Aa
Aa

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს ოთხი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რვა ერში მოხვედრის შემდეგ, ქომაგთათვის მორიგი პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, „ბორჯღალოსნების“ სამვწრთნელო შტაბში ამიერიდან 4 მაღალი დონის სპეციალისტი იმუშავებს - სებასტიან ბრუნო, დევიდ ჰემფრიზი, ნილ დოკი და ქელვინ მორისი.

პირველი მათგანი ფრანგი სებასტიან ბრუნო იქნება, რომელიც შერკინების მწვრთნელი გახლავთ. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კვაჭი და შერკინების მწვრთნელი 2019 წლის მსოფლიო თასზე. ბრუნო „ბეზიეში“, „პოში“, „სეილ შარქსსა“ და „ტულონში“ ასპარეზობდა.

ლევან მაისაშვილის კონსულტანტის თანამდებობას დევიდ ჰემფრიზი დაიკავებს, რომელიც „ლონდონ აირიშის“, „ალსთერის“ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე გახლავთ. რაც შეეხება მის სამწვრთნელო გამოცდილებას, იგი „ალსთერისა“ და „გლოსთერის“ ყოფილი მწვრთნელი გახლავთ.

შეტევისა და ხაზის მწვრთნელი ნილ დოკი იქნება, რომელიც „ალსთერში“, „მზარდ ირლანდიაში“ და „ვუსთერ უორიორზში“ მუშაობდა.

„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გუნდის შევსებით კმაყოფილია.

„მაღალი დონის სპეციალისტებით გაძლიერებას „რვა ერის“ დაანონსებამდეც ვგეგმავდით და სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით. საფრანგეთში შემოგვიერთდება სამი მათგანი – შერკინების მწვრთნელი სებასტიან ბრუნო, რომელიც ‘ტულონში’ ქართველებთან ერთად იყო და კარგად ახასიათებენ. თავიდანვე ვიცოდით, რომ შერკინების მწვრთნელი ფრანგი უნდა ყოფილიყო, რადგან ფრანგები ბიჭებთან უფრო თავსებადობაში არიან, ვიდრე ბრიტანელებთან. ბრუნო შერკინებაში გიორგი ჩხაიძესთან ერთად იმუშავებს“.

„ირლანდიელი დევიდ ჰემფრიზი ჩემი კონსულტანტი იქნება. მას ძალიან დიდი საკლუბო და საერთაშორისო გამოცდილება აქვს. საერთო ნაცნობებმა ის კარგად დაახასიათეს და მისი გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება. დიდი გამოცდილება აქვს შეტევის მწვრთნელ ნილ დოკსაც“.

მოგვიანებით, უკვე უშუალოდ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ბორჯღალოსნებს მეოთხე მწვრთნელი, მათთვის კარგად ნაცნობი კელვინ მორისი შეუერთდება:

„მსოფლიო რაგბიდან ჩვენთან მოვლინებულია კელვინ მორისი, მაღალი დონის სპეციალისტი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ მსოფლიო რაგბიდან სწორედ ის ჩართულიყო ჩვენს მზადებაში, რადგან მას მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც კარგად ვიცნობთ“. - მაისაშვილის კომენტარს rugby.ge ავრცელებს.

ფოტომასალა - rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები