ელ ფენომენოს აღზევება - გზა ტრავმებიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე
Aa Aa

ელ ფენომენოს აღზევება - გზა ტრავმებიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

„კარგად მახსოვს, ერთ დღეს, სასტუმროს ოთახში გავიღვიძე და ჩემ გარშემო თანაგუნდელები და ბრაზილიის ნაკრების ექიმი, ლიდიუ ტოლედუ დავინახე. არავინ მეუბნებოდა რა ხდებოდა და ჩემს ოთახში რატომ იყვნენ. მე კი უბრალოდ დაძინება მსურდა და მათ გასვლა და დისკუსიის სხვაგან გაგრძელება მოვთხოვე. სურვილის შესრულების ნაცვლად, სასტუმროს ბაღში გამიყვანეს და მითხრეს, რომ ორი წუთით გონება დავკარგე, რის გამოც იმ საღამოს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ვითამაშებდი. ბუნებრივია, მათ გადაწყვეტილებას შევეწინააღმდეგე, რადგან ჩემი ერის წინაშე ვალდებულება მქონდა აღებული და არ მინდოდა, ვინმესთვის იმედი გამეცრუებინა… დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდისთვის რაიმე სასარგებლოს მაინც გავაკეთებდი და მწვრთნელს სხვა გზა არ დავუტოვე! იმ შეხვედრაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო"!

მუდმივი შიში

„ამდენი წელი გავიდა, მაგრამ „კოპა იტალიის“ ფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრის ყურება, რომელიც „ლაციოს“ წინააღმდეგ გავმართეთ, მაინც ურთულესია. როცა ვიცი, რომ ტელევიზიით ამ მატჩს აჩვენებენ, ტრავმის ეპიზოდის დროს გვერდით ვიხედები. როცა იმ მომენტს ვხედავ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ტკივილს ხელახლა ვგრძნობ. უცნაურია, მაგრამ, „ლაციოსთან“ მატჩში მიღებულმა დაზიანებამ ხასიათი ჩამომიყალიბა და უკეთეს პიროვნებად მაქცია. ყველაფერი, რაც მინდორზე დასაბრუნებლად გამოვიარე, ერთი დიდი გამოცდა იყო და ვიცოდი, რომ მის ჩასაბარებლად უამრავი ბრძოლის გადატანა მომიწევდა.

„ლაციოსთან“ თამაში მუხლის ტრავმის მოსაშუშებლად ჩატარებული ოპერაციის გამო აღებული 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველი შეხვედრა იყო და არ ველოდებოდი, რომ მორიგ ტრავმას ასე სწრაფად მივიღებდი. სამწუხაროდ, 2000 წლის აპრილში გაცილებით რთული ოპერაციის ჩატარება და უფრო გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მომიწია, რომლის მიმდინარეობისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ჩემი სამყარო ინგრეოდა. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ თავს ასეთი განსაცდელი დამატყდა..

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი და მუნდიალზე ნამდვილად არ ვფიქრობდი, მაგრამ უეცრად გავაანალიზე, რომ იყო შანსი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი გამომეტოვებინა.

გარანტირებული არ გახლდათ, რომ სრულად გამოვჯანმრთელდებოდი, სწრაფ მომჯობინებაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში ჩემი ტრავმის მსგავსი პრეცედენტი არასდროს დაფიქსირებულა და ამიტომ წარმოდგენა არ გვქონდა სარეაბილიტაციო პროცესი რამდენ ხანს გასტანდა. მაწუხებდა ტრავმა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში არასდროს!, არავის ჰქონია! გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ფიზიკური ვარჯიშები დავიწყე. მახსოვს, ფეხის 90 გრადუსით მოხვრა ტრავმიდან 8 თვის შემდეგაც მიჭირდა. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ურთულესი იყო. სარეაბილიტაციო პროცესის ნახევარი იყო გასული და 100 გრადუსამდე ვერა და ვერ ავედი. მუხლში ძალა საერთოდ არ მქონდა და ამის გაანალიზებამ გამანადგურა. შოკირებული ვიყავი და დეპრესიაში ჩავვარდი... მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი შედეგს მივაღწევდი თუ არა, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მქონდა - ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა".

ხასიათის სიმტკიცე

„ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, დანებება თავში აზრადაც არ მომსვლია. იმ მომენტში დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი - თუ მაქსიმუმს არ გავაკეთებდი და ფიზიკურ კონდიციებს ვერ აღვიდგენდი, ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი. ჩემთვის გარანტირებული მხოლოდ ის გახლდათ, რომ თუ მიზანს ვერ მივაღწევდი, კარიერის დასრულება მომიწევდა. მზად ვიყავი, მაქსიმუმი გამეკეთებინა. ტკივილი უძლიერესი იყო, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი, უფრო მტკივნეული გახლდათ.

ტრავმიდან 8 თვის შემდეგ გადავწყვიტე სხვა ექიმის აზრი მომესმინა და გამეგო მუხლის მოხვრა რატომ მიჭირდა. აშშ-ში გავემგზავრე და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ფეხბურთის თამაშს ვეღარასდროს შევძლებდი. მან ოპერაცია შემომთავაზა, რომლის გაკეთების შემდეგაც მუხლის მოხვრა 30-ით უფრო მეტი გრადუსით შემეძლებოდა...

მოედანზე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნების სურვილი და ჩემი დამოკიდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამიყენებია. 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთის კიდევ ერთხელ სათამაშოდ მაქსიმუმს გავიღებდი. ერთადერთს, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი, მედიცინა გახლდათ. წარმოდგენა არ მქონდა იყო თუ არა მკურნალობის მეთოდი, რომელიც სასწაულს მოახდენდა და მოედანზე დაბრუნებაში დამეხმარებოდა.

ექიმი ან ფიზიოთერაპევტი არ ვარ და არც სამედიცინო განათლება მიმიღია, მაგრამ ჩემი ტრავმებისგან ბევრი რამ ვისწავლე. რეალობა ის იყო, რომ ჩემი მოედანზე დაბრუნება სასწაული იყო. სასწაული, რომელიც ალბათ ბოლომდე ბრძოლის დამსახურება გახლდათ.

მახსოვს, იმ პერიოდში ჩემ შესახებ ბევრს საუბრობდნენ და აქტიურად წერდნენ. ხალხმა ჩემი განსჯა დაიწყო, რამაც ძალიან გამაღიზიანა. ჩემზე განსაკუთრებით იმან იმოქმედა, რომ მათ რამდენჯერმე ჩემი პრობლემების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს. წარმოიდგინეთ, იმ მომენტისთვის, ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი ტრავმა არასდროს არავის ჰქონია, მაგრამ ბრაზილიელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ექიმების პროგნოზების მოსმენა მაინც მომიწია. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი. ერთმა ისიც მითხრა, რომ იყო შანსი ვეღარასდროს გამევლო...

თავს საშინლად ვგრძნობდი და ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან ფეხბურთს ვერ ვთამაშობდი. მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ფორმაში ჩადგომაზე ვფიქრობდი და ვიცოდი, რომ წინ გრძელი პერიოდი მელოდა, რომლის დროსაც დიდი მსხვერპლი უნდა გამეღო. ნელ-ნელა პროგრესის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი. დროის გასვლასთან ერთად შიშმა და ეჭვმა დამიპყრო. სარეაბილიტაციო პერიოდი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდებოდა. ძალიან დიდი შანსი იყო, მუნდიალი გამომეტოვებინა".

დიდხნიანი სიყვარული

„მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის მომწონდა. გარდა იმისა, რომ მუნდიალი საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, ის სხვადასხვა კულტურის ფესტივალსაც წარმოადგენს.

ყველა, ვინც ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ჩემი გმირია! პელე და „სელესაოს” ფეხბურთელები, რომლებიც 1958 წელს შვედეთში იმყოფებოდნენ. შემდეგ გარინჩა და 62 წლის ბრაზილია. რიველინო, ჟერსონი და ტოსტაო 1970-ში. რომარიო, ბებეტო და დანარჩენები 1994-ში და რაც მთავარია, რივალდო, რონალდინიო და ჩემი თანაგუნდელები - 2002-ში.

საბედნიეროდ, 2002 წლის მუნდიალის მოახლოებასთან ერთად ჩემს მუხლს პროგრესი დაეტყო. ფიზიკური ვარჯიშები განვაახლე, მაგრამ ჩემი მომავალი მაინც ბურუსით იყო მოცული და იმ მომენტში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზებდი. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ლუის ფელიპე სკოლარის გამოეძახებინა ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო რამდენიმე სეზონში ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა.

დაახლოებით 2-წლიანი ტანჯვის შემდეგ, ფიზიკური კონდიციები აღვიდგინე. ნელ-ნელა „ინტერის“ რიგებში დავბრუნდი და 2002 წლის მარტში, სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრებში იუგოსლავიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამომიძახა. თითქმის სამი წლის შემდეგ „სელესაოს“ მაისურით 45 წუთი ვითამაშე, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

ეროვნული ნაკრების რიგებში მოხვედრა ჩემთვის ისტორიული მომენტი იყო, რადგან მაშინ, როცა ტრავმა მივიღე, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ტურნირზე ვითამაშებდი. ერთადერთი, რამაც ბრძოლის გაგრძელებისთვის საჭირო მოტივაცია და ძალა მომცა, ფეხბურთის უდიდესი სიყვარული იყო. ფეხბურთის სიყვარული დაბრკოლებების დაძლევაში დამეხმარა და ჩემი პიროვნების ტრანსფორმაცია მოახდინა.

ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობის გამო „დიდი ფილის“ მადლობელი ვარ. მას სათამაშო პრაქტიკის მქონე და ფორმაში მყოფი თავდამსხმელის გამოძახება შეეძლო, მაგრამ შანსი მე მომცა. პირადი საუბრისას სკოლარის რამდენჯერმე ვუთხარი, რომ მის ნდობას აუცილებლად გავამართლებდი და წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე დავიხევდი.

ჩემთვის პირველ შეხვედრას, რომელიც თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ უნდა გაგვემართა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დაკარგული თავდაჯერებულობის დაბრუნებას სწორედ ამ მატჩში ვგეგმავდი. ყველაფერი ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს თურქები დაწინაურდნენ. ვითარება დაიძაბა, მეორე ნახევრის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ კი რივალდომ ბურთი ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში ჩააწოდა. ვიცოდი, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა და მიზანს მივაღწიე. ყველაზე ლამაზი გოლი არ გამიტანია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით მეტოქე გუნდის კარის აღება მოვახერხე.

თურქეთთან მატჩისას ტკივილი არ მიგრძნია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს აგონიაში ჩავვარდი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ამდენი დრო მოედანზე პირველად გავატარე, რის გამოც მთელი სხეული მტკიოდა. თუმცა საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე, რადგან იმ გუნდის ბარიერი გადავლახე, რომელიც ძალისმიერ ფეხბურთს მისდევდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში მეუხეშებოდა. თურქეთს ნახევარფინალში კიდევ ერთხელ დავუპირისპირდით, მაგრამ მანამდე კოსტა რიკის, ბელგიისა და ჩინეთის ნაკრებების კარი დავლაშქრე.

ნახევარფინალში თურქეთი დავამარცხეთ და საფინალო სასტვენის შემდეგ სიხარული და შვება ვიგრძენი, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა და თვალწინ საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდარი ინციდენტი დამიდგა. შემეშინდა და წარმოდგენა არ მქონდა იგივე რომ განმეორებულიყო რა მოხდებოდა. ზუსტად მახსოვს, საფრანგეთთან ფინალის წინ ლანჩი მივირთვი და დასასვენებლად წავედი. კონვულსია სწორედ ამ დროს დამემართა და როგორც ჩანს, ჩემმა პრობლემამ გავლენა მთელ ნაკრებზე იქონია.

შეტევის შემდეგ, ექიმებმა მითხრეს, რომ თამაშს ვერ მოვახერხებდი, თუმცა არ დავნებებულვარ და ალტერნატიული პასუხის მოლოდინში ნაკრების ყველა წევრს დაველაპარაკე. მეგონა, რომ ფინალში თამაშს ვიმსახურებდი და სამედიცინო შტაბი დავარწმუნე, რომ დამატებითი ტესტები ჩაეტარებინათ. რამდენიმე პროცედურის გავლის შემდეგ არანაირი ანომალია არ დაფიქსირებულა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა ზაგალოს მესიჯი ნათელი და აშკარა იყო -  ფინალი ჩემ გარეშე უნდა გამართულიყო.

ტესტების შედეგების ამსახველი ფურცლებითა და ექიმი ტოლედუს თანხმობით შეიარაღებული ზაგალოს მივუახლოვდი და ვუთხარი: „თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტესტის შედეგები მაქვს, რომლებიც ამტკიცებს, რომ არაფერი მჭირს. მოედანზე შესვლა მინდა“!

საფრანგეთთან ვითამაშე, მაგრამ ჩემმა პრობლემებმა მთელ ნაკრებზე იქონია გავლენა, რადგან კონვულსია ძალიან ცუდი სანახავი და რთული გადასატანია".

ბრძოლა წარსულთან

„4 წლის შემდეგ, გერმანიასთან მატჩის წინ, ეს გამოცდილება თავს მახსენებდა და ფინალის დღეს, ლანჩის შემდეგ დაძინების შემეშინდა. ძილზე უარი განზრახ ვთქვი და თანაგუნდელებთან ერთად არ დამისვენია. ბრაზილიის ფეხბურთელებს ლანჩის შემდეგ ძილი ჩვევად ჰქონდათ და ფაქტობრივად არავის ეღვიძა. ვინმესთან დალაპარაკება მსურდა და აღმოვაჩინე, რომ დიდაც ფხიზლად იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. იგი კარგად მეპყრობოდა და იცოდა, რომ 2002 წლის ფინალის წინ, ჯერ კიდევ 1998-ის ამბებზე ვნერვიულობდი... როცა მწვრთნელთან ერთად ავტობუსით სტადიონისკენ გავემართეთ შვება ვირძენი. საბოლოოდ შევძელი კონვულსია დამევიწყებინა და კონცენტრაცია ფინალზე მომეხდინა.

საოცარი ფინალი გამოვიდა. გერმანიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. დუბლი შევასრულე და 4 წლის განმავლობაში მიღებული ყველა ტრავმა დავმარხე. მახსოვს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შემცვალეს. სათადარიგოთა სკამზე მისვლისას როდრიგო პაივას ჩავეხუტე, რომელიც ურთულეს პერიოდში ერთი წამითაც არ მომშორებია და შემდეგ ავტირდი. ემოციებს ვერ ვიკავებდი, დედამიწაზე უბედნიერესი ადამიანი ვიყავი! ბრაზილია საოცრად ასპარეზობდა და მსაჯს 100 წუთიც რომ დაემატებინა, გერმანია მაინც უშანსოდ იქნებოდა.

სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და მატჩს თვალცრემლიანი ვუყურებდი. ვიცოდი, რომ წარმატება ყველას უხაროდა, თუმცა სახალხო ტრიუმფთან ერთად, მე ინდივიდუალურ ბრძოლაშიც ვიმარჯვე და ეს ორმაგად სასიამოვნო იყო"…

გაზიარება: