Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსის რეკორდები და 2 ასისტი სამმაგ დუბლამდე - ლეიკერსმა მაიამი მესამედ დაამარცხა

ლოს-ანჯელეს „ლეიკერს“ NBA-ის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აშორებს. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 102-96 დაამარცხეს და ლარი ობრაიენის სახელობის თასს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

„მაიამიმ“ მრისხანე მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და გამარჯვებულის ვინაობა მეოთხე მეოთხედში გაირკვა. გადამწყვეტი თორმეტწუთეულის წინ „ლეიკერსი“ 5 ქულით იგებდა, თუმცა საფინალო სირენამდე 6 წუთითა და 27 წამით ადრე „ჰიტმა" ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლოს-ანჯელესელებმა მეტოქეზე უკეთ იასპარეზეს და ლებრონ ჯეიმსის, კენტავიუს კალდუელ-პოუპის, რაჟონ რონდოსა და ენტონი დევისის ქულების წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„ლეიკერსს“ სწორედ „მეფემ“ ულიდერა და აქტივში 28 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ლებრონმა ელჯინ ბეილორის რეკორდი დაამხო და სუპერფინალში მინიმუმ 25 ქულა და 10 მოხსნა კარიერაში 24-ედ მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ პლეიოფის ერთ გათამაშებაში ჯეიმსმა მინიმუმ 500 ქულა კარიერაში მეცხრედ ჩააგდო და ამ შედეგით მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც აქამდე პირველ ადგილს იკავებდა.

ლებრონს მხარი ენტონი დევისმა აუბა და თავი 22 ქულას, 9 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა. კალდუელ-პოუპი 15 ქულით გამოირჩა, ხოლო დენი გრინმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

„მაიმის“ რიგებში 22 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო. ტაილერ ჰირო ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც სუპერფინალში სასტარტოში გაამწესეს. ჰირომ 21 ქულა დააგროვა და ახალწვეულთა შორის პლეიოფის ერთ გათამაშებაში ჩაგდებული 3-ქულიანების რაოდენობით რეკორდიც დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსისა“ და „მაიამის“ სერიის მეხუთე შეხვედრას, რომელის შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს, 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 05:00-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები