''ფინალი იქნება ძალიან დიდი ჭადრაკის თამაში'' - ხიზანიშვილი ისტორიულ მატჩზე
Aa
Aa

''ფინალი იქნება ძალიან დიდი ჭადრაკის თამაში'' - ხიზანიშვილი ისტორიულ მატჩზე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი ''დინამო არენაზე'' მაკედონიას შეხვდება. ბელარუსთან მოგებული ნახევარფინალური შეხვედრისგან განსხვავებით შესაძლოა ფინალურ მატჩს გარკვეული რაოდენობის მაყურებლები დაესწრონ. ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტილი არაა. ფინალური დაპირისპირება 12 ნოემბერს შედგება.

ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''ტაიმაუტში'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა.

''მაკედონიასთან ორი მატჩი ჩავატარეთ, ფინალი იქნება ჭადრაკის თამაში. ფეხბურთელებს თავი დავანებოთ, ისინი მაქსიმალურად ემზადებოდნენ და მოემზადებიან. ვინც ტაქტიკურ მონახაზსა და სასტარტო თერთმეტეულს სწორად შეარჩევს, ის გაიმარჯვებს. პლუს შეცვლები, რადგან 5 ცვლილება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ნახევარ გუნდს შეცვლი და ნახევარი გუნდის შეცვლისას გუნდის რესურსი სხვანაირი გამოჩნდება. ვფიქრობ, ძალიან დიდი ჭადრაკის თამაში იქნება.

მე ასე ვიტყვი, 90 წუთიდან დაახლოებით 70-80 პროცენტი ჭადრაკის თამაში იქნება. თუ ჩვენ ან მაკედონია თამაშს 1:0-ს წავიყვანთ, მატჩი ბოლო 10-15 წუთი ქაოსური იქნება''.

ხიზანიშვილმა ქომაგთა დასწრების შესახებაც ისაუბრა. მისი აზრით უმჯობესია მატჩს ქომაგები რეგულაციების გათვალისწინებით დაესწრონ: ''ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვითვალისწინებ, მაგრამ მაკედონიასთან შეხვედრაში იმდენად მნიშვნელოვანი იქნება მაყურებლის დაშვება, რომ გარეთ თუ 10 000 ქომაგი იკრიბება და ერთმანეთს ახტებიან, ბარემ დისტანცია დავაცვევინოთ და სტადიონზე შევუშვათ. ეს ჩემი მოსაზრებაა''.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი შეხვედრა აშორებს. ფინალური შეხვედრა საქართველოსა და მაკედონიას შორის 12 ნოემბერს, თბილისში, ''დინამო არენაზე'' შედგება. თუ აღნიშნულ მატჩს ქართველი ფეხბურთელები მოიგებენ, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენა იქნება.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-სა და gettyimages-ის ფოტოები

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები