ჩელსი და მესი - დი მარციოს შეცდომა, რომელიც საფეხბურთო სამყარომ დაიჯერა
Aa
Aa

ჩელსი და მესი - დი მარციოს შეცდომა, რომელიც საფეხბურთო სამყარომ დაიჯერა

ახლახან სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ წიგნი გამოსცა, სახელად „Grand Hotel Calciomercato“, რომელშიც საკუთარი კარიერის გამორჩეულ ისტორიებს იხსენებს და ჩაშლილ ტრანსფერებზეც საუბრობს.

წიგნში ერთ-ერთი არშემდგარი გარიგების მთავარი მოქმედი პირები ლიონელ მესი და „ჩელსი“ არიან. გასულ კვირას, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ 2004 წელს, „ლა პულგა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ეს ინფორმაცია კი თავისი წიგნის პრეზენტაციაზე სწორედ დი მარციომ გააჟღერა.

„ერთ-ერთი ყველაზე უცნობი რამ, რაზეც ჩემს წიგნში ვსაუბრობ, მესისა და ჩელსის უკავშირდება. 2004 წელს ლეო არისტოკრატების რიგებში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, რადგან ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა სურდა. მესისა და მოურინიოს შორის Facetime-ით ვრცელი საუბარი შედგა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არგენტინელს ბარსელონას დატოვება მოუნდა. მაშინ მესი ჩელსიში გადასვლასთან მართლაც ერთ ნაბიჯში გახლდათ“, - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა წიგნის პრეზენტაციაზე.

დი მარციოს სიტყვები გავლენიანმა უცხოურმა გამოცემებმა აიტაცეს: GivemeSport, Sun, Marca, Goal.com, Talksport და კიდევ სხვები (სხვათა შორის ჩვენც გვეწერა), თუმცა როგორც გაირკვა, სატრანსფერო ექსპერტს შეცდომა მოსვლია და წლები შეშლია...

დავიწყოთ იქიდან, რომ აპლიკაცია Facetime 2004 წელს არ არსებობდა. ის 2010 წელს გამოუშვეს და ჟოზე და მესი მისი გამოყენებით 2004 წელს ნამდვილად ვერ ისაუბრებდნენ. მთავარი კი ისაა, რომ დი მარციოს წიგნში ეს ამბავი 2014 წლითაა დათარიღებული და არა 2004-ით, რაც ყველაფერს ნათელს ხდის.

2004-ში ახალგაზრდა მესის „ბლაუგრანას“ დატოვების სურვილი ნამდვილად არ ექნებოდა. აი, 2014 წელი კი ის დროა, როცა გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

დი მარციო თავის წიგნში(პრეზენტაციაზე ნათქვამი სიტყვებისგან განსხვავებით) აცხადებს, რომ 2014 წელს ლეომ ლონდონში გადასვლა და მოუსთან მუშაობა გადაწყვიტა. კონტაქტი „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის, დეკუს დახმარებით შედგა და Facetime-ით განხორციელებულ ზარს 3 აგენტი დაესწრო.

„ლურჯები“ მზად იყვნენ 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეხადათ და ამის შესახებ „ჩელსის“ ფეხბურთელებმაც შეიტყვეს. ფაბრეგასმა ვარჯიშისას მოურინიოს უთხრა, რომ ლეოს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა უნდოდა, ჟოზე კი გამოუტყდა, რომ „ლა პულგასთან“ დიალოგი უკვე ჰქონდა. საბოლოოდ, ეს ინფორმაცია არგენტინელი სუპერვარსკვლავის მამამდე, ხორხე მესიმდე მივიდა. სანამ „ჩელსი“ ოფიციალურ წინადადებას ამზადებდა, უფროსმა მესიმ შვილს დაურეკა და „ბარსელონას“ დატოვების წინააღმდეგ წავიდა. დი მარციოს მიხედვით, მესი პანიკაში ჩავარდა, მამამისს უთხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და ყველაფერი ასე დასრულდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები