Aa
Aa

"მათ ფულისთვის გამომიყენეს" - პიაცონმა ჩელსი გააკრიტიკა

ცნობილია, რომ ლონდონის "ჩელსი" სატრანსფერო ბაზარზე საკუთარ ფეხბურთელებს იჯარის წესით ხშირად უშვებს. ეს, ძირითადად, ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებს ეხება.

ერთ-ერთი მათგანი ლუკას პიაცონი გახლავთ, რომელიც "არისტოკრატებმა" 2011 წელს შეიძინეს, მაგრამ გამუდმებით სხვადასხვა გუნდებში ანათხოვრებდნენ. პიაცონს "ჩელსის" შემადგენლობაში მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული. 2013 წლის შემდეგ ბრაზილიელმა 6 სხვადასხვა ქვეყნის 7 კლუბში ითამაშა. ამასთან დაკავშირებით, მან ინტერვიუ ჩაწერა და ლონდონელები გააკრიტიკა.

"პირველად თავს კარგად ვგრძნობდი. კლუბის 23-წლამდელთა შემადგენლობაში გამამწესეს და მეგონა, მალე პირველ გუნდშიც გადავიდოდი, მაგრამ იჯარის წესით სხვა კლუბში გამიშვეს. ვფიქრობდი, ამით ისინი მაკვირდებოდნენ და სულ ცოტა ხანში უკან დავბრუნდებოდი.

დროის გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ მათი ბიზნესის ნაწილი ვიყავი. იჯარით იმ მოლოდინით გამიშვეს, რომ სხვა კლუბი მიყიდდა და ამით გარკვეულ თანხას იშოვნიდნენ. ისინი ამაზე მუდამ ფიქრობდნენ", - განაცხადა პიაცონმა.

აღსანიშნავია, რომ უეფა-მ "ჩელსის", სწორედ ამ საკითხის გამო სატრანსფერო ბანი დაადო. "არისტოკრატებს" 2019 წლის ზაფხულში და ზამთარში შეეძლოთ ფეხბურთელის ყიდვა, მაგრამ ვერ გამოიყენებდნენ. ახალ მოთამაშეს თამაშის უფლება არ ექნებოდა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი 2020 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე დასრულდა და გუნდმა უამრავი ახალი ტრანსფერი განახორციელა.

პიაცონი არ არის პირველი, ვინც რომან აბრამოვიჩის სისტემა გააკრიტიკა. სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ "ჩელსი" ახალგაზრდა ფეხბურთელებით ბიზნესს აკეთებს და ამით ისინი ნიჭიერ ტალანტებს კლავენ.

ამ მომენტში "არისტოკრატებს" 35 ფეხბურთელი ჰყავთ განათხოვრებული და არც ერთ მათგანს ძირითად გუნდში არ უთამაშია. თითქმის ბოლო ორ დეკადაში, აკადემიიდან გადმოყვანილი მოთამაშეებიდან მხოლოდ ჯონ ტერიმ გაამართლა და კლუბის ლეგენდა გახდა.

საბედნიეროდ, ფრენკ ლამპარდმა ეს მიდგომა შეცვალა. მისი დანიშვნის დღიდან მთავარ გუნდში "ჩელსის" აღზრდილ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ. ესენი არიან - მეისონ მაუნთი, ტამი აბრაჰამი, ფაკაიო ტომორი და რის ჯეიმსი.

მეორე საკითხია, რამდენად ამართლებენისინი, მაგრამ ფაქტი ერთია - "სუპერ ფრენკიმ" გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო და მიდგომები ჩამოაყალიბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები