უკვე ფრონტის ხაზზე იმყოფება - სომხეთის ნაკრების კაპიტანი მთიანი ყარაბაღის ომში ჩაერთო
Aa
Aa

უკვე ფრონტის ხაზზე იმყოფება - სომხეთის ნაკრების კაპიტანი მთიანი ყარაბაღის ომში ჩაერთო

სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ვარაზდატ აროიანის „ლარისაში“ გადასვლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები გახლავთ.

L'Équipe-ის ინფორმაციით, რომელსაც „ლარისაც“ ადასტურებს, აროიანის აგენტმა ბერძნული კლუბის მფლობელს შეატყობინა, რომ მის კლიენტს სომხეთში გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაცია შეეხო და უკვე საომარ ზონაში იმყოფება. ისევე, როგორც სომხეთის 40 წლამდე ასაკის ბევრი სხვა მოქალაქე.

აროიანის კარიერა სომხურ „პიუნიკში“ დაიწყო, საიდანაც „შაჰრ ხოდრუს“ მიაშურა. 2017 წლიდან იგი რუსული „ურალის" ღირსებას იცავდა და წლეულს თავისუფალი აგენტი გახდა. აროიანს სომხეთის ეროვნულ გუნდში 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები