Aa
Aa

„ხანდახან ფეკალიებით სავსე ყუთებსაც ვიღებდით" - ევრა ნოელ ლე გრეს განცხადებას გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე გააკრიტიკა. ევრამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ლე გრეს მიერ ფეხბურთში არსებულ რასიზმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ლე გრეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უნდა დავატოვებინოთ, რადგან მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. პირადად მე, ვალდებული ვარ ლე გრეს ვუპასუხო და საფრანგეთის საწვრთნელ ბაზაზე განვითარებული მოვლენები გავიხსენო. ყველას მშვენივრად მოეხსენება იქ რაც ხდება. იცით, რამდენი რასისტული შინაარსის წერილი მიგვიღია?! ერთში ასეთი რამ ეწერა: „დიდი, წაიყვანე შენი მაიმუნები და აფრიკაში წადით“.

ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. ასეთ წერილები ხშირად მოდიოდა და ხანდახან ფეკალიებით სავსე ყუთებსაც ვიღებდით, თუმცა ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავდით და სააშკარაოზე არაფერი გამოგვქონდა.

საწვრთნელ ბაზაზე ჩვენთვის გამოყოფილი იყო ადგილები, სადაც ვჭამდით, მაგრამ როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკოსი მოდიოდა, ყველაფერი იცვლებოდა. მაგიდის შუაში, პრეზიდენტის გვერდით ლორისი და კოშელნი სხდებოდნენ, მე, სახო და სანია კი ადგილს მაგიდის ბოლოში ვიკავებდით. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ როცა პრეზიდენტი ფოტოს გადაღებას მოისურვებდა, უკეთესი გახლდათ, მის გვერდით ლორისი და კოშელნი ყოფილიყვნენ, ვიდრე სახო ან სანია“.

ცნობისთვის, ლე გრე ერთ-ერთ ინტერვიუში „მარსელსა“ და პსჟ-ს მატჩში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები