არუნა ბაბანგიდა - ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო უნდა გამხდარიყო
Aa Aa

არუნა ბაბანგიდა - ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო უნდა გამხდარიყო

2019 წელს, „არსენალის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ, The Athletic-თან ინტერვიუში თავისი თინეიჯერული წლები და „ბარსელონას“ აკადემია „ლა მასია“ გაიხსენა: „ჩვენ საერთო საცხოვრებელში პეპე რეინა, ვიქტორ ვალდესი, ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი იმყოფებოდნენ, თუმცა მე ერთი ბიჭი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მისი სახელი არუნა ბაბანგიდა იყო.

15 წლის ასაკში ბაბანგიდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იყო. სიტყვები არ მყოფნის, რომ მისი ტალანტის შესახებ გადმოგცეთ. მან საბერძნეთში, კვიპროსში და რუსეთში ითამაშა, როცა ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო“.

ამჟამად ბაბანგიდა 38 წლის არის და კარიერა დასრულებული აქვს.

„პირველ რიგში რაც შემიძლია მიკელზე ვთქვა, ის დიდებული ადამიანი და კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ერთ ოთახში გვეძინა და ის ორსაწოლიან ლოგინში, ყოველთვის ჩემ ზემოთ იწვა (მეორე სართულზე). არტეტა ყველაფერს ყოველთვის სწორად აკეთებდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ „არსენალის“ მწვრთნელი გახდებოდა. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც თამაში ესმოდა. იგი მუდამ ზუსტ გადაცემებს აკეთებდა და სწორ რჩევებს იძლეოდა. ნამდვილი ლიდერი იყო და ამასთან ერთად, მისი სათამაშო სტილი პეპ გვარდიოლას სტილს ძალიან გავდა, რომელთან ერთადაც ასევე საკმაო ხანს მომიწია ვარჯიში. შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ისინი ერთ დღესაც მწვრთნელები გახდებოდნენ.

ზუსტად ვიცი, რატომაც თქვა არტეტამ, რომ მე მსოფლიოში საუკეთესო ვიყავი. ნება მომეცით აგიხსნათ: თუ, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ აკადემიის მაშინდელი წარმომადგენლებისგან ინტერვიუები აიღოთ, მაშინ მათ იგივე კითხვა დაუსვით და პასუხსაც ისეთივეს მიიღებთ, როგორიც არტეტას ჰქონდა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ეს ვიცი, იმიტომ რომ ისინი ამას პირადადაც მეუბნებოდნენ. მათ უნდოდათ გაეგოთ, თუ რატომ არ მეძლეოდა შანსი.

თანაგუნდელები მეუბნებოდნენ: „შენ პირველ გუნდში თამაშის შანსი უნდა მოგეცეს, რადგან კლუბი ყიდულობს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც შენი მარცხენა ფეხის დონისაც არ არიან“. ცნობისთვის, მე მემარჯვენე ვარ“. - ამბობს ბაბანგიდა.

ბაბანგიდა იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი ტალანტი ვერ გამოავლინეს. თავად ფეხბურთელი ამას აღიარებს და ასევე ამბობს, რომ თავად ფეხბურთსაც გამოეპარა ის.

1997 წელს, ბაბანგიდა „აიაქსის“ სკოლიდან „ლა მასიას“ შეუერთდა. ის ამსტერდამში თავის ძმასთან ტიჯანისთან (დიახ, ის ტიჯანი ბაბანგიდა) ერთად თამაშობდა, რომელმაც საბოლოოდ ნიდერლანდების დედაქალაქში 7 სეზონი დაჰყო.

2011 წელს ალექს გრიმალდოს გამოჩენამდე, ბაბანგიდა „ბარსელონაში“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო,  რომელმაც კლუბის ბე გუნდში ითამაშა.

იუთუბზე მისი რამდენიმე ვიდეოს ნახვა, ბაბანგიდაზე წარმოდგენას მარტივად შეგიქმნით. ის კრეატიული გარემარბი იყო, რომელიც ადგილიდან საკმაოდ სწრაფად წყდებოდა და მაღალი დონის პასის კულტურას ფლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მან „ბარსელონა“ ბ-ში 110 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა, პირველ გუნდში თამაშის შანსი მაინც ვერ მიიღო.

2004 წელს, ბაბანგიდამ „ბარსელონა“ საბოლოოდ დატოვა და კარიერა დონეცკის „მეტალურგში“ განაგრძო.

რა მოხდა რეალურად? რა იყო ბაბანგიდას წასვლის მთავარი მიზეზი?

„ვან გაალს ახალგაზრდა მოთამაშეები ნამდვილად უყვარს, თუმცა ის ძალიან მძიმე ადამიანია და ძალიან მკაცრი იყო. მას ყველაფრის კონტროლი სურდა, რაც გასახდელში და მის მიღმა ხდებოდა.

ერთხელ ვან გაალმა ჩვენი ტელეფონების ზარები შეისწავლა და დაიმახსოვრა, შემდეგ, როცა ზარი ისმოდა ის გვეუბნებოდა: „ტელეფონს რატომ ატარებ? რატომ გირეკავს ეს ადამიანი?“ ახალგაზრდა ვიყავი და ამ ყველაფერთან შეგუება მიწევდა. ის, ძალიან მკაცრი ადამიანი იყო“.

წლების მანძილზე, აკადემიაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იწვნევდა ვან გაალის მიდგომებსა და სტილს. სასკოლო მიდგომა და პროზაულ სტილში ბურთის კონტროლმა შესაძლოა ახალგაზრდას საქმისადმი რწმენა შეურყიოს.

„ვან გაალთან მუშაობისას თქვენ აუცილებლად გააუმჯობესებდით თქვენ უნარებს, რადგან მას სურდა, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. როცა მატჩში ბევრ შეცდომას უშვებდი, ეს მისთვის მიუღებელი იყო და შემდეგ, შენ რთული სავარჯიშო პროცესი გელოდა.

ყველა მწვრთნელს მოსწონს, როცა მის გუნდში ნიჭიერი მოთამაშეები არიან, თუმცა ვან გაალს არ მოსწონდა, როცა მეკარეს ბურთს ხშირად უბრუნებდი, ან ზედმეტად ბევრ დრიბლიგს აკეთებდი, მას უფრო მარტივად თამაში ხიბლავდა“.

მიუხედავად ყველაფრისა, ბაბანგიდას ვარსკვლავი ზრდას განაგრძობდა და 1998 წლის ზაფხულში წინასასეზონო სამზადისისას 15 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. თანაგუნდელებმა მისი უნარები მალევე შეამჩნიეს და ტალანტი აღიარეს.

„მესმის, რომ ყოველი აფრიკელი ახალგაზრდისთვის ევროპაში ცხოვრება რთულია. აკადემიაში ერთადერთი შავკანიანი ვიყავი. ენასთან დაკავშირებით თავიდან პრობლემები მქონდა. მარტო ვიყავი, ესპანელი ბავშვები კი ინგლისურად ვერ საუბრობდნენ. პირადი მასწავლებელი დამინიშნეს, თუმცა ეს მარტივი არ იყო. არამხოლოდ მე მიჭირდა, მაგალითად ინიესტასთვისაც რთული იყო აკადემიაში პირველი დღეები. მის მშობლებს ჩამოსვლაც კი მოუხდათ, ხოლო, როცა ისინი მიდიოდნენ ანდრესი ტიროდა, ჩვენ კი მას ვამშვიდებდით.

ამრიგად, პრობლემა მხოლოდ ჩემში არ იყო. რეინასაც სტუმრობდნენ ოჯახის წევრები, როცა მიდიოდნენ, ის თავს ცუდად გრძნობდა. აი, ჩემი დიდი ოჯახი კი ჩემთან არასდროს ჩამოსულა, მხოლოდ ჩემი ძმა მესტუმრა რამდენიმეჯერ.

პირველი გუნდის ვარჯიშებს ვაკვირდებოდი, „კამპ ნოუზე“ მატჩებსაც ვუყურებდი, ერთ დღესაც კი მითხრეს: „ხვალ არ დააგვიანო, პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებ. იმ ღამით დაძინება რთული იყო, რადგან მეორე დილით რივალდოსთან და ფიგუსთან ერთად უნდა მევარჯიშა.

გასახდელში შესვლის მეშინოდა, ერთხელაც ფიგუ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „გამარჯობა არუნა“. მან ჩემ შესახებ უკვე იცოდა, რადგან გაზეთები ჩემზე წერდნენ. რთული იყო, თუ არა მათ წინააღმდეგ თამაში? მე შეტევაში ვმოქმედებდი და ეს მათ უწევდათ ჩემ წინააღმდეგ ეთამაშათ.

ისეთი მცველების წინააღმდეგ მიწევდა თამაში, როგორებიც სერხი და მიგელ ანხელი იყვნენ. ისინი მეუბნებოდნენ, რომ თუ მთელი ვარჯიში სირბილს ვაპირებდი და პასებს არ გავაკეთებდი, ისინი ჩემ წინააღმდეგ იუხეშებდნენ.

„აიღე ბურთი და არ დაივიწყო წყეული გადაცემები“, - მეუბნებოდნენ ისინი.

პრესეზონის პერიოდში გაზეთებში ხშირად ვხვდებოდი, ეს ახალგაზრდა აფრიკელი ბიჭი. ბოლო მატჩში მახსოვს ვან გაალი მეუბნებოდა, რომ მე არ ვითამაშებდი, თუმცა მე-80 წუთი იყო და 0:0 გახლდათ, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა გახურების გარეშე შევსულიყავი. გადამწყვეტი გოლი გავიტანე და მოვიგეთ.

ამის შემდეგ ნამდვილი სიგიჟეები დაიწყო. უამრავი კითხვა დაისვა, მივიღებდი, თუ არა შანსს, გაურთულებდა თუ არა ფიგუს საქმეს ჩემი პროგრესი“.

როგორც შემდეგში გამოჩნდა, ბაბანგიდა არც ფიგუს უქმნიდა საფრთხეს და მისი კარიერაც სრულიად ჩაფლავდა. არუნამ ერთი კლუბის რიგებში ყველაზე მეტი 54 მატჩის ჩატარება შეძლო და ეს ლიმასოლის „აპოელში“ იყო. ამ ფაქტიდან ნათლად ჩანს, თუ რამდენად არასტაბილური იყო მისი კარიერა...

ბაბანგიდას ყველაზე ცუდად „მაინცში“ გატარებული დრო ახსენდება, სადაც მან პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

„ტომას ტუხელი იმ დროს მეორე მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. მან მითხრა: „ხვალ შენ პირველ გუნდში არ ითამაშებ, თუმცა დუბლებში მატჩი გექნება“. მე ვუპასუხე, რომ გასაგები იყო. შემდეგ კი შეხვედრის ჩატარების ადგილი და დრო შეიცვალა, მაგრამ მე ამის შესახებ არავინ გამაფრთხილა.

მატჩის ჩატარების ადგილთან ახლოს ოტელში ვცხოვრობდი. დამირეკეს და მითხრეს, თუ სად ვიყავი. ნივთებს დავავლე ხელი და გავიქეცი, თუმცა დავაგვიანე. მეორე დღეს, ეს გაზეთებში მოხვდა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან მათ ფაქტები დაამახინჯეს და ისე გაავრცელეს თითქოს ვარჯიშზე ჩემი მიზეზით დავაგვიანე. ეს ნაგავი ისტორია იყო და რა თქმა უნდა, სიცრუეზე აგებული.

უკრაინაში გადასვლა ცოტა გიჟური გადაწყვეტილება იყო. იმ დროს შემოთავაზებები საფრანგეთიდანაც მქონდა, თუმცა ჩემი აგენტით იმ მომენტში უკმაყოფილო ვიყავი და ასე აღმოვჩნდი დონეცკში.

შემდეგ იყო „ოლიმპიაკოსი“. ხალხს არ ესმოდა, როგორ აღმოვჩნდი „ბარსელონადან“ უკრაინაში.

ოლიმპიაკოსმა“ წინასასეზონო ტურნირზე მიმიწვია, რომელიც ვალენსიაში იმართებოდა. იმ დროს რივალდო უკვე იქ თამაშობდა და კლუბის ხელმძრვანელობას უთხრა - „ის შესანიშავი მოთამაშეა, იყიდეთ იგი“.

პირველივე შეხვედრაში, 1:1-ზე შევედი. 15 წუთით ვითამაშე და გამარჯვების გოლი გავიტანე. შემდეგ, „უდინეზესთან“ 2:3 დავმარცხდით, თუმცა ორივე გოლი მე გავიტანე. ამის შემდეგ კლუბმა კონტრაქტი გამიფორმა“.

იხედება, თუ არა ბაბანგიდა უკან და უშვებს, თუ არა იმ აზრს, რომ პრობლემა მასში იყო და არა მწვრთნელებში, არა სათამაშო სტილში... „რა თქმა უნდა, როცა შენ ახალგაზრდა ხარ თავში იმდენი რამ გიტრიალებს. „ბარსელონამ“ ჩემი თამაში მხოლოდ 20 წუთით ნახა და შემდეგ, ჩემი გაფორმება გადაწყვიტეს.

ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბარსელონას“ პირველი გუნდის მოთამაშე გავხდებოდი და ასე არამარტო მე ვთვლიდი. ბ გუნდში ჩატარებული მატჩების უმრავლესობაში გოლი გავიტანე, ან საგოლე გადაცემა შევასრულე. ჩემ პირველ თამაშში „ოსასუნას“ წინააღმდეგ დუბლი შევასრულე და ლუის გარსიას საგოლე გადაცემა გავუკეთე, რომელმაც შემდეგ „ლივერპულში“ ითამაშა.

ყველა ჩემზე საუბრობდა, თუმცა შესაბამისი მომენტი არასდროს დამდგარა. სხვა ადამიანებისგან სულ მესმოდა, რომ არ გამიმართლა. ბ გუნდში ყოველი სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშე ვხდებოდი და ყველაზე მეტი გოლი გამქონდა, თუმცა შანსს ვერასდროს ვიღებდი. მინდოდა, რომ ერთ-ერთი მწვრთნელისგან ამ ყველაფრის ნამდვილი მიზეზი გამეგო, რადგანაც არავინ არასდროს არაფერს მეუბნებოდა, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მწვრთნელის ხელში ყველაფერი სხვაგვრად იქნებოდა. ეს 100%-ით ვიცი. მაგალითად გვარდიოლას, ან ლუის ენრიკეს ხელში და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ისინი პირადად მიცნობდნენ. მათ, ახალგაზრდა ტალანტის მქონე მოთამაშეების ესმოდათ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის პირველ გუნდში, თუ ის შენსავით კარგი არ არის, მაშინ არ ითამაშებს. ჩემ დროს ასე არ იყო.

შენ ყოველთვის გჭირდება ვიღაც, ვისაც შენი სჯერა და გენდობა“.

გაზიარება: