Aa
Aa

22-წლიანი მაჩვენებელი და ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი - ინგლისის წარუმატებელი საღამო

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მე-4 ტურში დანიასთან საკუთარ მოედანზე წააგო და ჯგუფში საქმე კიდევ უფრო გაირთულა. ბრიტანელებს დანიელთა მსგავსად 7 ქულა აქვთ და ლიდერ ბელგიას 2 ქულით ჩამორჩებიან.

გუშინდელი მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე, კრისტიან ერიქსენმა პენალტიდან გაიტანა. ზოგადად, ეს შეხვედრა ინგლისელებს რამდენიმე უსიამოვნო ფაქტით დაამახსოვრდებათ.

22 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ინგლისის ნაკრებს ერთ თამაშში კაცი გაუძევეს და გოლი პენალტიდან გაუტანეს. ბოლოს ასეთი რამ 1998 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ დაფიქსირდა.

ასევე, ჰარი მაგუაიერი ნაკრების ისტორიაში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც უემბლიზე გამართულ სანაკრებო მატჩში წითელი ბარათი მიიღო. 1999 წლის ივნისში, შვედეთის წინააღმდეგ პოლ სქოულზი გააძევეს, 2012 წლის სექტემბერში, უკრაინასთან - სტივენ ჯერარდი.

გარეთ საუთგეითის გუნდმა 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. „სამი ლომი“ შემდეგ შეხვედრას 15 ნოემბერს, სტუმრად ბელგიასთან გამართავს, 3 დღის შემდეგ კი იმავე „უემბლიზე“ ისლანდიას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები