„ნიგერიის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს“ - იგალო მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს
Aa
Aa

„ნიგერიის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს“ - იგალო მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ოდიონ იგალომ ნიგერიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს დახმარება სთხოვა. იგალო სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს პსჟ-სთან მატჩის შემდეგ შეეხო და განაცხადა:

„ძალიან დამწუხრებული ვარ და არც კი ვიცი საიდან დავიწყო. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე საუბრობს, მაგრამ ნიგერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დუმილს ვეღარ შევინარჩუნებ.

ნიგერიის მთავრობა მსოფლიოს სირცხვილია, რადგან ის საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს. მათ ქუჩებში ჯარისკაცები გაუშვეს, რათა შეუიარაღებელი მომიტინგეები დაეხოცათ, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ.

2020 წლის 20 ოქტომბერი ისტორიაში შევა, როგორც დღე, როცა მთავრობამ ქალაქის ქუჩებში სამხედროები პირველად გაგზავნა, რათა საკუთარი მოქალაქეები დაეხოცა. მრცხვენია, რომ ნიგერიას ასეთი მთავრობა ჰყავს. თქვენით დავიღალე და თქვენი ატანა აღარ შემიძლია.

ბრიტანეთის მთავრობასა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერს მოვუწოდებ, ნახოს ნიგერიაში რა ხდება და დაგვეხმაროს. დაეხმაროს ნიგერიის საცოდავ მოქალაქეებს. მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ჩვენ გაეროს მოვუწოდებთ, ზომები მიიღოს.

მინდა, ჩემს ძმებსა და დებს ვუთხრა, რომ თავს გაუფრთხილდნენ, სახლში დარჩნენ და ქუჩაში არ გავიდნენ, რადგან მთავრობაში მკვლელები არიან და ისინი მკვლელობების ჩადენას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მსოფლიო ხმას არ ამოიღებს“.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში გამოსვლები მიმდინარეობს და მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად რამდენიმე მოქალაქე უკვე გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები