''სომხებს ვაჯობეთ, მათ რეალურ მომენტს ვერ ვიხსენებ'' - დაკარგული ქულები მოსაგებ შეხვედრაში
Aa
Aa

''სომხებს ვაჯობეთ, მათ რეალურ მომენტს ვერ ვიხსენებ'' - დაკარგული ქულები მოსაგებ შეხვედრაში

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სომეხეთისა და საქართველოს დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. პოლონეთის ქალაქ ტიხში პირველი ტაიმი ბაირამიანის გოლით ნომინალურმა მასპინძლებმა მოიგეს. შესვენების შემდეგ კაჭარავასა და ოქრიაშვილის გოლებით საქართველო წინ გავიდა, თუმცა მატჩის მიწურულს ბუბა დაუშვილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მხითარიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ნიკა კაჭარავას, ნიკა კვეკვესკირისა და თორნიკე ოქრიაშვილის კომენტარები გამოაქვეყნა.

ნიკა კაჭარავა: "ნაკრებში გატანილი გოლი ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე გულდასაწყეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება.

რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული."

ნიკა კვეკვესკირი: "შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი - ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა.

გვქონდა შანსი, რომ  ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი.

ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს, ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში მივდივართ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ."

თორნიკე ოქრიაშვილი: "მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ავიღოთ სამი ქულა."

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად მაკედონიას შეხვდება. მატჩი სკოპიეში 14 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ამ ეტაპზე საქართველოსა და მაკედონიის ანგარიშზე 5-5 ქულაა, სომხეთმა 4 ქულა დააგროვა, ხოლო ესტონეთი 1 ქულით აუტსაიდერია.

ფოტო/ვიდეო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები