Aa
Aa

"შენ მადრიდში არავინ დაგიმახსოვრებს" - გულშემატკივრებმა პარტეი გალანძღეს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 საათით ადრე მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ტომას პარტეი ლონდონის "არსენალში" გადავიდა. "მეთოფეებმა" მასში გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებს განელი ფეხბურთელი კლუბისგან მალულად აწარმოებდა, რამაც დიეგო სიმეონეს და "როხიბლანკოს" გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია. მიუხედავად ამისა ტომასი გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ემოციურად დაემშვიდობა და განაცხადა, რომ "ატლეტიკო" მისთვის მხოლოდ კლუბი არ არის. "ატლეტიკო" მისთვის მშობლიური სახლია და დიდ მადლობას უხდის აბსოლუტურად ყველა ადამიანს.

პარტეის დამშვიდობებამ გულშემატკივრებზე არ იმოქმედა. მათ სოციალურ ქსელში 27 წლის ფეხბურთელი მიწასთან გაასწორეს.

"შენ ჩვენი დატოვება გადაწყვიტე. ეს ნორმალურია, მაგრამ როგორც ეს შენ გააკეთე არის უდიდესი სიმახინჯე. შენ აქ არავინ დაგიმახსოვრებს. შენ გრიზმანზე ცუდად მოიქეცი. პრემიერ ლიგაში ფულის გამო წახვედი, მაგრამ შეგეძლო ეს სხვანაირად გაგეკეთებინა."

"გუნდმა, რომელმაც გაგზარდა ეს არ დაუმსახურებია. მესმის, რომ ხელფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ფორმით წასვლა არ შეიძლება. შენ იყავი გმირი და ახლა ხარ ნული. შენ "ატლეტიკოს" პატივს არ სცემ. აქ როგორც ლეგენდას არავინ დაგიმახსოვრებს. იქნები უბრალოდ მორიგი ვირთხა."

შეგახსენებთ, რომ ტომას პარტეი "ატლეტიკოში" 2015 წელს ჩაირიცხა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 188 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები