Aa Aa

მომენტი, როცა "აიაქსი" საფეხბურთო სამყაროს მართავდა

საფეხბურთო უტოპია

1995 წლის 23 მაისი იდგა. მომდევნო დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო ჩანიშნული. ლიდვინა კლუივერტის შვილს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდა. პატრიკის დედას მშვიდად ეძინა, თუმცა საკმაოდ უცნაური სიზმარი ნახა, რომლის მიხედთვითაც ახალგაზრდა კლუივერტი ფინალში შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი შეაგდო. სიზმარი იმდენად რეალური იყო, რომ ლიდვინა იძულებული გახდა ყველაფერი შვილისთვის გაენდო. იგი პატრიკს ჩაეხუტა და მატჩის წინ წარმატება უსურვა. რამდენიმე საათში ოცნება რეალობად იქცა! 18 წლის თავდამსხმელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 50000 მაყურებლის წინაშე „მილანის“ კარი დალაშქრა.

„ღვთის შვილების" ტრიუმფის არავის სჯეროდა. იმ შეხვედრაში „აიაქსის“ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23 წელი იყო, ხოლო 18-დან 13 მოთამაშე ამსტერდამელთა აკადემიის აღზრდილი გახლდათ. მათ წინააღმდეგ გამოცდილი „როსონერი“ იდგა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, რომელმაც ერთი წლის წინ, „ბარსა“ 4-0 გაანადგურა და ბოლო 7 წელიწადში თასი სამჯერ აღმართა. იტალიელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ასაკი იყო 26 წელზე ნაკლები. მაშინდელი „მილანის“ რიგებში ისეთი მოთამაშეები ბრწყინავდნენ, როგორებიც მარსელ დესაი, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, რობერტო დონადონი, ზვონიმირ ბობანი და ჯანლუიჯი ლენტინი იყვნენ.

1995 წლის მაისში „აიაქსმა“ საფეხბურთო სამყარო დაიპყრო, სათამაშო სტილი კი, რომლის გამოყენებითაც მიზანს მიაღწია, ცალკე აღნიშვნის ღირსია. ამსტერდამელები ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ელეგანტურობის ფიზიკურ სიძლიერესთან იდეალურად შერწყმა მოახერხეს. ხორხე ვალდანოს სიტყვები ამ ყველაფერს მშვენივრად აღწერს: „აიაქსი მხოლოდ 90-იანების გუნდი არაა. ის საფეხბურთო უტოპიას უახლოვდება. ამსტერდამელების ფილოსოფია საოცრად დახვეწილი და ლამაზია, და გასაოცარია ის, რომ ამასთან ერთად, მათ ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც უპირატესობა აქვთ“.

„აიაქსის“ ოქროს თაობამ ევროპაში ჰეგემონია დაამხო, მაგრამ ძალიან ცოტამ იცოდა მიზანს როგორ მიაღწია... ამსტერდამული გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები დროს უსწრებდნენ! 

უნიკალური ხედვა

ლეო ბეენჰაკერის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ვან გაალის დანიშვნას პრესის წარმომადგენლები და ქომაგები უარყოფითად შეხვდნენ. განსაკუთრებით ნიდერლანდური გაზეთი De Telegraaf გამოირჩა. ამ უკანასკნელმა ვან გაალს ამპარტავანი პიროვნების იარლიყი მიაკერა და „აიაქსში“ კრუიფის დაბრუნება მოითხოვა. ნეგატიური დამოკიდებულება გასაკვირი სულაც არ ყოფილა. 41 წლის სპეციალისტს გამოცდილება თითქმის არ გააჩნდა, თუმცა მისი ამბიციები აშკარა იყო.

ლუისის ფილოსოფია რინუს მიხელსის ტოტალურ ფეხბურთზე გახლდათ დაფუძნებული. ასეთ სათამაშო სქემა ფეხბურთელებისგან ტექნიკურ სიძლიერეს, ტაქტიკურ ცოდნასა და საოცარ ფიზიკურ კონდიციებს მოითხოვდა. ვან გაალის სისტემაში პროგრესის მიღწევა მხოლოდ ძალიან ნიჭიერ და გუნდზე ორიენტირებულ მოთამაშეებს შეეძლოთ. 

გუნდში მისვლის შემდეგ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ქომაგთა ოცნებების ასასრულებლად ცვლილებების გატარება დაიწყო. ლუისს უნდოდა ისეთი გარემო შეექმნა, სადაც მისი ტაქტიკისთვის შესაბამისი ფეხბურთელების გამოწრთობა იქნებოდა შესაძლებელი. პირველი ნაბიჯი ახალგაზრდულ გუნდზე აქცენტის გაკეთება გახლდათ. ვან გაალმა ექსპერტები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მიიწვია და ინოვაციური სავარჯიშო სისტემა დანერგა, რომელიც პერსპექტიულ მოთამაშეებს მეტოქეებზე სწრაფ, ძლიერ და გამჭრიახ ფეხბურთელებად აყალიბებდა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჰოკეის გუნდიდან ჯოზ გეიზელი გადაიყვანა. ამ უკანასკნელმა ფეხბურთში სტერეოტიპებად ქცეული გრძელ დისტანციებზე სირბილი, მოკლე მანძილზე გათვლილი სავარჯიშო გეგმით ჩაანაცვლა. კალათბურთის ყოფილ მოთამაშეს, ლასლო იამბორს, სირბილის ტექნიკის, ფეხის მუშაობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ევალებოდა. აღნიშნულ დუეტს ერთი კაცი აკლდა. პიროვნება, რომელმაც „აიაქსის“ სათამაშო სტილი და შესაძლებლობები ახალ დონეზე აიყვანა და ვან გაალის პროექტს ხორცი შეასხა.

ლუისმა რენე ვორმჰაუდტი ამერიკული ფეხბურთის გუნდიდან, „ამსტერდამ ადმირალსიდან“ გადაიბირა. რენე „აიაქსში“ 2012 წლამდე დარჩა და შემდეგ კარიერა ნიდერლანდების სამეფოს ეროვნულ გუნდში განაგრძო. ვიდეოში იდეალურადაა ნაჩვენები ის სავარჯიშო სტილი, რომელიც ვორმჰაუდტმა დაამკვიდრა. ხანდახან ფეხბურთელებს აერობიკის სესიები და „სავარჯიშო“ ცეკვებიც კი ჰქონდათ. რონალდ და ფრანკ დე ბურები, ფრანკ რაიკაარდი... რენეს მოძრაობებს ყველა იმეორებდა.

 

„ამსტერდამ ადმირალსში“ მუშაობისას მივხვდი, რომ ამერიკულ ფეხბურთში ფიზიკურად გაცილებით ძლიერი სპორტსმენები მოღვაწეობენ. „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ, გავაანალიზე, რომ სპეციფიკური ტიპის ვარჯიშების შემოღება გუნდს აუცილებლად წაადგებოდა. საბოლოოდ, საფეხბურთო აერობიკა გამოვიგონეთ და მას 4 წლის განმავლობაში სიჩქარის, მოქნილობისა და სისხარტის განსავითარებლად ვიყენებდით“, - აცხადებს ვორმჰაუდტი.

აღსანიშნავია, რომ სავარჯიშო სესიები პოპულარობით ფეხბურთელებს შორისაც სარგებლობდა. რონალდ დე ბური იხსენებს: „ყოველდღიური ვარჯიშების შედეგად უფრო მოქნილ და სწრაფ მოთამაშეებად ჩამოვყალიბდით. პირადად მე, სისწრაფე და კოორდინაციის უნარი ერთიორად გამიუმჯობესდა. ეს ყველაფერი მოედანზე ცრუმოძრაობების განხორციელებაში ძალიან გვეხმარებოდა“.

ვორმჰაუდტის თქმით, მისმა ვარჯიშებმა განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებზე იმოქმედა, რომლებიც წარსულში სხვა სპორტით იყვნენ დაკავებულნი: „იარი ლიტმანენს კოორდინაციის საოცარი უნარი ჰქონდა და ვთვლიდით, რომ ეს მისი წარსულით გახლდათ განპირობებული. 14 წლის ასაკში მას არჩევანის გაკეთება ფეხბურთსა და ჰოკეის შორის მოუწია. სწორედ ამიტომ, მოთამაშეებს ვურჩევდით, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეცადათ ბედი და მხოლოდ საფეხბურთო ვარჯიშებით არ შემოფარგლულიყვნენ“.

სამწვრთნელო შტაბი, რომელიც დროს უსწრებდა

ვარჯიშების ეფექტურობის დასადგენად თითოეული ფეხბურთელი სხვადასხვა მოწყობილობას ატარებდა, მათი წონა კი ყოველი სესიის წინ კონტროლდებოდა. „აიაქსის“ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთში ნოვაციების დანერგვა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. მათ დროს გაუსწრეს და „ღვთის შვილების“ ტოპ დონის კლუბად ჩამოსაყალიბებლად მაქსიმუმი გააკეთეს.

ვან გაალის შტაბში ყველაფერს სამეცნიერო გადმოსახედიდან უდგებოდნენ. წარმატებული ასპარეზობისთვის ფეხბურთელს საკუთარი ეგო და სურვილები უნდა დაევიწყებინა და ორიენტაცია გუნდურ თამაშზე გაეკეთებინა. ნიდერლანდელი ყოველთვის ამბობდა: „ფეხბურთი გუნდური სპორტია და ყველა მოთამაშე სხვაზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე მათგანი დავალებას თავს ვერ გაართმევს, პრობლემები მის თანაგუნდელებს შეექმნებათ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა მწვრთნელის ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეასრულოს, რაც დისციპლინის გარეშე შეუძლებელია“.

დავალებები, რომლებსაც მოთამაშეები იღებდნენ, პოზიციების მიხედვით განსხვავდებოდა. მაგალითად: გოლკიპერისთვის აუცილებელი ფეხით კარგად თამაში იყო, რადგან შეტევებს სწორედ იგი იწყებდა. ვან გაალის გუნდი ძირითადად ერთი და იმავე ტაქტიკით მოქმედებდა. თუ რომელიმე ფეხბურთელი ბურთის მისაღებად უკან დაიხევდა, მეორე მეტოქის საჯარიმოსკენ გარბოდა. ვინგერები წინ რეგულარულად ადიოდნენ და შორეულ პასებს ელოდებოდნენ, ცენტრალური ნახევარმცველები კი მუდამ გარემარბების უკან რჩებოდნენ. თუ შეტევის დაწყება ერთი ფლანგიდან ვერ ხერხდებოდა, მაშინ ბურთი სასწრაფოდ მეორე ფრთაზე გადაჰქონდათ, ტაქტიკა კი, რომელსაც ვან გაალი იყენებდა 4-3-3-ს ან 3-4-3-ს მოგაგონებდათ. იმისთვის, რომ მისი გეგმა იდეალურად განხორციელებულიყო, ლუისი ვარჯიშებზე ფეხბურთელებს ერთსა და იმავეს ხშირად ამეორებინებდა.

რონალდ დე ბური იხსენებს: „ჩვენი მთავარი მიზანი გადაცემის ზუსტად მარჯვენა ფეხში მიწოდება იყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდით, რომ პასის შემდეგ ადრესატს გადაცემა ძლიერი ფეხით მიეღო და დამუშავებისას პრობლემები არ შექმნოდა. გრძელ პასებშიც ვვარჯიშობდით და დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთის იდეალურად გადაწოდებას ვსწავლობდით, რათა იერიშისას ფლანგები უპრობლემოდ შეგვეცვალა. სამი თვის შემდეგ ყველაფერი ავითვისეთ. მახსოვს, ერთ-ერთი სესიის ფარგლებში 6 - 3-ის წინააღმდეგ ვთამაშობდით და იმ გუნდის ფეხბურთელებს, რომელსაც 6 მოთამაშე ჰყავდა, ბურთთან შეხება ერთხელ ან ორჯერ შეეძლოთ. ბურთს ისე საოცრად ვაკონტროლებდით, რომ ახალმოსულ ფეხბურთელებს გაოცებისგან პირი ღია რჩებოდათ“.

მოთამაშეები, რომლებიც ვან გაალის სათამაშო სქემასა და რთულ ვარჯიშებს ვერ ეგუებოდნენ, გუნდს ტოვებდნენ. გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი, იან ვოუტერსი „ბაიერნში“ მას შემდეგ წავიდა, რაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვიმ იონკს „დაუთმო“. საინტერესოა, რომ ვოუტერსი სულ რაღაც 12 თვით ადრე, ნიდერლანდების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ზუსტად იგივე ბედი ეწია ბრაიან როის. ამ უკანასკნელის სათამაშო სტილი ქომაგებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ საფეხბურთო ინტელექტის ნაკლებობამ თავისი ქნა და ვან გაალისთვის როი არაფრისმომცემ მოთამაშედ იქცა: „დიდი ხანია ბრაიანის აღარ მჯერა. მასთან ყველაფერი ვცადე, ინდივიდუალური ვარჯიშებიც ჩავუტარე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. იგი გუნდისთვის სირბილზე უარს არასდროს ამბობს, თუმცა ინტელექტი არ აქვს და ფიქრი და აზროვნება არ შეუძლია. მისი განვითარება და ახალ დონეზე აყვანა უბრალოდ შეუძლებელია“, -აცხადებს ვან გაალი.

ნიდერლანდელ სპეციალისტს ამსტერდამულ კლუბში სახარბიელო სტარტი ნამდვილად არ ჰქონია. ლუისის „აიაქსმა“ სეზონის საწყის 16 შეხვედრაში მხოლოდ 20 ქულა დააგროვა, თუმცა საკუთარი თამაში მალევე იპოვა და ვან გაალის სადებიუტო სეზონში ჩემპიონ პსვ-ს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა. სამაგიეროდ, „ღვთის შვილებმა“ 1991-92 წლების უეფას თასი დაისაკუთრეს. ფინალში მათ „ტორინოს“ სძლიეს. წარმატებას დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია, ამსტერდამელებმა სერია A-ს კლუბებში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გაუშვეს. დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი „ინტერში“ წავიდნენ. ჯონ ვანტ შიპი და მარსიანო ვინკი „ჯენოას“ შეუერთდნენ, მიხელ კრიკი კი „პადოვაში“ გადავიდა. ვან გაალს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწია. უცნაურია, მაგრამ ეს „აიაქსის“ ისტორიაში საუკეთესო გადაწყვეტილებად იქცა. ახალმა თაობამ გუნდი ფერფლისგან აღადგინა და ევროპის ტოპ კლუბად აქცია.

წარმატების საიდუმლო

ახალგაზრდები ვან გაალის „ქარხანაში“ 3 წლის განმავლობაში იწრთობოდნენ და მათ შორის განსაკუთრებული კავშირი იყო. ძმები დე ბურები, პატრიკ კლუივერტი და სურინამელი ედგარ დავიდსი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. დავიდსი „ღვთის შვილების“ რიგებში ლიდვინას მეშვეობით მოხვდა. ამ უკანასკნელმა ედგარის ტალანტი მაშინ შენიშნა, როცა პატრიკი მასთან ერთად თამაშობდა. „აიაქსის“ ღირსებას კიდევ ერთი სურინამელი, კლარენს ზეედორფი იცავდა. ფრანკ რაიკაარდი კი „მილანში“ გატარებული 5-წლიანი პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. მან საკუთარ თავზე პერსპექტიული ფეხბურთელების მენტორობა აიღო.

 

„აიაქსის“ მოთამაშეთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლეებივით გამოიყურებოდა. მათი ასაკის მიუხედავად, ვან გაალი მზად იყო, ნებისმიერი მათგანისთვის მოესმინა და მათი იდეები გაეთვალისწინებინა. მაგალითად: რონალდ დე ბურმა საკალათბურთო მოძრაობის (ბლოკის დაყენება) იმპლემენტაციის წინადადება წამოაყენა. დე ბურის იდეა ასე გამოიყურებოდა - როცა „აიაქსი“ კუთხურს აწვდიდა, რონალდი იმ ფეხბურთელს ბლოკავდა, რომელიც ამსტერდამული გუნდის რომელიმე თავდამსხმელს იყვანდა. ამის შედეგად ფორვარდი ხშირ შემთხვევაში თავისუფალი რჩებოდა, რადგან მეტოქე დე ბურის მახეში ხვდებოდა და „იკარგებოდა“. ვან გაალს მისი იდეა ძალიან მოეწონა და სულ მალე „აიაქსის“ არსენალში ახალი იარაღი გაჩნდა! ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შექმნა გარემო, რომელშიც ნებისმიერ ინოვაციურ და კრეატიულ იდეებს დიდი გულისყურით უსმენდნენ. 

ახალგაზრდა „ღვთის შვილების“ პირველი სეზონი წარმატებული გამოდგა. მიუხედავად ჩემპიონატში დაკავებული მესამე ადგილისა და უეფას თასის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნისა „აიაქსმა“  KNVB-ის თასი დაისაკუთრა. მომდევნო წელს ნიდერლანდელი სპეციალისტის კოლექტივმა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. ვან გაალის შრომა დაფასდა! კლუბმა პირველ წარმატებას მიაღწია, მაგრამ სულ მალე ყველაფერი შეიცვალა. კანუსა და ჯორჯის ტრანსფერის შემდეგ „აიაქსი“ შეუჩერებულ ძალად იქცა. ლუისის ბიჭებმა ჩემპიონობა მარცხის გარეშე დაიბევეს და ტურნირი რეკორდული, 27 მოგებით დაასრულეს. „ღვთის შვილებმა“ 106 ბურთი შეაგდეს, რაც მატჩში საშუალოდ 3-ზე მეტი გოლია.

ნათელი გახდა, რომ „აიაქსი“ ევროპაში გამეფებული ჰეგემონიის დასამხობად ემზადებოდა. მათ ჯგუფურ ეტაპზე „მილანი“ ორჯერ დაამარცხეს. პირველი გამარჯვების შემდეგ „აიაქსის“ „ბავშვები“ საკუთარი კუმირების გასახდელში შესასვლელად და მაისურების გასაცვლელად რიგში იდგნენ. მეორე მატჩის ბოლოს კი ყველაფერი სხვანაირად იყო... რონალდ დე ბური:  „ახლა, როცა ამ ამბავზე ვფიქრობ, ძალიან მრცხვენია. რუუდ გულიტმა გასახდელში შესვლის უფლება მოგვცა და ჩვენც საკუთარ კუმირებთან შეხვედრა პატარა ბავშვებივით გვიხაროდა. სამაგიეროდ, მეორე მატჩის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და მათთვის მაისურები აღარ გვითხოვია!“

გუნდური სული

ფრანკ დებურისთვის ეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა მან და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს: „სეზონის დასაწყისში რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გუნდის შიგნით ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობდა. ახალგაზრდებსა და გამოცდილ ფეხბურთელებს ერთმანეთის იდეალურად ესმოდათ. შესანიშნავი სასტარტო შემადგენლობა გვყავდა, რომელსაც თავისი ფუნქციების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენებოდა. პლუს ამას ჩვენ რიგებში 4-5 ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც სათადარიგოთა სკამიდან მეტოქე გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. მახსოვს, „მილანის“ დამარცხების შემდეგ გავაანალიზეთ, რომ დროა გავიზარდოთ და შიშის გრძნობას ვძლიოთ“.

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ვან გაალის „აიაქსს“ ჰქონდა, ედგარ დევიდსი იყო. „პიტბულს“ ასპარეზობა ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო და ლუისის სათამაშო ტაქტიკას იდეალურად ერგებოდა.

დავიდსი: „გუნდში თამაში მარცხენა გარემარბად დავიწყე. გარკვეული დრო მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გავატარე და ბედი 10 ნომერზეც ვცადე. გამომდინარე იქიდან, რომ მარკ ოვერმარსი მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად თამაშობდა, ლუისმა მოედნის ცენტრში დამაყენა. მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თავს მიტოვებულად ვგრძნობდი, მოედნის ცენტრში კი თამაშში 100 პროცენტით ჩართული ვიყავი“.

ჯგუფური ეტაპის წაუგებლად დაძლევის შემდეგ, ამსტერდამელებმა ჯერ „ჰაიდუკი“ 3-0 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი, „ბაიერნს“ 5-2 სძლიეს. საბოლოოდ, „ღვთის შვილები“ „მილანს“ ტურნირზე მესამედ დაუპირისპირდნენ. საინტერესოა, რომ მათი დამრიგებელი მომავალი ოპონენტის ვინაობით ძალიან გახარებული იყო და მიაჩნდა, რომ პსჟ-თან ორთაბრძოლას „როსონერისთან“ შერკინება ნამდვილად სჯობდა. „მილანი ზუსტად „აიაქსის“ სტილში თამაშობს. მათ გამარჯვების მიღწევა სურთ. ფრანგები შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობენ, დიდ დროს დაცვაში ატარებენ და მაქსიმალურად ცდილობენ მარცხი თავიდან აირიდონ“.

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალისტებს ერთნაირი ამბიციები ჰქონდათ, თუმცა ვენაში ჩასვლისას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ამსტერდამელი ბავშვები მებრძოლ სულს ასხივებდნენ, იტალიელები კი ქალაქში პომპეზურად გამოჩნდნენ. 

გადამწყვეტი მატჩის წინ ფაბიო კაპელომ ვიზავის გაოცება სცადა და ტაქტიკაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. მარსელ დესაის, რომელიც ხშირად მოედნის ერთ კონკრეტულ არეალში ასპარეზობდა, იარი ლიტმანენის ინდივიდუალური მეურვეობა დაეკისრა. თავდამსხმელს, დანიელე მასაროს ფრანკ დე ბურის შორეული გადაცემების აღკვეთა ევალებოდა. ამასთან ერთად, მას ოპონენტი იძულებული უნდა გაეხადა, პასი მიხაელ რაიციგერის მიმართულებით შეესრულებინა, რომლის წინააღმდეგაც იტალიელები აგრესიულ პრესინგს თამაშობდნენ.

საწყისი 45 წუთის განმავლობაში კაპელოს გეგმამ გაამართლა. ამსტერდამელებს ბურთის შენარჩუნება და შეტევის წამოწყება ძალიან უჭირდათ. შესვენებაზე მატჩის მიმდინარეობის შესახებ საუბარი ფრანკ რაიკაარდმა დაიწყო: „მინდა, ბურთი დაცვიდან სწრაფად ამოიტანოთ და უფრო მეტად გაუფრთხილდეთ“. ფრანკის ფრაზას ბლინდის, ზეედორფისა და რონალდ დე ბურის კამათი მოჰყვა. ვან გაალი ფეხბურთელების „დაპირისპირებას“ თვალს ღიმილით ადევნებდა და პარალელურად ტაქტიკაში ცვლილებები შეჰქონდა. საბოლოოდ, ლუისმა რაიკაარდი ხუთი მეტრით უკან დახია და მნიშვნელოვანი გადაცემების გაკეთება სწორედ მას დაავალა.

მეორე ნახევარი „აიაქსის“ სრული უპირატესობით წარიმართა...

53-ე წუთზე ზეედორფის ნაცვლად კანუ შემოვიდა. ამ უკანასკნელის სისწრაფის გამო ბარეზი და „მილანის“ დაცვა იძულებული გახდა, საჯარიმოს მისადგომებთან გამაგრებულიყო. „აიაქსი“ სერიოზულ უპირატესობას ფლობდა და ვან გაალი ამას მშვენივრად ხვდებოდა. 70-ე წუთზე ლიტმანენის ნაცვლად თამაშში კლუივერტი ჩაერთო. გამოსვლიდან 15 წუთის შემდეგ პატრიკმა გამარჯვების გოლი შეაგდო და „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 1973 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

 

დასასრულის დასაწყისი

ვან გაალმა საოცარ შედეგს მიაღწია, „ღვთის შვილები“ ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდებად იქცნენ. 18 წლის კლუივერტი კი ადგილობრივი მედიის საყვარელი მოთამაშე გახდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ვან გაალს დეჟა ვუს გრძნობა დაეუფლა... ევროპული გრანდები მისი წამყვანი ფეხბურთელების შეძენას გეგმავდნენ. განსაკუთრებით დიდი ინტერესი ლიტმანენის მიმართ იყო, მაგრამ ფინელმა „აიაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლარენს ზეედორფის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. იგი „სამპდორიაში“ გადავიდა. საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა თვლიდა, რომ „აიაქსი“ ლიდერის სტატუსი დათმობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებდა, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა...

ფინალიდან 4 თვის შემდეგ კლუივერტი ავტოკატასტროფის გამოწვევაში დაადანაშაულეს. მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ფინიდ ჯორჯს პირადი პრობლემები აწუხებდა, მას ნიგერიაში ძმა მოუკლეს, რამაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უდიდესი გავლენა იქონია. „აიაქსმა“ ევროპის სუპერთასი მოიგო, თუმცა ეს მიღწევა თითქმის არავის გახარებია... „ღვთის შვილები“ ნელ-ნელა მიწაზე ეშვებოდნენ...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იაპონური ტურნე აღმოჩნდა, სადაც ამსტერდამელები საერთაშორისო თასის მოსაგებად და კომერციული სარგებლის მისაღებად გაემართნენ. „გრემიოსთან“ მატჩში ოვერმარსმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რამაც გუნდში დაძაბულობა ერთიორად გაზარდა. „აიაქსმა“, აღნიშნული ტურნირი მოიგო, ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა და ევროპულ ასპარეზზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობდა. „ღვთის შვილებმა“ „ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაამარცხეს და „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებისგან ოვაციებიც დაიმსახურეს. „დორტმუნდისა“ და „პანათინაიკოსის“ ბარიერების დაძლევის შემდეგ „აიაქსი“ ფინალში „იუვეს“ დაუპირისპირდა, ამსტერდამელებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარეს და „ბებერ ქალბატონთან“ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

 

„აიაქსის“ იდეალური სამყარო მალე დაინგრა, „ღვთის შვილებს“ ჯერ დავიდსი და რაიციგერი გამოაკლდათ, რომლებმაც კარიერა „მილანში“ გააგრძელეს. ჯორჯი „ბეტისში“ გადავიდა, კანუ კი მეორე მილანურმა გუნდმა, „ინტერმა“ იყიდა. ერთი წლის შემდეგ კლუივერტი „ბარსაში“ გადაბარგდა. წარმატებული დღეები წარსულს ჩაბარდა, მალე გუნდი ვან გაალმაც დატოვა და „ბარსელონას“ მიაშურა...

ამსტერდამული ოცნება დასრულდა, თუმცა 90-იანების „აიაქსი“ საფეხბურთო ისტორიას სამუდამოდ დარჩა!

გაზიარება: