ბელარუსი დამარცხებულია! საქართველო ევრო 2021-ს მიუახლოვდა
Aa
Aa

ბელარუსი დამარცხებულია! საქართველო ევრო 2021-ს მიუახლოვდა

საქართველოს ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან მხოლოდ ერთი მატჩი აშორებს. ვაისის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ამ წყვილში გამარჯვებულს საქართველო დაამარცხებს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაიწერება.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა შესვენების შემდეგ ვაისის გუნდს თამაში გაუჭირდა და ბოლო წუთები საკმაოდ მძიმე გამოვიდა. საბოლოდ, საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის ნახევარფინალის სასტარტოში შემდეგი 11 ფეხბურთელი გაამწესა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (კ), კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი

მიხაილ მარხელი შემდეგ 11 ფეხბურთელს ენდო: ხაცკევიჩი, ზოლოტოვი, მარტინოვიჩი (კ), ნაუმოვი, ბორდაჩევი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი, ბახარი, ლისაკოვიჩი, ხაჩატურიანი

კვარაცხელიას პასის შემდეგ ოქრიაშვილი სტუმართა საჯარიმოში ზოლოტოვმა წააქცია და პენალტი დაინიშნა. ''ანორთოსისის'' შემტევმა შანსი გამოიყენა, მე-7 წუთზე მისი გოლით საქართველო დაწინაურდა. მეკარე ხაცკევიჩმა დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო, გოლი საპირისპირო კუთხისკენ წავიდა და ვაისის გუნდი დაწინაურდა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 43-ე მატჩში მე-11 გოლი შეაგდო და მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კანკავასა და ყაზაიშვილის ანგარიშზე 10-10 გოლია.

ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში თბილისში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. სამივე გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო (დღევანდელ მატჩში, გასულ თვეში მაკედონიასთან და 2018 წლის სექტემბერში ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლატვიასთან).

საქართველოს ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჩამორჩება. კერძოდ, შოთა არველაძეს (26), თემურ ქეცბაიას (17), ალექსანდრე იაშვილს (15), გიორგი დემეტრაძესა (12) და ლევან კობიაშვილს (12).

გატანილი გოლის შემდეგ ვაისის გუნდმა მეტოქის ნახევარზე პრესინგის ხარჯზე რამდენი ეპიზოდში ბურთი მოიპოვა, თუმცა ბელარუსთა მეკარისა და კაპიტან მარტინოვიჩის შეცდომებით მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს.

მატჩის საწყისი წუთებიდან მოყოლებული კარგად ჩანდა, რომ მძიმე თამაში გამოვიდოდა. სტუმრები ტექნიკით და სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ. აქედან გამომდინარე საქართველოს ნაკრებს ლამაზი ფეხბურთის თამაში გაუჭირდა, თუმცა ვაისის გუნდმა პრესინგისა და სისწრაფის ხარჯზე მარხელის გუნდი საკუთარ ნახევარზე მიაჯაჭვა.

საქართველოს ნაკრების ძლიერმა პრესინგმა ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელებს საკუთარ ნახევარზე არაერთი შეცდომა დააშვებინა, თუმცა სტუმართა შეცდომები ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მძიმე დაიწყო, თუმცა შემდეგ თამაშის ხარისხი გამოსწორდა. ქართველებმა სტუმართა კარისკენ ორი სახიფათო დარტყმა შეასრულეს, ოქრიაშვილი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, შორეული კუთხისკენ დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა, ხოლო ვაკო გვილიას ძლიერი დარტყმა დაბალ კუთხეში მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ვაისმა პირველი ცვლილება 65-ე წუთზე განახორციელა, კიტეიშვილმა მოედანი დატოვა და გვილია თამაშში ჩაერთო. რაც შეეხება სტუმრებს, მარხელი უფრო აქტიურად მიმართავდა ცვლილებებს, თუმცა მისი გუნდის თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ჩანდა.

81-ე წუთზე ყაზაიშვილი შენგელიამ შეცვალა, კაკაბაძე კი - ჯიმი ტაბიძემ. 89-ე წუთზე ოქრიაშვილი თანაკლუბელმა ქვილითაიამ შეცვალა. 90-ე წუთზე კვარაცხელიამ მოედანი დატოვა და თამაშში ''ანაკარას'' შემტევი საბა ლობჟანიძე ჩაერთო.

85-ე წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა, ლაპტევს გოლს გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კარისკენ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. დარტყმა ძალიან სახიფათო იყო და საქართველოს ნაკრები გოლს გადაურჩა. სიზუსტის შემთხვევაში ლორია ბურთს ვერ მოიგერიებდა.

მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბელარუსის ნაკრები შეტევაში აქტიურად გადავიდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ და ქართველმა ფეხბურთელებმა მათი იერიშები გაანეიტრალეს.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები