Aa Aa

ტელეპათია მოედანზე და მის მიღმა - რომარიო-სტოიჩკოვის მოკლე კატალონიური თავგადასავალი

დუეტი, რომელმაც მცირე დროში ეპოქა შექმნა

1990-იან წლებში იყო მომენტი, როცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებს წაგების გამართლება არ შეეძლოთ. „წითელი ეშმაკების“ ფანატები მსაჯებს, უიღბლობასა და ლეგიონერების რაოდენობასთან დაკავშირებულ წესს, რომლის გამოც პიტერ შმეიხელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ვერაფერს დააბრალებდნენ. 1994 წლის 2 ნოემბერს, „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურა. „ბლაუგრანამ“ ფანტასტიკურად ითამაშა და საოცარი გამარჯვება მოიპოვა. ბრიტანელებს სხვა გზა არ ჰქონდათ და იძულებული იყვნენ, მარცხს შეგუებოდნენ. წარმატებას საუკეთესო გუნდმა მიაღწია, რომელმაც ბრწყინვალე სტილში მოიგო. მატჩის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა: „დღეს ნამდვილად მიწასთან გაგვასწორეს და საჭირო გამოცდილება მივიღეთ“.

„ბარსასთან“ მარცხი იმდენად გამანადგურებელი გახლდათ, რომ პოლ პარკერი „კამპ ნოუს“ მინდორზე ფეხის დადგმაზე დღემდე უარს აცხადებს. მას დიდი ხანია კოშმარები ტანჯავს, რაც სწორედ კატალონიაში 4-0-ით წაგებული მატჩის დამსახურებაა. პარკერის თანაგუნდელი, გარი პალისტერი იხსენებს: „ასეთი რამ ჩემს კარიერაში პირველად მოხდა! მოედნის დატოვებისას ვხვდებოდი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ვერც კი მივუახლოვდი! ისინი დაფრინავდნენ და მათი თამაშით გაოცებული ვიყავი“.

„ბარსას“ თამაშით აღტაცება გაზეთებმაც გამოხატეს. La Vanguardia-მ კატალონიური გრანდის გამოსვლას ეპოქალური უწოდა, ხოლო Times-მა ასეთი სათაური შემოგვთავაზა: „ბარსელონამ იუნაიტედი დაამცირა“.

 

„ბლაუგრანას“ წარმატების მთავარი შემოქმედები რომარიო და ხრისტო სტოიჩკოვი იყვნენ! რომარიო 1994 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, ხოლო სტოიჩკოვი ბულგარეთის ეროვნული გუნდის ლიდერი იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა.

„მანჩესტერთან“ გამართული მატჩიდან ერთი თვის შემდეგ, ხრისტომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრა. ბევრისთვის სტოიჩკოვი-რომარიოს დუეტი „კამპ ნოუს“ ისტორიაში საუკეთესოა. ეს მოსაზრება შესაძლოა, სადავო იყოს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ისინი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდნენ და ხანდახან ყურადღების ცენტრში თავიანთი ენისა და მუშტების გამოც ექცეოდნენ.

იმ საღამოს, ბრაზილიელმა მეტოქის კარის ერთხელ აიღო, სტოიჩკოვმა კი დუბლი გაიფორმა. მეორე ბურთი ბულგარელისთვის „ბარსას“ მაისურით გატანილი მე-100 გოლი აღმოჩნდა. ის მატჩი სერ ალექსს დღემდე კარგად ახსოვს: „რომარიოსა და სტოიჩკოვის სისწრაფეს ვერაფერი დავუპირისპირეთ. მოულოდნელობა, რომლის გამოყენებითაც, ისინი გვიტევდნენ, ჩვენთვის უცხო ხილი გახლდათ“. დევიდ ლეისიმ „ბარსას“ ასპარეზობას სტატია მიუძღვნა: „იუნაიტედმა სტოიჩკოვის და რომარიოს შესაძლებლობებს, სისწრაფესა და კრეატიულობას ვერაფრით უპასუხა. ზოგჯერ ისინი მანჩესტერს მცველებს ისე იოლად სცდებოდნენ, რომ სამარცხვინოც კი იყო. პალისტერი და ბრიუსი ჯულიეტას როლისთვის კასტინგს გადიოდნენ. რომარიო ჩვეულ სტიქიაში იყო და სტოიჩკოვის ადგილსამყოფელის შესახებ მთელი მატჩის განმავლობაში არავინ არაფერი იცოდა“.

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლობო კარასკომ განაცხადა: „როდესაც ბარსა თავის ფეხბურთს თამაშობს, ის მეტოქეზე იმდენად მაღლა დგას, რომ ეს შეურაცხმყოფელია. დღეს, კატალონიურმა გუნდმა ათენში მომხდარის გამო შური იძია“.

საბერძნეთის დედაქალაქში „ბარსამ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. „ბლაუგრანა“ დამარცხდა და თან როგორ! უშანსოდ! იტალიელებმა კატალონიური გრანდი მიწასთან გაასწორეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. „ბარსელონას“ მოთამაშეებმა „როსონერის“ გაკვეთილი მშვენივრად აითვისეს და უფრო ძლიერები დაბრუნდნენ. „მანჩესტერის“ განადგურება საფეხბურთო სამყაროსთვის გაფრთხილება იყო. მსოფლიოს სულ მალე ახალი მმართველი ეყოლებოდა! დუეტი, რომელმაც ეპოქა შექმნა! ბრაზილიელი რომარიო და ბულგარელი სტოიჩკოვი სამეფო ტახტის დასასაკუთრებლად ემზადებოდნენ!

ბოლო ამოსუნთქვა

სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. ორი თვის შემდეგ, რომარიომ გუნდი დატოვა. სულ მალე მის გზას სტოიჩკოვი, სუბისარეტა, ლაუდრუპი და კრუიფი გაუყვნენ. მათ წასვლასთან ერთად, თასების მოგების შანსიც გაქრა. „ბარსამ“ ტიტული მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოიპოვა, ათენი გაფრთხილება კი არა, დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა...

რომარიოსა და სტოიჩკოვის კატალონიური თანაცხოვრება საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ ამ პერიოდში „ბარსელონას“ გულშემატკივარმა ყველაფერი იხილა - ადამიანის გატაცება, მოქნეული მუშტები, გამოხტომები, ცრემლები, ამაყი მამა, უფრო ამაყი ნათლია, სკანდალი, ღალატი, პაპარაცები, წითელი ბარათები, ბოლო ტურში, ბოლო წამებზე მოგებული ჩემპიონატი, განადგურებული მოსისხლე მტერი, ევროპული ტურნირის ფინალი და რაც მთავარია - უამრავი გოლი!

1993-94 წლების სეზონში რომარიომ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 33 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიქი 5-ჯერ შეასრულა. ბრაზილიელმა საერთო ჯამში „ბარსელონას“ მაისურით 82 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 53-ჯერ აიღო. სთხოვეთ, „ბარსას“ სტაჟიან ქომაგებს კლუბის ისტორიაში საუკეთესო 10 ფეხბურთელის დასახელება და რომარიოსა და სტოიჩკოვს თავის სიაში ალბათ, ყველა შეიყვანს. მათ ერთად მხოლოდ ერთი წელიწადი გაატარეს, თუმცა მაინც ლეგენდებად იქცნენ.

არეული ვითარება

1995 წლის მარტში სტოიჩკოვმა ერთ-ერთ ესპანურ რადიოსთან საუბრისას განაცხადა: „ან მე ან კრუიფი“! დაპირისპირება, რომელიც კლუბის შიგნით არსებობდა, სააშკარაოზე გამოვიდა. ბულგარელის სიტყვებიდან ერთი რამ იყო ცხადი! იგი „ბარსელონას“ დატოვებას აპირებდა. „რეალის“ გოლკიპერმა, პაკო ბუიომ ყველაფრის სათავისოდ გამოყენება სცადა: „ვერავინ დამაჯერებს, რომ კრუიფს მისი შენარჩუნება არ სურს. თუ ვცდები, აუცილებლად გავესაუბრები ადამიანს, რომელსაც „რეალში“ ტრანსფერების განხორციელება ევალება და ხრისტოს შეძენას მოვთხოვ. სტოიჩკოვის გადასაბირებლად ყველაფერს გავაკეთებ“.

ბულგარელის თამაშით ხორხე ვალდანოც მოხიბლული იყო: „სტოიჩკოვი მტაცებელია - ცხოველი, რომელსაც შიმშილის გრძნობას მხოლოდ მსხვერპლის ხორცი უქრობს“. კარასკომ კი დაამატა: „იგი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იგი კარლ ლუისივით დარბის. გადაცემებს რონალდ კუმანის მსგავსად არიგებს და დამაგვირგვინებელ ფაზაში გარი ლინეკერის დონის ან მასზე უკეთესია. ამასთან ერთად, ხრისტოს Mala leche აქვს“. Mala leche პირდაპირი მნიშვნელობით ამჟავებულ რძეს ნიშნავს. ამ ფრაზით ესპანელები აღწერენ ადამიანს, რომელიც ფიცხი ხასიათით, აგრესიულობითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და რაღაც დოზით სიგიჟეც ახასიათებს.

კრუიფს ხრისტოს ხასიათისა და ნიჭის შესახებ ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებოდა: „შემიძლია, სტოიჩკოვის შესახებ დაუსრულებლად ვისაუბრო. იგი „ბარსაში“ იმიტომ მოვიდა, რომ მისი დონის ფეხბურთელი გვჭირდებოდა. ხრისტოს სისწრაფე, გოლის გატანის ალღო და განსხვავებული ხასიათი აქვს. გუნდში ბევრი კარგი ბიჭი გვყავდა და Mala Leche-ს მქონე მოთამაშე ჩვენთვის აუცილებელი იყო“.

 

სტოიჩკოვმა თავისი ხასიათი „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ პირველივე შეხვედრაში გამოავლინა. ბულგარელი მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო გააძევეს, რაც მას 6-თვიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა, რომელიც შემდგომში 2 თვემდე დაიყვანეს. „ბარსას“ ქომაგებმა კიდევ ერთი წითელი ბარათი ერთ-ერთი მატჩის დაწყებიდან 6 წუთში იხილეს. მაშინ ხრისტომ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. სეზონის დაწყებამდე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში კი შეხვედრის მთავარი არბიტრი კრუიფთან მივიდა და უთხრა: „ან ეს ხარი დაამშვიდეთ, ან გალიაში დავაბრუნებ“. ნიდერლანდელის პასუხი სტოიჩკოვის ხასიათს იდეალურად აღწერს: „მე რისი გაკეთება შემიძლია“?!

სტოიჩკოვს „ბარსელონა“ სიგიჟემდე უყვარდა, „რეალი“ ეზიზღებოდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არასდროს ერიდებოდა. ერთხელ, ბულგარეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე ყოფნისას, 7 წლის ბავშვს სავარჯიშო მოედნის ტერიტორია მხოლოდ იმიტომ დაატოვებინა, რომ მას „რეალის“ მაისური ეცვა.  „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ გამართული ყველა შეხვედრა ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. უსამართლობა, რომელიც წარსულში „ბარსელონამ“ გადაიტანა, მეც მეხებოდა და ამიტომ გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი“, - ამბობს სტოიჩკოვი.

La Vanguardia-მ ყველაფერი ასეთი ფრაზით ახსნა: „ჩვენ ყველანი სტოიჩკოვები ვართ. მისი ისტორია „ბარსელონას“ მილიონობით გულშემატკივრის მსგავსია, რომლებიც „კამპ ნოუზე“ ფეხის დადგმისთნავე ტრანსფორმირდებიან“.

რომარიოს ამბები

რომარიო სტოიჩკოვისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება გახლდათ. იგი სწრაფი და საოცრად ზუსტი ფეხბურთელი იყო, რომელსაც მოედანზე მოულოდნელი ქმედებები ახასიათებდა. მისი მსგავსი მოთამაშე საფეხბურთო სამყარომ პირველად იხილა. რომარიოს თამაშით აღტაცებული გულშემატკივარი ხშირად მის მოძრაობებს გაოცებული შესცქეროდა. ბრაზილიელი შემტევის გენიალურობა ყველაზე კარგად ალბათ, ხორხე ვალდანომ აღწერა და მას ანიმაციურ ფილმში მონაწილე ფეხბურთელი უწოდა, რომელსაც ყველაფერი შეეძლო. კატალონიური გაზეთები კი რომარიოს ჯადოქრად, ვირტუოზად და შეუდარებელ მოთამაშედ მოიხსენიებდნენ.

საკმაოდ ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, მანუელ ვასკეს მონტალბანი, რომარიოს შესახებ საუბრისას აცხადებს: „ყოველთვის ვინანებ „ოსასუნასთან“ მატჩი ქუდის გარეშე რომ ვნახე. მან პამპლონელთა კიპერს ისეთ რამ გაუკეთა, ქუდი რომ მქონოდა მის წინაშე აუცილებლად მოვიხდიდი. მისი ფეხები ისეთი მგრძნობიარე და რბილია, როგორიც სალვადორ დალის საათები. არ გამიკვირდება, მეკარეებმა თან კალამი და ფურცელი რომ ატარონ და ბრაზილიელს ყოველი გოლის შემდეგ, ავტოგრაფი სთხოვონ. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა მისი თამაშის ხილვის საშუალება რომ მოგვეცა, თუმცა სამწუხაროა უილიამ უორდსუორსის მსგავსი პოეტი რომ არ გვყავს, რათა რომარიოს გენიალურობა აღწეროს“.

სტოიჩკოვი სხვა აზრზე იყო. როცა „ბარსელონამ“ ბრაზილიელი ფეხბურთელი პსვ-დან შეიძინა ხრისტომ საკუთარი პოზიცია მალევე გაასაჯაროვა. მაშინდელი წესების მიხედვით, მინდორზე ერთდროულად ყოფნა მხოლოდ 3 ლეგიონერს შეეძლო. „ბარსას“ კი სტოიჩკოვი, კუმანი და ლაუდრუპი ჰყავდა.

„მეოთხე ლეგიონერის გაფორმება სრული სისულელეა. ჩემთვის რომ მოემართათ, პენევის კანდიდატურას შევთავაზებდი. რა ღირს რომარიო? 600 მილიონი პესო? 200 მილიონ პესოს ჩემი ჯიბიდან გავიღებდი და პენევს შევიძენდი“, - განაცხადა ბულგარელმა. ასეთი იყო სტოიჩკოვი. ემოციური, პირდაპირი, ფიცხი... მისი ხასიათის გამო, ბევრი თვლიდა, რომ რომარიოსთან პრობლემები შეექმნებოდა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის რეპუტაციიდან გამომდინარე.

წესითა და რიგით ყველაფერი კრახით უნდა დასრულებულიყო, რადგან რომარიო და სტოიჩკოვი აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა კრუიფის მიხედვით, მათ „საერთო პრობლემა“ ჰქონდათ. ორივე მათგანი თვლიდა, რომ კლუბი მათ ემსახურებოდა და არა პირიქით. „ბარსას“ ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია მინგელა იხსენებს: „ისინი ყველა შეხვედრაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ბურთს შეაგდებდა“.

ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენას ვერცერთი ეგუებოდა. მათი ერთ-ერთი თანაგუნდელის თქმით, როცა სტოიჩკოვი სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა, საკუთარ თავთან ჩხუბს იწყებდა. გაბრაზებული ხრისტო კი ძალიან საშიშია. რომარიოს შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდებოდა. „ერთხელ რომარიო სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ისეთ განწყობაზე იყო მასთან ლაპარაკსაც ვერიდებოდი“ - იხსენებს სტოიჩკოვი.

სამწუხაროდ, „ბარსაში“ 4 შესანიშნავი ლეგიონერი თამაშობდა და ერთი მათგანი სათადარიგოთა სკამზე აუცილებლად უნდა დარჩენილიყო. პრობლემის გადაჭრა საკუთარ თავზე კრუიფმა აიღო. მან როტაციის მიმართა, რომელმაც ვერ გაამართლა და რომარიო-სტოიჩკოვის დუეტი ნიდერლანდელის სპეციალისტის გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებდა.

 

საუკეთესო მეგობრები

ყველაფერი ნამდვილ კატასტროფად უნდა ქცეულიყო, თუმცა სასწაული მოხდა. რომარიო და სტოიჩკოვი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. „უცნაურია, მაგრამ მასთან კარგი ურთიერთობა დავამყარე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომარიოს საუკეთესო მეგობარი გავხდებოდი. იგი ინტროვერტი იყო, მე პირიქით. მას ძილი უყვარდა, მე - სიცოცხლე. ჩვენ ერთმანეთისგან რადიკალურად ადამიანები ვიყავით, თუმცა საერთო ენა მალევე გამოვნახეთ“, - ამბობს სტოიჩკოვი. მათი შვილები ერთ სკოლაში დადიოდნენ, მეუღლეები კი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. რომარიო და სტოიჩკოვი ერთმანეთს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა იცავდნენ. როცა დიეგო სიმეონესთვის მოქნეული მუშტის გამო, რომარიომ წითელი ბარათი მიიღო, სტოიჩკოვმა განაცხადა: „ამ დარტყმის მაიკ ტაისონსაც შეშურდებოდა“.

მუშტების მოქნევის შესახებ სტოიჩკოვმაც ბევრი რამ იცოდა. ერთხელ, მას ამის გაკეთება რომარიოს დასაცავად მოუხდა. რიოში ყოფნისას ბრაზილიელს შვილი შეეძინა. რომარიოს არ უნდოდა, ახალშობილის პირველი ღიმილი გაზეთებში ენახა და მასმედიის წარმომადგენლებს სთხოვა, მის მეუღლეს ახლოს არ გაჰკარებოდნენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფეხბურთელის თხოვნა არ გაითვალისწინა და საავადმყოფოში შესვლა სცადა, რის გამოც სტოიჩკოვის მარჯვენა ჰუკი მიიღო.

როცა რომარიო კატალონიაში დაბრუნდა, აეროპორტში სწორედ ბულგარელი დახვდა და ჰოსპიტალში სწორედ მან წაიყვანა. როცა რომარიომ გაიგო, რომ მამამისი მოიტაცეს, მის გვერდით სწორედ სტოიჩკოვი იდგა. როცა რომარიომ გაიგო, რომ იგი გაათავისუფლეს, მისი სიხარული პირველმა სწორედ სტოიჩკოვმა გაიზიარა, როცა ბავშვის ნათლიის ვარიანტების განხილვა დაიწყეს, ბრაზილიელს მარტივი არჩევანი დარჩა - სტოიჩკოვი.

რომარიო-სტოიჩკოვის საოცარი „პარტნიორობა“ მოედანზეც გაგრძელდა. გატანილი გოლები, მოპოვებული ტიტული და დაუვიწყარი საღამოები ამის ნათელი დადასტურება გახლდათ. იმ სეზონში „ბლაუგრანამ“ მოსისხლე მტერი, „რეალი“, 5-0 გაანადგურა. რომარიომ სამი გოლი შეაგდო და ისეთი ცრუმოძრაობა შეასრულა, რომელსაც სტოიჩკოვის აზრით, დრო ვერაფერს დააკლებს. ბულგარელი მართალი აღმოჩნდა, რომარიოს ფინტი ფეხბურთის ისტორიაში დარჩა და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოძრაობადაა აღიარებული.

„საჯარიმო მოედანზე მასზე უკეთ არავინ მოქმედებდა. ჩვენ კრიტიკოსები დავადუმეთ. ყველა, ვინც თვლიდა, რომ ოცნების გუნდი მკვდარი იყო და წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა, სეზონის ბოლოს აღარსად ჩანდა“, - იხსენებს სტოიჩკოვი.

 

დასასრულის დასაწყისი

სამწუხაროდ, ხრისტო შეცდა, კრიტიკოსები კი მართლები აღმოჩნდნენ. „ბარსელონაში“ კრიზისი დაიწყო. ყველაზე პრობლემატური კრუიფისეული როტაცია იყო. ბრწყინვალე შედეგების მიუხედავად, სათამაშო დროით ყველა ლეგიონერი უკმაყოფილო გახლდათ. ნიდერლანდელ სპეციალისტს ლაუდრუპი და კუმანიც დაუპირისპირდნენ. კრუიფის მიერ ფეხბურთელთა საჯარო კრიტიკა ყველაფერს ართულებდა. სტოიჩკოვი: „როდესაც ვიმარჯვებთ ყველაფერი კრუიფის დამსახურებაა, თუ ვაგებთ, მარცხი ფეხბურთელების ბრალია“.

ბულგარელსა და ბრაზილიელს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. რომარიოს ცხოვრების სტილმა თავისი ქნა... ხრისტომ მას უამრავჯერ სთხოვა, რომ ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა რომარიო ფუფუნებას იყო შეჩვეული და სტოიჩკოვის რჩევები ყურად არ იღო. მეუღლეები მეგობრებად დარჩნენ, თუმცა ფეხბურთელები ნელ-ნელა ერთმანეთს დაშორდნენ. ხრისტო რომარიოს მეუღლესთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე თვითონ ბრაზილიელთან.

„რომარიოს ცხოვრების სტილის გამო, მეუღლესთან პრობლემები შეექმნა. მას მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა - ფეხბურთი და სექსი“, - ამბობს სტოიჩკოვი. რამდენიმე წლის შემდეგ რომარიომ ასეთი განცხადება გააკეთა: „საღამოობით ინტიმური კავშირი რომ არ მქონოდა. გოლებს ვერ გავიტანდი“.

რომარიოსთვის ნელ-ნელა ფეხბურთმა უკანა პლანზე გადაიწია. იყო მომენტები, როცა უძილობის გამო, ვარჯიშებზე ვერ დარბოდა და ხშირად აგვიანებდა. ერთხელ, კრუიფმა დაგვიანების გამო, რომარიო სახლში გაუშვა, მეორედ კი მასთან ცხარე შელაპარაკება მოუვიდა. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ნიდერლანდელმა განაცხადა: „რომარიოს დისციპლინა აკლდა“. ბრაზილიელ შემტევს მართლაც არაფერი ანაღვლებდა. კრუიფთან მომხდარი ინციდენტიდან გარკვეული დროის შემდეგ, მან ასეთი რამ თქვა: „ჩემსა და კრუიფს შორის ეს პირველი დაპირისპირება არაა და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი იქნება. მუდამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, მუდამ ისე ვიქცევი, როგორც მინდა და ამის შეცვლის უფლებას არავის მივცემ“.

ერთ საღამოს, პაპარაცებმა რომარიო საყვარელთან ერთად გამოიჭირეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, მათი ფოტო ჟურნალ Interviu-ს ყდაზე გამოჩნდა. ერთ-ერთმა „კეთილმოსურნემ“ ეს გაზეთი ბრაზილიელის ოთახში შეაცურა და ისე გამოვიდა, რომ ის პირველად მისმა მეუღლემ ნახა...

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვითარება გართულდა. რომარიო კატალონიაში ვერ ჩავიდა. ხრისტომ მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ყურმილს არავინ იღებდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ბრაზილიელი უპასუხოდ ტოვებდა. ამჯერად იმედები რომარიოს გაუცრუვდა. სტოიჩკოვი და მისი ოჯახი ბრაზილიელის შვილის ნათლობას უნდა დასწრებოდნენ და უქმეები ერთად გაეტარებინათ. ფული ყველაფრისთვის იყო გადახდილი და სასტუმროებიც დაჯავშნილი გახლდათ, თუმცა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო, სტოიჩკოვმა ბრაზილიაში ჩასვლა ვერ მოახერხა. რამაც მათ მეგობრობას წერტილი დაუსვა.

ორი კვირის შემდეგ, რომარიო „ბარსაში“ დაბრუნდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ პრობლემების გამოსწორება შეუძლებელი გახლდათ. „იგი მარტო ვარჯიშობდა და არავის ესაუბრებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, შელაპარაკება მოგვივიდა. მე მისი სამეგობრო წრე არ მომწონდა და ვთხოვდი, მათთან ურთიერთობა დაესრულებინა, თუმცა არ მომისმინა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყველაფერი დასრულებული იყო“, - ამბობს სტოიჩკოვი.

ბულგარელი მართალი აღმოჩნდა. წასვლამდე რომარიომ 4 გოლი შეაგდო, სტოიჩკოვმა - 9. „ბარსამ“ სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

„რომარიომ მუნდიალიდან დაბრუნება ვერ მოახერხა. მისი სხეული და სული ბრაზილიაში დარჩა. ბევრი ხუმრობდა, რომ „ბლაუგრანას“ ღირსებას რომარიოს ორეული იცავდა, რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცოდა“, - აცხადებს სტოიჩკოვი.

სამწუხაროა, მაგრამ კატალონიელთა გენიალური დუეტის პარტნიორობა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. ამ პერიოდში რომარიო და სტოიჩკოვი „კულეებს“ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდნენ და ფეხბურთით ტკბობის საშუალებას აძლევდნენ.

 

გაზიარება: