Aa Aa

"ის ნაბი***ვარი ფეხბურთელებს მიჩაგრავს" - ახალგაზრდა ფერგიუსონი "სენტ მირენში"

1976 წელს, ახალგაზრდა და მრისხანე სერ ალექს ფერგიუსონის მიერ გაწვრთნილი „სტ. მირენი“, რომელიც შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, 3-კვირიან ტურნეში გაემგზავრა. ტურნე კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაროლდ კერის დამსახურება გახლდათ. ეს უკანასკნელი ვისკის ექსპორტში იყო ჩართული და გუნდის საზღვარგარეთ გასაგზავნად საკუთარი კონტაქტები გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონს რთული ხასიათის მქონე პიროვნების რეპუტაცია ჰქონდა, ტურნე მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ შემდეგ გუნდი გაიანაში ჩავიდა...

გაიანა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის ემზადებოდა და „სტ. მირენის“ სხვა მეტოქეებისგან განსხვავებით, მათთვის შოტლანდიურ კლუბთან მატჩი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამხანაგური შეხვედრა. მსაჯის სასტვენის შემდეგ, გაიანას ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გახლდათ, ახალგაზრდა თავდამსხმელ რობერტ ტორენსს სისტემატურად ეუხეშებოდა. სათადარიგოთა სკამთან მყოფმა ფერგიმ პროტესტი რამდენჯერმე გამოხატა, მაგრამ მისი სიტყვები არბიტრმა ყურად არ იღო. მეორე ტაიმის სტარტზე, როცა იგივე განმეორდა, ფერგიუსონმა კონტროლი დაკარგა. სერ ალექსმა თავის ასისტენტს, დევიდ პროვანს უთხრა: „საკმარისია! მოედანზე შევდივარ“!

ტურნეს მიმდინარეობისას ფერგიუსონი და პროვანი სათადარიგო ფეხბურთელების მსგავსად ხშირად იცვამდნენ და ამით ერთობოდნენ. სწორედ ამიტომ, ფერგი მოედანზე შესასვლელად სრულ მზადყოფნაში გახლდათ. პროვანი მის გადასარწმუნებლად ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო! „ის დიდი ნაბიჭვარი ჩვენს ფეხბურთელებს ჩაგრავს“, - თქვა ფერგიმ!

შოტლანდიელი სპეციალისტი მოედანზე შევიდა და ერთ-ერთი ჩაწოდებისას მცველს იდაყვი უთავაზა. დაპირისპირება მანამ გაგრძელდა, სანამ სერ ალექსმა მიზანს არ მიაღწია და ტკივილისგან შეწუხებული უკანახაზელი მინდორზე არ აღმოჩნდა, ფერგიუსონმა კი წითელი ბარათი არ მიიღო.

მატჩის შემდეგ, ფერგიმ ფეხბურთელებს უთხრა: „ამ გაძევების შესახებ კრინტი არავისთან დაძრათ“. და მართლაც, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ფეხბურთელებმა იცოდნენ რომ, თუ არაფერს იტყოდნენ, გადარჩებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „შავ წიგნში“ მოხვდებოდნენ.

„შავ წიგნში“ ის განწირული ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებმაც ფერგი გააღიზიანეს. სერ ალექსის წყობიდან გამოყვანა თითქმის ყველაფერს შეეძლო. 1974 წელს, როცა ფერგი „სტ. მირენის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ადგილობრივმა გაზეთმა ფოტოს გადასაღებად კლუბში რეპორტიორი გაგზავნა. მეორე დღეს, გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოს ნავამ სერ ალექსი განარისხა. გუნდის კაპიტანი, იან რიდი შოტლანდიელს გაეხუმრა და მწვრთნელის თავთან თითებით „კურდღლის ყურები“ გამოსახა. ფოტოს ხილვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ფერგიმ რიდს დაურეკა, ოფისში დაიბარა და უთხრა: „ჩემი გუნდის კაპიტანი ზრდასრული ადამიანი უნდა იყოს. შენი ქმედება ბავშვური ოინი იყო და ამიტომ უნდა წახვიდე!“

„მანჩესტერ იუნაიტედში“ შოტლანდიელის ყველას ეშინოდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ახალგაზრდობაში ფერგის უფრო რთული ხასიათი ჰქონდა. ფეხბურთელობის პერიოდში სერ ალექსი მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს, მსაჯებსა და თანაგუნდელებსაც კი! სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა. ერთხელ, ფერგიმ მთელი მოედანი გადაკვეთა, რათა დაპირისპირებოდა თანაგუნდელს, რომელმაც არაზუსტი გადაცემა გააკეთა. საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული ფაქტი მისი გამოსამშვიდობებელი მატჩისას მოხდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფერგიუსონმა „ისტ სტირლინგშაირი“ ჩაიბარა. ამ გუნდის თავდამსხმელი ბობი მაკალი იხსენებს: „ფერგის მოსვლამდე არავისი მეშინოდა, მაგრამ ის თავიდანვე საშიში ნაბიჭვარი იყო“.

შოტლანდიური კლუბის ჩაბარებიდან ოთხი თვის შემდეგ, უილი კანინგემის (ფერგის ექს-მწვრთნელი) რეკომენდაციის შედეგად სერ ალექსი „სტ. მირენს“ შეუერთდა. ახალ პოსტზე ფერგიუსონის მთავარი დასაყრდენი საფეხბურთო კარიერისას მიღებული გამოცდილება, წარმატებისკენ სწრაფვის წყურვილი და თავდადება იყო. „სტ. მირენში“ მისვლისას ფერგიმ საკუთარ თავს უთხრა: „აქ წარმატებას აუცილებლად მივაღწევ“.

დასაწყისი

„სტ. მირენმა“ წინა სეზონი შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონში გაატარა და მე-11 ადგილზე დაასრულა. გუნდის სტადიონი, რომელსაც Love street ერქვა, 25000 მაყურებელს იტევდა, თუმცა თამაშებს საშუალოდ 3000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ფეხბურთელების კონტრაქტები ნახევარ განაკვეთზე იყო გაფორმებული და ისინი ანაზღაურების სახით კვირაში 12 გირვანქა სტერლინგს იღებდნენ. სამწვრთნელო შტაბი 4 სპეციალისტისგან შედგებოდა -  ასისტენტი, სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი და ეკიპირების მენეჯერი, რომელიც ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. „კლუბში ყველაფერი უფსკრულისკენ მიექანებოდა“, - იხსენებს ფერგიუსონი.

„სტ. მირენი“ წარუმატებლად ყველაზე ცუდ დროს ასპარეზობდა. მომდევნო სეზონში შოტლანდიის ტოპ ორი დივიზიონი სამად უნდა გაყოფილიყო. საუკეთესო 6 გუნდი (მეორე დივიზიონის) ახლად შექმნილ მეორე დივიზიონს შეუერთდებოდა, ხოლო დანარჩენები მესამეში აღმოჩნდებოდნენ. ფერგიუსონმა იცოდა, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და ვითარებას საჭირო რესურსების არქონა ართულებდა. როცა სერ ალექსმა გუნდში მყოფი 35 ფეხბურთელის თამაში იხილა, გადაწყვიტა, რომ მათი უმრავლესობა უნდა წასულიყო.

შოტლანდიელმა გუნდში მკაცრი დისციპლინა დაამკვიდრა. როცა ჯონ მოუატმა ფერგის მიერ დაწესებულ წესებს გადაუხვია, რიდის გზას გაუყვა და „შავ წიგნში“ მოხვდა. სერ ალექსმა ერთ მოთამაშეს საყვედური იმიტომ გამოუცხადა, რომ ეს უკანასკნელი შეხვედრაზე საკუთარი მანქანით მივიდა და არა „სტ.მირენის“ ავტობუსით. მეორემ ვარჯიშზე მისვლა ვერ მოახერხა, რადგან მეგობარი გოგონა კონცერტზე წაიყვანა! ფერგის პასუხი ასეთი გახლდათ: „შეგიძლია, კლუბში აღარასდროს მოხვიდე“!. „მინდოდა, ყველას სცოდნოდა, რომ დაწესებული ნორმები არ უნდა დაერღვიათ. მათ შეტყობინება მიიღეს“, - წერს ფერგიუსონი.

პრობლემები

„სტ. მირენმა“ აღმასვლა დაიწყო. გუნდში გლაზგოური საბრძოლო სულის შემოტანასთან ერთად, ფერგიმ სათამაშო ტაქტიკა დაამკვიდრა, რომელიც შემდგომში „აბერდინსა“ და „იუნაიტედში“ გამოიყენა. ფერგის კოლექტივი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ადგილობრივი მოთამაშეების მოძიებაზე იყო ორიენტირებული. სერ ალექსის მიერ დამოძღვრილმა „სტ. მირენმა“ სეზონის ერთ მონაკვეთში ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო და გუნდის წარმატებით აღფრთოვანებულმა ფერგიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი ჩემპიონატის დასრულებამდე აღარ წააგებდა. „სტ. მირენმა“ ბოლო 5-დან 2 თამაში დათმო და მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ახლად შექმნილ მეორე დივიზიონში გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

ახალი სეზონის სტარტზე ფერგის ერთი მიზანი ჰქონდა - დაწინაურება. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. შოტლანდიელს ნახევარ განაკვეთზე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული და გლაზგოში პაბი გახსნა, რათა ფინანსურ პრობლემებს გამკლავებოდა. Fergie’s-ში თავს ათასი ჯურის ადამიანი იყრიდა, მაგრამ მათი უმრავლესობა პორტში მომუშავენი იყვნენ, რომლებიც ჩხუბისა და ალკოჰოლის სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ფერგიუსონს მოჩხუბართა გაშველება ხშირად უწევდა და იყო მომენტები, როცა ვარჯიშებზე გატეხილი თავით ან ჩალურჯებული თვალით მიდიოდა.

„ჩემს პაბში სილვესტერ სტალონეს, ბრიუს უილისს ან არნოლდ შვარცნეგერს ვერ ნახავდით, მაგრამ აუცილებლად შეხვდებოდით უცნაურ კლიენტს, რომელიც ზემოთ ხსენებულ სამივე პიროვნებას ერთად სცემდა,“ - წერს შოტლანდიელი თავის მემუარებში.

ფერგის გადატვირთული გრაფიკი ასე გამოიყურებოდა - სერ ალექსი დილით ვარჯიშზე მიდიოდა და Love Street-ზე 11-მდე რჩებოდა. შემდეგ პაბში ბრუნდებოდა და 14:30-ზე ამთავრებდა მუშაობას, რასაც კლუბში წასვლა და მორიგი ვარჯიში მოჰყვებოდა. საბოლოოდ კი დღე პაბში სრულდებოდა, სადაც ფერგიუსონს ღამის ცვლაში უნდა ემუშავა და შემდეგ სახლში წასულიყო.

შოტლანდიელს ოჯახისთვისაც არ ეცალა. რაც შეეხება „სტ. მირენს“, კლუბს კარგი სტარტი ჰქონდა, თუმცა სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა. როგორც მოგვიანებით ფერგიმ აღნიშნა, კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე რომ მოეხდინა, იყო შანსი, გუნდს უკეთესი შედეგი ეჩვენებინა.

ფერგი და „სტ. მირენის“ ქომაგები

„სტ. მირენში“ ფერგიმ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებს სერ ალექსი იძენდა. აგრეთვე, იგი თამაშის დღეს ფეხბურთელებისთვის ნამცხვრებსაც ყიდულობდა. შოტლანდიელმა კლუბის ოფიციალური გაზეთი, The Saint-იც დააარსა. „სტ. მირენის" მაშინდელი პრეზიდენტი უილი ტოდი იხსენებს: „ფერგიზე მეტს არავინ მუშაობდა“.

ფერგიუსონი გულშემატკივრებს დაუახლოვდა. გაზეთის გარდა, იგი თვეში ორჯერ „სტ. მირენის" სოციალურ კლუბში ბინგოს თამაშობდა და მომდევნო სეზონში, როდესაც „დანდის“ ცენტრალური მცველის, ჯეკი კოპლენდის შეძენა მოისურვა, ტრანსფერისთვის საჭირო თანხა, 14000 გირვანქა სტერლინგი სწორედ „სტ. მირენის" ქომაგთა კლუბისგან ისესხა.

სერ ალექსის მესამე სეზონში „სტ. მირენი“ პროფესიონალურ დონეზე მოასპარეზე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფეხბურთელები ფერგის ანარეკლები იყვნენ და ახალგაზრდულ, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, ერთი ასპექტი ფერგიუსონს დიდი ხნის განმავლობაში აღიზიანებდა: „ტრიბუნებზე არავინაა. სტ. მირენის მატჩებზე სტადიონზე ცოტათი უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე ეკლესიის მგალობელთა გუნდში,“ - ამბობდა ფერგი.

„სტ. მირენი“ პაისლიში დაარსებული გუნდი გახლავთ. მაშინ ამ ქალაქში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალი იყო და პაისლი გლაზგოს ჩრდილქვეშ იმყოფებოდა, ფეხბურთის ქომაგები კი გლაზგოში ავტობუსებით მიდიოდნენ და „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ მატჩებს ესწრებოდნენ. ფერგიუსონი თვლიდა, რომ ქალაქს არასრულფასოვნების კომპლექსები აწუხებდა და მიზნად მისი დაძლევა დაისახა. ერთ დღეს, კლუბის ელექტრიკოსმა, ფრედი დუგლასმა, ფურგონს მიკროფონი მიამაგრა და ფერგიუსონთან ერთად ქალაქში ტურნე მოაწყო, რომლის მიმდინარეობისას ალექსი მოსახლეობას „სტ. მირენის“ თამაშებზე მისვლისკენ მოუწოდებდა. მათმა ხრიკმა გაამართლა და დასწრება საშუალოდ 10000-მდე გაიზარდა. 1976-77 წლების სეზონში მნიშვნელოვან შეხვედრებს 20000 ქომაგი  ესწრებოდა, იანვრისთვის კი „სტ. მირენი“ პირველი ადგილისთვის იბრძოდა.

ბარი ვატერლოო

„სტ. მირენი“ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იდგა და ფერგი ყველაფერს უპირისპირდებოდა, რასაც გუნდში პრობლემების გაჩენა შეეძლო. ზოგიერთ ქმედებას სერ ალექსი ნანობდა. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაში ფერგიმ ნახევარმცველი ბილი სტარკი მატჩის დაწყებიდან 7 წუთის შემდეგ შეცვალა...

სამაგიეროდ, ფერგიუსონი არ ნანობდა თავის შეგირდებს რომ აკონტროლებდა. „აბერდინსა“ და „იუნაიტედში“ მას ინფორმანტები ჰყავდა, რომელთა მთავარი მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, ფეხბურთელთა გამოჭერა იყო და „სტ. მირენშიც" იგივე ხდებოდა. „აბერდინის“ ნახევარმცველი გორდონ სტრაჩანი იხსენებს, რომ ერთხელ შოტლანდიელმა მისი სახლის წინ ავტომობილით გაიარა, რათა შეემოწმებინა ფეხბურთელის მანქანა ავტოფარეხში იყო თუ არა. ბილი სტარკმა ფერგიუსონის ბიოგრაფიის ავტორს, პატრიკ ბერკლის უთხრა: „მასთან მუშაობისას ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს ყოველთვის გითვალთვალებდა“.

ბუნებრივია, როცა შოტლანდიის თასზე „მოზერველთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ფერგიმ მეგობრისგან ზარი მიიღო და გაიგო, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი, ფრენკ მაკგერვი მატჩის წინა დღეს გლაზგოში მდებარე ბარ „ვატერლოოში“ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაინახეს, გაცეცხლდა. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელი 21-წლამდელთა ნაკრებში გახლდათ გამოძახებული, ფერგიმ მას განუცხადა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასრულებული იყო და მისი ნახვა აღარ სურდა. ერთი კვირის შემდეგ, მაკგერვი ფერგიუსონსა და მის მეუღლეს, კეთის ქომაგთა საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე შეხვდა და პატიება სთხოვა. შოტლანდიელმა თანხმობა განაცხადა, რაც დიდი იშვიათობა იყო.

სერ ალექსი პატიების უნარით არ გამოირჩეოდა. ერთხელ, ფერგიმ თავისი ძმისგან გაიგო, რომ ფეხბურთელები კვლავ „ვატერლოოში“ დასეირნობდნენ და თან ბონუსების სისტემაზე წუწუნებდნენ. მოწინააღმდეგე გუნდის მინიმალური სხვაობით დამარცხების შემდეგ, ფერგიმ „დამნაშავეები“ გასახდელში შეკრიბა და ისინი მიწასთან გაასწორა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სერ ალექსმა „კოკა-კოლის“ ბოთლი „დამნაშავეების“ უკან არსებულ კედელს ესროლა და დაამსხვრია. არცერთი ფეხბურთელი არ განძრეულა! სახლში წასვლამდე შოტლანდიელმა სპეციალისტმა მოთამაშეებს ხელწერილები დააწერინა, რომ ბარ „ვატერლოოში" აღარასდროს წავიდოდნენ. თუ ფეხბურთელები უარს იტყოდნენ, ფერგის ალტერნატივა შაბათ საღამოს ვარჯიშის დანიშვნა იყო. ფეხბურთელებს დიდად არ ესიამოვნათ, მაგრამ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და სულ მალე თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო! „სტ. მირენი“ პირველ ადგილზე გავიდა.

ფერგი ტოდის წინააღმდეგ

ფერგის სამწვრთნელო კარიერაში შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება პირველი მიღწევა გახლდათ. მან „სტ. მირენი“ ელიტაში დააბრუნა და გუნდს წარმატებისთვის ამზადებდა, როცა 1977 წლის ზაფხულში „აბერდინმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა. სერ ალექსმა უარი განაცხადა, რაც მოგვიანებით ძალიან ინანა. სულ მალე „სტ. მირენი“ უილი ტოდმა შეიძინა, რომელმაც ფერგიუსონის თქმით, ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ტოდი სხვა აზრზე იყო და თვლიდა, რომ საკმარისი ცოდნა ჰქონდა. ამიტომ, ფერგისა და ტოდს შორის დაპირისპირებები ხშირი იყო. ვითარებას ისიც ამწვავებდა, რომ გასახდელში ზოგი მხარს ფერგის უჭერდა, ზოგი - ტოდს. გაჩენილმა პრობლემებმა გუნდის თამაშზეც იქონია გავლენა  და „სტ. მირენის“ წარუმატებელი სერია დაიწყო.

სეზონის ბოლოსკენ ფერგიუსონსა და ტოდს შორის კომუნიკაცია საერთოდ აღარ არსებობდა. ბოლო 5 თვე ორივე მათგანისთვის უსიამოვნო გამოდგა. „სტ. მირენი“ მეათე ადგილამდე დაქვეითდა და გასავარდნ ზონამდე 6 ქულა აშორებდა, როცა მაისში, ფერგის „აბერდინი“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. ამჯერად, სამუშაო ადგილის შეცვლა შოტლანდიელსაც სურდა...

ერთადერთი, რაც მას აფიქრებდა, ის იყო, რომ კლუბს შეეძლო, კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში შეეტანა სარჩელი. მაისის ბოლოს ტოდმა ფერგი ოფისში დაიბარა და დოკუმენტები წარუდგინა, რომლებშიც ჩანდა, რომ სერ ალექსმა კონტრაქტი 15-ჯერ დაარღვია. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ყველაფერს ფარსი უწოდა და სიცილი დაიწყო. მოგვიანებით კი ტოდმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ფერგიუსონის ქცევები იყო. ტოდის მიხედვით, ფერგიმ „აბერდინში“ გადასვლის შესახებ ყველას შეატყობინა და რამდენიმე ფეხბურთელს სთხოვა, გუნდი მასთან ერთად დაეტოვებინა. „პრობლემა ის იყო, რომ მთავარ მწვრთნელს გუნდის დატოვება სურდა, რამაც „სტ. მირენის“ დესტაბილიზაცია გამოიწვია,“ - აღნიშნა ტოდმა.

საბოლოოდ, ფერგიმ ოფისი გაათავისუფლა და „სტ. მირენის“ კარი გაიხურა. შოტლანდიელმა ტოდს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, თუმცა სერ ალექსმა საქმე წააგო, ინდუსტრიულმა ტრიბუნალმა კი ფერგი დაახასიათა ადამიანად, რომელსაც მწვრთნელობისთვის საკმარისი გამოცდილება და ნიჭი არ ჰქონდა.

გაზიარება: