Aa
Aa

"მანჩესტერმა ვიდეო რეფერიზე არ უნდა იწუწუნოს" - ჟოზეს მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" შორის. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა შეგირდებმა "წითელი ეშმაკები" მიწასთან გაასწორეს და 1:6 მოუგეს. შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა თავკაცმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ისტორიულად "იუნაიტედი" ასეთი ანგარიშით საკუთარ მოედანზე ხშირად არ მარცხდება. ჩემმა გუნდმა კი ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოპოვებული სამი ქულაა.

ჩემი გუნდი თამაშისთვის ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და მენტალურად მზად იყო. პირველივე წუთზე პენალტმა არ გაგვტეხა. ზოგი ადამიანი იტყვის, რომ ჩვენ 10 კაცის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მაგრამ დამერწმუნეთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ ნებისმიერ შემთხვევაში დავამარცხებდით. ეს გარდაუვალი იყო. სულშერის ფეხბურთელებს არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ.

თუ ვინმემ ვიდეო რეფერის გამო უნდა იტიროს, ეს ტოტენჰემია! წინა და ამ სეზონში "ვარ" სისტემამ ბევრი ქულა დამაკარგინა, ხოლო ვინც ამ საკითხზე არ უნდა ინერვიულოს და იწუწუნოს, სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედია."

ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემმა გუნდმა საოცრად კარგად ითამაშა. მატჩის დაწყებამდე მათ ბევრჯერ გავუმეორე, რომ მოგება აუცილებელი იყო." - განაცხადა მოურინიომ

როგორც უკვე მოგახსენეთ "დეზებმა" "ეშმაკები" 1:6 გაანადგურეს. სტუმართა მხრიდან თავი სონმა(2), კეინმა(2), ორიემ და ნდომბელემ გამოიჩინეს. მასპინძლებიდან კი ერთადერთი გოლი ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებმა თავიანთი ისტორიის მანძილზე ერთ ტაიმში 4 გოლი პირველად გაუშვეს. ამით მათ ანტი-რეკორდი დაამყარეს.

მომდევნო მატჩს "ტოტენჰემი" 18 ოქტომბერს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "იუნაიტედი" 17-ში "ნიუკასლს" ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები