Aa
Aa

„მასთან ნებისმიერს რთული ტესტი ელის" - Mmajunkie ქუთათელაძეზე წერს

Mmajunkie.com-მა ტრადიციას არ უღალატა და UFC-ის ახალწვეულები შეაფასა, რომლებმაც თბილისის დროით კვირას გამართულ UFC on ESPN+ 38-ის ფარგლებში იჩხუბეს. ცნობილი ვებგვერდის ყურადღების ცენტრში გურამ ქუთათელაძეც მოექცა და Mmajunkie-მ ქართველ მებრძოლს წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა.

„მართალია, აბუ დაბიში გამართული ღონისძიების ქარდში ქუთათელაძის მოხვედრას ისეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორიც მისი მეტოქის მონაწილოებას მოჰყვა, მაგრამ სადებიუტო ბრძოლაში გურამის გამოსვლამ აჩვენა, რომ მასთან ნებისმიერ მოწინააღმდეგეს რთული ტესტი ელის.

ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და გამროტს კარიერაში პირველი მარცხი აგემა, თუმცა ჩხუბის შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა. მან მსაჯების გადაწყვეტილებას ნომერ პირველი სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ მის მეტოქეს უნდა მოეგო.

საკუთარი თავისადმი კრიტიკის მიუხედავად, გურამის ასპარეზობაში ბევრი იმედისმომცემი რამ იყო. მისი სტრაიკინგი დახვეწილი, ძლიერი და ეფექტური გახლდათ. აუცილებელია, პარტერში ბრძოლაც ვახსენოთ, სადაც მან გრეპლინგის ოსტატ გამროტს უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. მართალია, პოლონელმა ქუთათელაძე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა, მაგრამ ქართველმა კარგად იმოქმედა, მეტოქეს ყოველ ჯერზე ხელიდან დაუსხლტა და ფეხზე წამოდგა.

ორი აზრი არაა, რომ შეტევაში ქუთათელაძის ყველაზე ეფექტური იარაღი სხეულში განხორციელებული დარტყმები გახლდათ, თუმცა მისი კარდიოც შთამბეჭდავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ იგი პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა და მას წამოდგომისთვის ბრძოლა მოუწია, ქართველს საფინალო გონგამდე ენერგია მაინც ეყო.

ქუთათელაძე UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში სოლიდური კონკურენტი იქნება და მორიგი ბრძოლის გამართვა უკვე სურს. გურამს UFC 254-ის ფარგლებში ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ჩხუბი უნდა და აპირებს თანაგუნდელს, ხამზატ ჩიმაევს მიბაძოს. თუ იგი ბრძოლის უფლებას მიიღებს და მახაჩევს დაამარცხებს, UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში დიდ რეზონანსს გამოიწვევს“, - წერს Mmajunkie.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძეს ანგარიშზე 12 მოგება და 2 მარცხია. ქართველ მებრძოლს ოქტაგონი წაგებულის სტატუსით 2015 წლის შემდეგ არ დაუტოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები