უარი კრასნოდარის 10 მილიონს - რუბინი კვარაცხელიას ევროპაში გაყიდის
Aa
Aa

უარი კრასნოდარის 10 მილიონს - რუბინი კვარაცხელიას ევროპაში გაყიდის

''კრასნოდარს'' ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა 10 მილიონ ევროდ სურდა, თუმცა ყაზანის ''რუბინმა'' აღნიშნულ წინადადებას უარით უპასუხა და ქართველი ტალანტის ტრანსფერი დაბლოკა. Sport Business Gazeta-ს ცნობით ''კრასნოდარს'' კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა, როცა ის იური სიომინის მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ღირსებას იცავდა, თუმცა როცა მან მოსკოვური კლუბი დატოვა ყველაზე მეტად ყაზანურმა გუნდმა იაქტიურა.

''კრასნოდარი'' მზად იყო კვარაცხელიას პროგრესის გაგრძელების მიზნით ფეხბურთელი ერთი ან ორი სეზონით ''რუბინში'' გაენათხოვრებინა, თუმცა ეს წინადადებაც დაიბლოკა, რადგან ''რუბინის'' ხელმძღვანელებს არ სურთ მოთამაშე მათ გუნდში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, პროგრესი აჩვენოს და შემდეგი კონკურენტი გუნდი გააძლიეროს.

აღნიშნული გამოცემა ძალიან საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, ''რუბინს'' ქართველი ტალანტის გაყიდვა ევროპაში სურს. მაშინ როცა რუსული ფეხბურთიდან ევროპაში გადაბარგება ანანიძემ, ასათიანმა, ჯანაშიამ და კიდევ ბევრმა სხვა ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო, კვარაცხელიას ევროპული ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისი იქნება. ''რუბინი'' კვარაცხელიას გაყიდვას 10 მილიონზე გაცილებით მაღალ ფასად გეგმავს, თუმცა თანხის კონკრეტული ოდენობა არ სახელდება.

კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე თვის დასაწყისში რუსული წყაროს, Metaratings-ის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კვარაცხელიას გადაბირების სურვილი პირადად ''გალათასარაის'' მთავარ მწვრთნელს, თურქული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ფათიჰ თერიმს აქვს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 2020-21 წლების სეზონის საწყის 10 ტურში კვარაცხელიამ 168 მცდელობიდან 87 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა, რაც რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები