Aa
Aa

ყველა დროის რეკორდი - ნკეტიამ შირერსა და ჯეფერსს გადაასწრო

ედუარდ ნკეტიამ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ყველა დროის გოლების რეკორდი დაამყარა და ისტორიაში შევიდა.

„არსენალის“ ფორვარდმა თურქეთთან გამართული მატჩისას გამარჯვების გოლი გაიტანა და ბრიტანელთა ახალგაზრდული გუნდის მაისურით გატანილი ბურთებით ალან შირერისა და ფრენსის ჯეფერსის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

აქამდე რეკორდს ეს სამეული 13-13 გოლით იყოფდნენ, ამიერიდან კი ნკეტიას აქტივში 14 შედეგიანი დარტყმაა. თანაც, 21 წლის თავდამსხმელს თურქებთან მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ თავისივე გოლამდე პენალტი ვერ გამოიყენა.

ედუარდ ნკეტია ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და ბოლო დროს ბრწყინვალე შედეგები აქვს. მას ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 7 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. ისე კი, ამ 14-დან 13 გოლი გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეაგდო.

ბრიტანელ ახალგაზრდებს კონტინენტის პირველობაზე თამაში ციკლის დასრულებამდე 2 ტურით ადრე განაღდებული აქვთ. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი - 24-31 მარტს, ხოლო პლეი-ოფის სტადია 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები