ოფიციალურად! ჯოშუა და პულევი 12 დეკემბერს იჩხუბებენ
Aa
Aa

ოფიციალურად! ჯოშუა და პულევი 12 დეკემბერს იჩხუბებენ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ენტონი ჯოშუა საჩემპიონო ქამრებს 12 დეკემბერს, ლონდონში დაიცავს და კუბრატ პულევს დაუპირისპირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, თუმცა ბრიტანელი პრომოუტერი, ედი ჰირნი ყველაფერს აკეთებს, რათა შერკინებას მცირე რაოდენობის ქომაგი დაესწროს.

ჯოშუა ბრიტანეთში 2-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იჩხუბებს და ადგილობრივი გულშემატკივრების გახარებას შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მომდევნო მეტოქე ტაისონ ფიური იქნება.

„12 დეკემბერი ბრძოლის გამართვის თარიღია და მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრებისთვის კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ. ჩემი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ 13 დეკემბერს ქამრები კვლავ გაერთიანებულ სამეფოში იყოს.

გულშემატკივრები ნამდვილად დაგვაკლდებიან და იმედი მაქვს უსაფრთხოების ზომების დაცვით რამდენიმე მათგანი ბრძოლას მაინც დაესწრება. ვნახოთ რა მოხდება. ყველა მეტოქეს პატივს ვცემ და გამონაკლისი არც პულევია“, - განაცხადა ჯოშუამ.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ბულგარეთია, საჩემპიონო ქამრის მოპოვება უდიდესი მიღწევაა. ეს ბრძოლა მამაჩემს და ყველა ბულგარელს ეძღვნება. ლონდონში საჩემპიონო ქამრების დასასაკუთრებლად მოვდივარ“, - აღნიშნა პულევმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუას ანგარიშზე 24 გამარჯვება და 1 მარცხია. პულევმა კი 29 ბრძოლიდან მხოლოდ 1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები