Aa
Aa

"პენალტი არ იყო" - ვაისმა მატჩი შეაფასა

ერთა ლიგის მე-4 ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად ნათამაშები 1:1-ის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა.

"ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლოს 10 ფეხბურთელით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდში დარღვევა არ ყოფილა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მატჩს ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებდით. ძალიან ემოციური შეხვედრა გამოდგა და, სამწუხაროდ, ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ.

ერთ თვეში კვლავ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ამჯერად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. დღევანდელი ფრედ დასრულებული შედეგით ჯგუფში ლიდერობის კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. თუმცა არაუშავს, წინ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ნოემბრის მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.

დღეს ჩრდილოეთ მაკედონიამ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩვენც დაგვაკლდა.

მატჩის სტარტზე კიტეიშვილის შეცვლა მოგვიწია. ამ ცვლილებამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ შეცვალა.

ვნახოთ, რა იქნება ერთ თვეში, შანსები 50/50-ზეა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ამ შეხვედრას. მოედანზე ორივე მხრიდან 11 ფეხბურთელი გამოვა და ვნახოთ, ვინ იქნება ბედნიერი 12 ნოემბერს."

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო ხვიჩა კვარაცხელიამ. 19 წლის ტალანტმა მორიგი ულამაზესი ბურთი გაიტანა, თამაშის შემდეგ კი მედიასთან მოკლედ ისაუბრა.

„მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრების რიგებში გოლი გაგაქვს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, 3 ქულის მოპოვება დღესაც შეგვეძლო“.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 6 ქულა აქვს და იმავე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ლიდერობას იყოფს. ჩვენი გუნდი 15 და 18 ნოემბერს სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლებს, იქამდე კი 12 რიცხვში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები