Aa
Aa

ლამპარდი: „თუ კრიზისში აღმოვჩნდებით, ჩეხზე უკეთეს მეკარეს ნამდვილად ვერ ვინატრებთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა პეტრ ჩეხზე ისაუბრა. ინგლისელ სპეციალისტს ყოფილი თანაგუნდელის შესახებ შეკითხვა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ დაუსვეს და ლამპარდმა აღნიშნა, რომ ჩეხის პრემიერ ლიგის 25-კაციან განაცხადში შეყვანა რაციონალური გადაწყვეტილება იყო.

„ჩეხი არც თუ ისე დიდი ხანია ჩელსის მეკარეებთან ერთად ვარჯიშობს. იგი მშვენიერ ფორმაში იმყოფება და ჯერ შედარებით ახალგაზრდაა. პეტრმა კარიერა მაშინ დაასრულა, როცა შეეძლო, ფეხბურთის თამაში გაეგრძელებინა. მან ჩელსიში მუშაობა დაიწყო და თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ჩვენ განაცხადში ადგილი გვქონდა და გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს წელი სხვებისგან განსხვავდება, ჩეხის შეყვანა მარტივი გადაწყვეტილება იყო. პიტი ჩელსიში მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ თუ დაგვჭირდება, დასახმარებლად მზად იქნება.

ვერ გეტყვით მას მოედანზე ვიხილავთ თუ არა. ეს სეზონის მიმდინარეობაზე და შესაძლო იზოლაციაზე იქნება დამოკიდებული. პირადად მე, ვთვლი, რომ ჩეხის განაცხადში შეყვანას დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა. იგი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია და პარალელურად ჩვენი მეკარეების დახმარებასაც გააგრძელებს.

თუ კრიზისში აღმოვჩნდებით, პეტრზე უკეთეს კარის დარაჯს ნამდვილად ვერ ვინატრებთ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ ჩეხს თამაში მოუწევს, თუმცა არავინ ელოდებოდა იმას, რაც მსოფლიოში ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ხდება. ასე რომ, გამორიცხული არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდმა 25-კაციან განაცხადში მეკარის პოზიციაზე 4 გოლკიპერი შეიყვანა. ჩეხის გარდა, „სუპერ ფრენკის“ განკარგულებაში კეპა არისაბალაგა, ვილი კაბალიერო და ედუარ მენდი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები