დაკლებული 1 ქულა და ტექნიკური წაგება - ნაპოლი დაისაჯა
Aa
Aa

დაკლებული 1 ქულა და ტექნიკური წაგება - ნაპოლი დაისაჯა

იტალიის სერია ა-ს მესამე ტურში ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" უნდა შეხვედროდა, მაგრამ გატუზოს გუნდი ტურინში არ გაფრინდა. მიზეზი კორონავირუსის აფეთქების საფრთხე იყო. ნეაპოლელებს ორი ინფიცირებული ფეხბურთელი ჰყავდათ და საბოლოო ჯამში გამგზავრება არ გარისკეს.

"უეფას" პროტოკოლის თანახმად თუ გუნდს 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს, ვალდებულია თამაშზე გამოცხადდეს. "პარტენოპეი" კი ნეაპოლში დარჩა.

დღეს იტალიის ფეხბურთის სადისციპლინო კომისიამ ვერდიქტი გამოიტანა. "ნაპოლის" ტექნიკური წაგება 3:0 ჩაეთვალა. კლუბი ამტკიცებდა, რომ მათ მგზავრობის უფლება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების მიხედვით არ ჰქონდათ, მაგრამ ეს ყველაფერი კომისიამ არ გაითვალისწინა. ინფორმაციას football-italia ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2 კოვიდ ინფექციის მქონე ფეხბურთელი სრულფასოვანი მატჩის ჩატარებას ხელს არ უშლის  და მათ ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება არ ჰქონდათ. კომისიამ მიღებული სასჯელი არ იკმარა და "პარტენოპეის" 1 ქულაც დააკლო. ამრიგად "ნაპოლის" სატურნირო ცხრილში 5 ქულა ექნება. შეგახსენებთ, რომ გატუზოს შეგირდებმა ორივე ჩატარებული შეხვედრა მოიგეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით "იუვენტუსის" ყველა ფეხბურთელი, რომელიც სანაკრებო ბატალიებზე არ იმყოფება, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, რადგან ვესტონ მაკკენის კორონავირუსი დაუდგინდა. ამერიკელს კი ყველა მოთამაშესთან ჰქონდა შეხება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები