ოლიმპიური კომიტეტის განცხადება - ლეგენდარულ დავით ხახალეიშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება
Aa
Aa

ოლიმპიური კომიტეტის განცხადება - ლეგენდარულ დავით ხახალეიშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას და სპორტის გულშემატკივრებს.

ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა - დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით.

ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. 

ამჟამად დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომელის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

დავით ხახალეიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

საბანკო ანგარიში: თიბისი ბანკი ანგარიში - GE18TB7618245166300002.

მიმღები - დავით ხახალეიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები