Aa Aa

კაკა და სიტი - არშემდგარი ტრანსფერი

ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. სახლში ვიყავი, როცა ტელეფონმა დარეკა. მამაჩემი იყო და აღტაცებული ჩანდა. მითხრა, რომ ერთ-ერთმა ინგლისურმა კლუბმა, კერძოდ, „მანჩესტერ სიტიმ“ „მილანს“ ჩემ სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა. სანამ ვუპასუხებდი ისიც დაამატა, რომ „როსონერი“ მზად იყო ტრანსფერზე თანხმობა განეცხადებინა. „მილანისთვის“ გაკეთებულ ოფიციალურ შეთავაზებამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ „სიტი“ ჩემით გახლდათ დაინტერესებული.

მოლაპარაკების პროცესი ნამდვილად განსაკუთრებული იყო. „ქალაქელებს“ მამაჩემისთვის, რომელიც ჩემი აგენტია, არაფერი უთქვამთ და პირდაპირ „მილანს“ დაუკავშირდნენ. მათ „როსონერის“ წინადადებით მიმართეს და ჰკითხეს: „ამ შეთავაზებაზე რას ფიქრობთ“? ამის შემდეგ, „შავ-წითლების" მმართველებმა მამაჩემს დაურეკეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. იმ პერიოდში „მილანი“ ნამდვილად არ იყო ისეთი კლუბი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს ადვილად შეელეოდა. „როსონერის“ სატრანსფერო პოლიტიკის მიხედვით, გუნდიდან მხოლოდ იმ ფეხბურთელებს უშვებდნენ, რომლებსაც წასვლა სურდათ და მე კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა გალიანიმ მამაჩემთან საუბრისას აღნიშნა: „გვსურს, რომ ტრანსფერი გაიჩარხოს. დიდ თანხებზეა საუბარი და მათ წინადადებაზე უარის თქმას არ ვაპირებთ“. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეფიქრა...

მამაჩემთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მასთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი. „სიტის“ შეთავაზების შესახებაც ვილაპარაკეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ინგლისში გადასვლის ვარიანტის განხილვა ნამდვილად ღირდა. ჩავთვალეთ, რომ თუ „მილანი“ თანხმობის თქმას აპირებდა, რაც დიდი იშვიათობაა, აუცილებელი იყო „ნისლიან ალბიონზე“ თამაშის პერსპექტივაზე გვემსჯელა. „სიტიში“ თამაში საინტერესო და ამაღელვებელ გამოწვევას წააგავდა, რომელიც არსაიდან გაჩნდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიბენი და შექმნილმა ვითარებამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა. აჟიტირებული და ემოციურად განადგურებილი ვიყავი... მახსოვს, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად „სან სიროზე“ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ვითამაშე და იმ მატჩის მიმდინარეობისას მხოლოდ ჩემს სამომავლო გეგმებზე ვფიქრობდი და ფეხბურთი არ მაინტერესებდა. თამაშზე კონცენტრირება ვერ მოვახერხე და ამის გამო საშინლად ვიასპარეზე. მახსოვს „მილანის“ გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „კაკა, თავს ნუ გაყიდი! კაკა, თავს ნუ გაყიდი“!

ემოციური გადმოსახედიდან „ვიოლასთან“ თამაში საკმაოდ რთული იყო და იმ შეხვედრაში ჩემი პრობლემები იდეალურად გამოჩნდა. მოლაპარაკების პროცესმა ჩემს ხასიათზე და ცხოვრებაზე იმოქმედა. რომელი გზა უნდა ამერჩია? სიტიში გადავსულიყავი და სხვა ქვეყანაში ახალი გამოწვევები მიმეღო, თუ იმ კლუბში დავრჩენილიყავი, რომელიც მიყვარდა?! რეალურად საქმე გაცილებით რთულად იყო და ათასი დეტალი გახლდათ გასათვალისწინებელი. ამიტომ რჩევის მისაღებად რამდენიმე ადამიანს მივმართე.

ჩემი ფიქრები და პრობლემები გალიანისა და ლეონარდოს გავანდე, რადგან „მილანში“ ყოფნისას მათ ყველაზე ხშირად ვესაუბრებოდი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიც არ დამვიწყებია. განვითარებული მოვლენების შესახებ ჩემს მაშინდელ მეუღლეს, კაროლინს ვესაუბრე. სამომავლო გეგმებზე მასთან რამდენიმე დღის განმავლობაში ვკამათობდი. ბუნებრივია, „სიტის“ შესახებ ჩემმა ძმამ და მამაჩემმაც იცოდნენ და ისინი გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარნენ.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდი. „სიტის“ წინადადებამ გამაოცა. თანაც „ქალაქელები“ „მილანს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დაუკავშირდნენ, როცა ხმაურიანი ტრანსფერები თითქმის არასდროს ხორციელდება. ზაფხული რომ ყოფილიყო, მეტი დრო მექნებოდა, ვითარებას შედარებით მარტივად გავუმკლავდებოდი და გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად მივიღებდი. თანაც ზაფხულში შვებულებაში ვიქნებოდი და შუა სეზონში საკუთარ მომავალზე ფიქრი არ მომიწევდა. თუმცა წინადადება სწორედ იანვარში მივიღეთ და როცა დადასტურდა, რომ „მილანი“ შეთავაზებით კმაყოფილი იყო, მე და ჩემს წარმომადგენლებს პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმების უფლება მოგვცეს. მამაჩემი „ქალაქელების“ მწვრთნელთან, მარკ ჰიუზთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ინგლისში გაფრინდა.

მაშინ „მილანის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი გახლდათ. მან შექმნილი ვითარების შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. მას გუნდში დარჩენაზე ჩემი დაყოლიება არც უცდია და არც კლუბიდან წასვლის შესახებ უსაუბრია. იგი მოდიოდა, ზრდილობიანად მეკითხებოდა თავს როგორ ვგრძნობდი, საქმეები როგორ მიდიოდა და დახმარება ან რჩევა ხომ არ მჭირდებოდა.

კარლო მდგომარეობას შესანიშნავად გაუმკლავდა და ვითარების გაკონტროლება მოახერხა,  რათა ჩემს პრობლემებს ჩემს თანაგუნდელებზე გავლენა არ მოეხდინა. ფეხბურთში გუნდი ყოველთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, სხვანაირად არ შეიძლება!

აუცილებელია აღვნიშნო, რომ იტალიაში თავს, შესანიშნავად ვგრძნობდი. არა მხოლოდ კლუბში, არამედ ქალაქშიც და ქვეყანაშიც ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქ დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი და თავს, ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. იტალიაში გატარებული პერიოდი, როგორც საფეხბურთო, ასევე პირადი ცხოვრების მხრივ, იდეალური იყო. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი, კლუბი, ქალაქი, ქვეყანა, ხალხი - ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად იყო.

ამ ფრაზების შემდეგ მკითხველს ალბათ გაუჩნდება კითხვა: „მაშინ რატომ განიხილავდი ინგლისში გადასვლას“? პასუხი მარტივია! იმიტომ, რომ „მილანმა“ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა და ამან ყველაფერი შეცვალა. „როსონერის“ უარი რომ ეთქვა, მოლაპარაკებები იქვე დასრულდებოდა. იტალიელებს რომ ეთქვათ, „არა, კაკა არ იყიდება“ ან „მის დათმობას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვაპირებთ“, მაშინ სპეკულაციები დასრულდებოდა. „მილანის“ მმართველი საბჭოს ოთახში ნამდვილად არ შევვარდებოდი და ტრანსფერზე დაყენებას არ მოვითხოვდი. მათ გუნდიდან გაშვებას ზრდილობიანადაც არ ვთხოვდი! მაგრამ, როცა შენი გუნდი ამბობს, „რატომაც არა“? ცვლილებებზე ფიქრს შენც იწყებ. და ჩემთან მიმართებით ზუსტად ეს მოხდა! იმის გაგებამ, რომ „მილანი“ ჩემს გაყიდვას აპირებდა მომავალზე დაფიქრება მაიძულა. კლუბთან და გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ისინიც ამბობდნენ, რომ წასვლა შემეძლო! ეს კი, იმის ნიშანი იყო, რომ ჩემი იტალიური თავგადასავალი დასასრულს უახლოვდებოდა... 6 წლის შემდეგ, ალბათ ეს ბუნებრივი მოვლენა გახლდათ!

ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდი იყო ის, რომ ეს ყველაფერი სამივე მხარისთვის ცუდ დროს ხდებოდა. იანვარი ფეხბურთელის გასაყიდად ან შესაძენად საუკეთესო დრო ნამდვილად არაა. თავად ფეხბურთელისთვის იანვარში სხვა ქვეყანაში გადასვლა და განსხვავებულ კულტურასთან და ენასთან ადაპტაცია ურთულესია. მაშინდელი საფეხბურთო სამყაროს ყველაზე განხილვადი პროექტის ნაწილად ქცევა დამაინტრიგებელი პერსპექტივა იყო, თუმცა იანვარში კლუბის შეცვლა ოპტიმალური ვარიანტი არ გახლავთ.

სიმართლე გითხრათ, მაშინ „სიტის“ შესახებ ბევრი რამ ნამდვილად არ ვიცოდი და მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლებოდი. ვიცოდი, რომ კლუბი შეიხმა მანსურმა შეიძინა და მას სიტის აღორძინება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გადაბირება სურდა. რამდენიმე თვით ადრე, მათ რობინიო იყიდეს და მაშინ მივხვდი, რომ „ქალაქელებს“ სერიოზული გეგმები ჰქონდათ.

იმ პერიოდის „სიტი“ თანამედროვე „სიტის“ ნახევარიც არ იყო. „ქალაქელები" ყველაფერს ნულიდან იწყებდნენ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ქცევისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდის პროექტს დასრულებამდე ბევრი აკლდა. ჩემი ტრანსფერი მათი ნომერ პირველი პრიორიტეტი გახლდათ. მათი წინადადებით მოხიბლული ვიყავი, თუმცა დარწმუნებული მაინც არ გახლდით.

„სიტისთან“ მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანესი მომენტი აღმოჩნდა. სწორედ აქ გავიგეთ მათი სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებით გვაინტერესებდა როგორ აპირებდნენ დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ქცევას. ჩემ გარდა კიდევ ვის შეძენას გეგმავდნენ და ა.შ.

„სიტისთან“ მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონტრაქტის ბოლო დეტალები შევათანხმეთ, ხელშეკრულება მომზადდა და ერთადერთი, რაც „ქალაქელებისგან“ მაშორებდა ხელმოწერა გახლდათ. ბრიტანელებმა გაცილებით მაღალი ხელფასი შემომთავაზეს, ვიდრე „მილანში“ ვიღებდი და სწორედ ამ დროს იწყებ საკუთარ მომავალზე ფიქრს... ვფიქრობდი ინგლისში როგორი ცხოვრება მექნებოდა. ჩემს მეუღლესა და შვილებს გაუჭირდებოდათ თუ არა ახალ გარემოსთან ადაპტაცია. როგორი იქნებოდა ჩემი რუტინა ახალ კლუბში და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემს თავში ტრიალებდა. იმ პერიოდში ხშირად ვლოცულობდი, ლოცვა ძალიან მეხმარებოდა და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მაძლევდა.

მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე ტელეფონმა კიდევ ერთხელ დარეკა, ისევ სახლში ვიყავი და ისევ მამაჩემის ზარი იყო. ზუსტად იმ მომენტში, სახლის გარეთ, „მილანის“ ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ მათთვისაც უმნიშვნელოვანესი მომენტი იდგა...

„მილანის“ ქომაგებს ძალიან ვუყვარდი, მათ დღემდე ძალიან ვუყვარვარ და მეც ზუსტად იმავეს ვგრძნობ. ვერ გეტყვით, რომ ჩემს სახლთან რომ არ შეკრებილიყვნენ, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი თქო, მაგრამ მათმა ქმედებებმა დამანახა, რომ ისინი ძალიან მაფასებდნენ, ჩემზე ზრუნავდნენ და სურდათ, რომ საფეხბურთო თავგადასავალი მათთან ერთად გამეგრძელებინა. ისინი დამეხმარნენ და გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ქომაგები ყველგან იყვნენ. ისინი ქუჩებში მხვდებოდნენ, მღეროდნენ და მიღიმოდნენ. სატელეფონო ზარს დავუბრუნდეთ. მამაჩემმა დამირეკა და მითხრა: „გასაქცევი გზა აღარ გაქვს! ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული“.

„მამა, შეგიძლია უთხრა, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. მომავალში რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ ახლა „მილანში“ დარჩენას ვირჩევ და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა“! დიდი ფიქრის შემდეგ, მივხვდი, რომ ინგლისში გადასვლა არ ღირდა. „სიტიში“ გადასასვლელად შესაფერისი დრო არ იყო და რაც მთავარია, ჩემთვის ბუნდოვანი გახლდათ გზა, რომლითაც კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებდა. თანაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათი გეგმა იმუშავებდა.

დღესდღეობით „სიტი“ საკმაოდ სოლიდური კლუბია და იგივე შანსი ახლა რომ მიმეღო, გადაწყვეტილება უფრო მარტივი იქნებოდა. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომლის გადაბირებაც „სიტის“ სურს, არჩევანის გაკეთებისას იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, როგორშიც მე ვიყავი. სიმართლე გითხრათ წლეულს მათგან შეთავაზება რომ მიმეღო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავთანხმდებოდი.

სამწუხაროდ, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. მთხოვეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე და საკმაოდ წარმატებული კლუბი გამეცვალა კლუბზე, რომელსაც ახალი პროექტი ჰქონდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა. თანაც ამ კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მე უნდა ვყოფილიყავი. „მილანში“ დარჩენა უსაფრთხო არჩევანი იყო, „როსონერი“ საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე ტიტულების მოსაპოვებლად იბრძოდა და მე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდით.

ხალხი იმ ცნობილი სცენის შესახებ ხშირად მეკითხება, როცა აივნიდან „მილანის“ მაისურში გამოწყობილი ქუჩაში მყოფ გულშემატკივრებს „როსონერის“ მაისურით ვესალმები. ვფიქრობ ამ ჟესტით კლუბის მიმართ სიყვარული და ერთგულება გამოვხატე. მამაჩემთან საუბრის შემდეგ ერთადერთი რამ მქონდა დარჩენილი, „მილანისთვის“ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მეცნობებინა.

კლუბმა ინფორმაცია პრეს-სამსახურის მეშვეობით გაავრცელა და სულ მალე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ შეიტყო. რამდენიმე წუთის შემდეგ, ახალი ამბავი ჩემი სახლის წინ შეკრებილმა გულშემატკივარმაც გაიგო და მათი რეაქცია არასდროს დამავიწყდება. მათ სიმღერა და ზეიმი დაიწყეს, რაშიც მეც შევუერთდი. „მილანის“ მაისური ავიღე და აივანზე გავედი. სიმღერა და ცეკვა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა, ამასთან ერთად პეტარდები და გაზის ბომბებიც ისროლეს! საოცარი ზეიმი იყო და მსგავსი რამ არასდროს მინახავს.

ნახევარი საათის შემდეგ ჩემთან ლეონარდო მოვიდა და მთელი საღამო შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვისაუბრეთ. არაფერს ვნანობ! რა თქმა უნდა, ვიღაცები თვლიან, რომ შევცდი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სწორი გზით წავედი და იმ მომენტის შემდეგ კარიერა გაცილებით უკეთ წარიმართა.

ვამაყობ იმ პიროვნებით, რომელიც ახლა ვარ! როგორც პროფესიონალური, ასევე პერსონალური გადმოსახედიდან - და ამის მიღწევაში სწორედ მიღებული გადაწყვეტილება დამეხმარა! ვამაყობ იმით, რაც იტალიაში, ესპანეთში და ამერიკაში ვისწავლე! ყველა მომენტი მნიშვნელოვანი გახლდათ და ნამდვილად არაფერს ვნანობ! რამდენიმე თვის შემდეგ, „მილანი“ დავტოვე და „რეალში“ ოცნების ასასრულებლად წავედი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი რამ ვიცოდი, თუ კლუბს შევიცვლიდი ეს აუცილებლად „ბლანკოსის“ გამო მოხდებოდა.  ვფიქრობ ჩემმა არჩევანმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფული ნამდვილად არ იყო.

„სიტისთვის“ ნათქვამი უარის შემდეგ ვიცოდი, რომ წინადადებები ივნისში და ივლისშიც მექნებოდა. „მილანმა“ შესაძლო ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და მეც სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდი. ვიცოდი, რომ თუ „რეალს“ ჩემი გადაბირება მოუნდებოდა მას აუცილებლად დადებით პასუხს გავცემდი.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სიმშვიდის პოვნა აუცილებელია და „მილანში“ დარჩენით სწორედ ეს მივიღე!

 

გაზიარება: