ჭიკაძე: ''მეტოქე შევისწავლე, გეგმას მივყევი და ფაქტი სახეზეა''
Aa
Aa

ჭიკაძე: ''მეტოქე შევისწავლე, გეგმას მივყევი და ფაქტი სახეზეა''

32 წლის ქართვემა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში თავისი მე-4 ბრძოლა გამართა და წინა სამის მსგავსად, ამჯერადაც გამარჯვებით დაასრულა! ჭიკაძის მეტოქე ვენესუელელი დაუმარცხებელი მებრძოლი ომარ მორალესი გახლდათ.

ქართველი მებრძოლი მოწოდების სიმაღლეზე იყო და პირველივე წუთებიდანვე სამივე რაუნდში დომინირებდა. უკანასკნელ რაუნდში ჭიკაძემ მორალესს უძლიერესი დარტყმა მიაყენა, რამაც ვენესუელელი ოქტაგონზე დააგდო, რასაც დარტყმების სერია მიაყოლა და ამ მომენტის შედეგად ფაქტობრივად გაირკვა, თუ ვინ იქნებოდა დღევანდელი ბრძოლის გამარჯვებული.

გამარჯვების შემდეგ ჭიკაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ოცნება UFC-ის თბილისში ჩატარებაა.

გიგა ჭიკაძე: ''მებრძოლთა კუნძული განსაკუთრებული ადგილია. მებრძოლები ძალიან იზოლირებულები ვართ, კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი ტესტი ჩაგვიტარდა. კუნძულზე მყოფი თითოეული ადამიანისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდით.

რაც შეეხება მეტოქეს, კარგად ვიცოდი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე ძლიერი იყო და დაუმარცხებლად გამოდიოდა. ჩემთან შეხვედრამდე 10 ბრძოლიდან ყველა მოიგო. ასევე, უფრო მაღალ წონით კატეგორიაში იყო და ქვედა წონით კატეგორიაში პირველად ჩემთან გამართა ბრძოლა. იდეაში მას უფრო დიდი კუნთუვანი მასა ექნებოდა, რაც ფიზიკურ სიძლიერეს გულისხმობს.

მეტოქის სტილი კარგად შევისწავლეთ, მწვრთნელებთან ერთად გეგმა შევიმუშავე, ამ გეგმას მივყევი და ფაქტი სახეზეა.

UFC-ის ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემი ოცნებაა ოდესმე თბილისში UFC-ში ჩავატაროთ და ყველაფერი ამისკენ მიმყავს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები