''ქომაგები უნდა დაუშვან, მათ გარეშე კოშმარია'' - გუცაევი ფინალურ მატჩზე
Aa
Aa

''ქომაგები უნდა დაუშვან, მათ გარეშე კოშმარია'' - გუცაევი ფინალურ მატჩზე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი ''დინამო არენაზე'' მაკედონიას შეხვდება. ბელარუსთან მოგებული ნახევარფინალური შეხვედრისგან განსხვავებით შესაძლოა ფინალურ მატჩს გარკვეული რაოდენობის მაყურებლები დაესწრონ. ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტილი არაა.

ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''ტაიმაუტში'' თბილისის ''დინამოს'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა ისაუბრა.

მახსოვს, ნოდარ ახალკაცი ზოგჯერ მატჩებს ატარებდა დიღმის ბაზაზე, სადაც ხალხი ვერ შემოდიოდა. მათ გარეშე თამაშის ჩატარება ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ასევეა, ნებისმიერი ფეხბურთელის განწყობა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მაკედონიასთან შეხვედრა უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს. 16 ათასის დაშვება შეიძლება10 ათასი მაინც დაუშვან, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მოხვედრა ქვეყნის სახელზეც დადებითად იმოქმედებს, ჩვენს ფეხბურთზეც, მის ფინანსურ მდგომარეობაზეც, მოთამაშეების მომავალზეც“.

გუცაევი თვლის, რომ ქვეყნის მთავრობას ქომაგთათვის ბელარუსთან მატჩზე დასწრების უფლება უნდა მიეცა:''ბელარუსთან შეხვედრაზე ხალხი სტადიონზე არ შეუშვეს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, გარეთ რაც ხდებოდაათასობით ადამიანი სტადიონის გარეთ იდგა და ეს ტერიტორია სავსე იყო. ჩემი აზრით, აჯობებდა, რომ ხალხი სტადიონზე სოციალური დისტანციის დაცვით შეეშვათ და გარეთ ასეთი ქაოსი აღარ იქნებოდა''.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი შეხვედრა აშორებს. ფინალური შეხვედრა საქართველოსა და მაკედონიას შორის 12 ნოემბერს, თბილისში, ''დინამო არენაზე'' შედგება. თუ აღნიშნულ მატჩს ქართველი ფეხბურთელები მოიგებენ, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენა იქნება.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-სა და 1tv.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები