გმირი და სხვა გამორჩეულები - რა შეფასებები დაუწერა SofaScore-მა ქართველ ფეხბურთელებს
Aa
Aa

გმირი და სხვა გამორჩეულები - რა შეფასებები დაუწერა SofaScore-მა ქართველ ფეხბურთელებს

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ეროვნულ გუნდს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიაზე გავიდა.

არავინ დავობს, რომ მატჩის მთავარი გმირი სწორედ გოლის ავტორი გახლდათ და პოპულარულმა გამოცემა SofaScore-მაც ყველაზე მაღალი შეფასება, 8.2 მას დაუწერა. როგორც ვებგვერდის სტატისტიკაშია მოცემული, "ოქრიმ" კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყა, ერთხელაც კარს ააცილა, 3 მცდელობიდან 2 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, პენალტი მოიპოვა, პასების 74%-იანი სიზუსტე (27-დან 20) ჰქონდა, მოედანზე 13-დან - 9, ხოლო ჰაერში 10-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო. 28 წლის შემტევი ბურთს 52-ჯერ შეეხო და ის 15-ჯერ დაკარგა. მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი წესი 3-ჯერ დაარღვია.

View this post on Instagram

@okriashvilii ????

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff) on Oct 8, 2020 at 12:48pm PDT

გამოცემის აზრით, დღევანდელ მატჩში ჩვენი ნაკრების ყველაზე ძლიერი რგოლი დაცვა იყო - ოქრიაშვილის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება ოთარ კაკაბაძემ მიიღო (7.7), სოლომონ კვერკველიას თამაში 7.4-ით შეფასდა, ხოლო ლაშა დვალმა 7.2 დაიმსახურა.

რაც შეეხება გურამ კაშიას, მისი თამაში, ისევე როგორც ნიკა კვეკვესკირისა და ოთარ კიტეიშვილის, 6.8 ბალით შეფასდა. "ჯვაროსანთა" კაპიტნის, ჯაბა კანკავას გარჯას 7.3 ბალი დაუწერეს, ხოლო მეკარე გიორგი ლორიასას - 7.1.

მისი ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ SofaScore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.3 ბალით შეაფასა, რაც ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა - ამაზე დაბალი მხოლოდ ბელარუსთა მარცხენა გარემარბ პაველ ნეხაიჩიკს დაუწერეს. 6.7 ქულა მიიღო ვაკო ყაზაიშვილმა.

საინტერესოა, რომ ბელარუსების მხარეს საუკეთესო შეფასება (7.5) მეკარე ეგორ ხატკევიჩმა დაიმსახურა, რაც გასაკვირი არაა, რადგან 6 სეივი ჩაიწერა აქტივში, მის შემდეგ კი ფლანგის მცველები: ნიკოლაი ზოლოტოვი და მაქსიმ ბორდაჩევი გამოარჩიეს - ორივემ 7.2 ბალი მიიღო.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, საქართველომ მეტოქის კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, აქედან 7 დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. 5 კუთხური მოაწოდა, ბურთის ფლობის - 52%-იანი, ხოლო პასების სიზუსტის 81%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ჩვენმა თანამემამულეებმა თამაშის წესი 17-ჯერ დაარღვიეს, კანკავამ, კვეკვესკირმა, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ კი საერთოდ ყვითელი ბარათები მიიღეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის C ლიგის ეგიდით, სომხეთთან გამართავს. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები