა „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა გააკრიტიკა. სოგუტმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა იცრუა, როცა ახსნა, თუ რატომ დატოვა გერმანელი ფლეიმეიქერი პრემიერ ლიგის განაცხადს მიღმა.

„არსენალის გულშემატკივრები რეალურ ახსნა-განმარტებას იმსახურებენ და არა არტეტას სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ იოზილთან არაფერი გამოუვიდა. სინამდვილეში ეს ასე არაა. არტეტას არ გამოუვიდა ყოფილიყო სამართლიანი, გულახდილი და გახსნილი. მას არ გამოუვიდა მოქცეულიყო პატივისცემით იმ ადამიანს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ყოველთვის არსენალის ერთგული იყო.

ყველამ იცის, რომ არტეტა იოზილს უსამართლოდ მოექცა. მიმდინარე სეზონში მან მესუთს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა. თუ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებს, მას გუნდში დარჩენისა და თავისი ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლის უფლება უნდა ჰქონდეს. მესუთისთვის კი ეს უფლება არ მიუციათ.

ყველა ამბობს, რომ იოზილი პროდუქტიულად ვარჯიშობს. პერ მერტესაკერმა ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა. პირადად მე, მესუთის მინიმუმ 5 თანაგუნდელს გავესაუბრე და მათ მითხრეს, რომ იგი პროდუქტიულად ვარჯიშობს. მათ ისიც მითხრეს, რომ იოზილი არსენალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და წარმოდგენა არ აქვთ, განაცხადს მიღმა რატომ დარჩა. როგორც ჩანს, საქმე ვარჯიშს არ ეხება და თუ პრობლემა არც მოედანზე განვითარებული მოვლენებია, მაშინ რომელი საფეხბურთო მიზეზის გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული? თუ ლაპარაკობ, სიმართლე უნდა თქვა, რომელსაც არსენალის ქომაგები იმსახურებენ. სხვა შემთხვევაში ხმა საერთოდ არ უნდა ამოიღო“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იოზილი თვლის, მისი პრემიერ ლიგისა და ევროპა ლიგის განაცხადში ვერ მოხვედრა „არსენალის“ კომერციულ ინტერესებს უკავშირდება, რომლებიც კლუბს ჩინეთში აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები