Aa Aa
29 სექტემბერი 2020  |  20:03

Good Omens - ბარსაში მონობის დრო სრულდება

გასულ უქმეებზე „ატლეტიკოს“ რიგებში ლუის სუარესის ბრწყინვალე დებიუტმა საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და შაბათ-კვირის მთავარ სასაუბრო თემად იქცა, თუმცა რონალდ კუმანის ფორმაციის „ბარსელონამ“ ლა ლიგაში „როხიბლანკოზე“ არანაკლებ ეფექტური სტარტი აიღო და ბევრისთვის მოულოდნელად გამართული, აგრესიული, გააზრებული და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი ითამაშა.

„მათ გამტანი ნახევარცველი არ ჰყავთ. მოედნის ცენტრში არავინ ჰყავთ, ვინც მეტოქის საჯარიმოში იმოძრავებდა. ის გუნდური თამაში, რომელიც „ბარსელონას“ ძლიერი მხარე იყო, აღარ არსებობს“. - ეს სიტყვები არსენ ვენგერმა გასული სეზონის მსვლელობისას თქვა.

კუმანის მუშაობის შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია, არასწორია და ნაჩქარევიც გახლავთ, რადგან სეზონი ახლახანს დაიწყო, გუნდები ოპტიმალურ კონდიციებში არ იმყოფებიან და ჯერჯერობით გრანდების დაპირისპირებებიც არ გვინახავს.

კონკრეტული გუნდის მოგებამ, ან მარცხმა შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს და მცდარი დასკვნის გაკეთებისკენ გვიბიძგოს. დღეს შევეცდები კუმანის ხედვა განვიხილო და მაქსიმალურად ზუსტად შემოგთავაზოთ ის, რის გაკეთებასაც ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბარსელონაში“ გეგმავს.

როცა ყველაფერი დალაგდება და ნათელი გახდება, შემდეგ მსჯელობა ყველას შეეძლება. მირჩევნია ჩემი პირველადი შეხედულებები ახლავე გაგიზიაროთ. საბოლოოდ შევცდები, თუ არა ამას დრო გვიჩვენებს.

Good Omens - ანუ კარგი ნიშნები და ის, რასაც კუმანის ხედვა მოასწავებს

„ბარსას“ გულშემატკივრებმა ოცნების კოშკები არ უნდა ააგონ, რადგან შესაძლოა კუმანის გეგმამ საბოლოოდ არ იმუშაოს და გუნდმა სეზონი კვლავ უტიტულოდ დაასრულოს, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარაუდია, ისევე როგორც ის კარგი წინათგრძნობა, რომელიც კლუბის ქომაგებს „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ გაუჩნდათ.

ვენგერის ფრაზა ხომ გახსოვთ, რომელიც სტატიის თავში მოვიშველიე? ბოლო 4 წლის მანძილზე „ბარსელონამ“ სათამაშო სტილი რადიკალურად შეიცვალა და გუნდის შემადგენლობაც ამ ახალ, მაგრამ მათთვის უცხო მონახაზზე გადაეწყო.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ლუის ენრიკემ „ბარსელონა“ დატოვა, გუნდი დადგა, მათ ტემპს მოუკლეს, აგრესიულობა დაკარგეს და თავიანთ ხელწერას უღალატეს.

„ბარსა“ ყოველთვის თამაშობდა მეტის გატანაზე - გამიტან ერთს? მე ორს გაგიტან. ამ კლუბის ფილოსოფია ეს იყო.

„ბარსელონას“ არასდროს ყოლია „მილანის“, ან „იუვენტუსის“ დონის დაცვის ხაზი, რომელიც მეტოქის ჭარბ და მძლავრ იერიშებს გაუძლებდა. ამ გუნდის მცველები არ არიან მიჩვეული იმას, რომ მუდმივ ზეწოლას გაუძლონ.

ბურთის უაზროდ გორაობა და პასი პასისთვის „ბარსელონასთვის“ დამღუპველი გამოდგა. მესი, პიკე, ალბა და ბუსკეცი წლების მანძილზე ტოტალურ ფეხბურთს იყვნენ მიჩვეულნი და არა 4 ცენტრალური ნახევარმცველით „ატლეტიკოს“ მსგავსი სტილით თამაშს.

კუმანმა სწორედ ეს შეცვალა და ძველი ხედვა დააბრუნა. „ბარსა“ აღარ დგას, გუნდი გამუდმებით მოძრაობს, მეტოქეზე მუდმივ ზეწოლას ახდენს და ბურთის სწრაფად დაბრუნებას ცდილობს, შემდეგ კი მორიგ იერიშს იწყებს.

ის, რაც „ვილიარეალთან“ ვიხილეთ იყო კუმანის სურვილი, მიზანი და მისი გეგმის საკვანძო ნაწილი - საბოლოოდ ასეთი „ბარსა“ უნდა ვიხილოთ, რომელიც „კამპ ნოუზე“ სპექტაკლების დადგმას შეეცდება და საამისოდ ფეხბურთელები სირბილს არ შეწყვეტენ.

გუნდის ჩაბარების შემდეგ, კუმანმა ფეხბურთელებს სავარჯიშო დრო გაუზარდა და დატვირთვები გაუორმაგა. ის პირველ რიგში ფიზიკური კონდიციებით იყო უკმაყოფილო და ამ პრობლემის მოგვარება მისი მთავარი საზრუნავი გახდა.

პირველმა ტურმა დაგვანახა, რომ „ბარსელონა“ კვლავ შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებს, ბურთის სწრაფად და ლამაზად ამოტანა კვლავ მათი ხელწერა იქნება, ტემპი საგრძნობლად არის გაზრდილი და შემტევები მეტოქეზე პრესინგს პრაქტიკულად არასდროს წყვეტენ.

ეს იყო პირველი შეხედულება, რაც კუმანის გუნდზე შემექმნა. ახლა კი მის მონახაზს განვიხილავ.

კუმანის სქემა - ვინ, სად და როგორ იმოქმედებს, ვის რა როლი ექნება...

4-2-3-1 - ეს სქემა ცალსახად გამოკვეთილია და კუმანი ძირითადად მას გამოიყენებს.

მწვრთნელმა გუნდში მისვლის პირველივე დღიდანვე პრივილეგირებული მოთამაშეების სია უბრალოდ დახია და ნაგვის ურნაში მოისროლა.

პიკე, ბუსკეცი, ალბა, სერხი რობერტო და სხვები - ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო წლებში კონკურენციის გარეშე ძირითადში მარტივად ხვდებოდნენ და წლიდან წლამდე, აუღელვებლად განიცდიდნენ რეგრესს.

რამდენი ტიტულიც არ უნდა მოიგო და რა ლეგენდაც არ უნდა იყო, თუ კონკურენცია არ გაქვს, თუ ჩაგდებული სეზონის შემდეგ არავინ არაფერს გეტყვის, სამომავლოდ შენ უბრალოდ განწირული ხარ. შედეგიც სწორედ ეს მივიღეთ - განწირული და ჩამოშლილი გუნდი.

მეკარის პოზიცია ყველაზე მკაფიო და ნათელია - ნეტუ კარში მხოლოდ იქამდე იდგება, სანამ ტერ შტეგენი მუხლის ტრავმას იშუშებს.

4 მცველი - ცენტრში პიკეც და ლენგლეც მიმდინარე სეზონშიც ძირითადში იქნება. კლუბს მათი შესაფერისი შემცვლელის შესაძენად ფული უბრალოდ არ აქვს.

მარცხენა მცველი ხორდი ალბა იქნება, რომელსაც კუმანი პირადად ესაუბრა და საკმაოდ მკაცრადაც. თუ, ალბა თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს, მწვრთნელი მას დაეყრდნობა. პირველმა ტურმა ამის ნიშნები დაგვანახა.

რაც შეეხება მარჯვენა მცველის პოზიციას. სეზონის დაწყებამდე კუმანმა თქვა, რომ ნელსონ სემედუ არ სჭირდებოდა, ხოლო სერხი რობერტოს ნახევარდაცვაში ხედავდა. ნათელი გახდა, რომ მას ახალი განაპირა მცველი სჭირდებოდა, რომელსაც „ბლაუგრანა“ უახლოეს საათებში გაიფორმებს კიდეც და ის სერჟინიო დესტი იქნება.

ტრანსფერი 99%-ით შემდგარია და „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველი სწორედ დესტი იქნება.

ფლანგზე სათამაშოდ სერხი რობერტოს შესაბამისი სისწრაფე არ აქვს. პირველმა ტურმა დაგვანახა, თუ როგორ მოქმედებდა ფრთაზე ალბა. კუმანს მარჯვნიდანაც მსგავსი ტიპის მოთამაშე სურს. დესტი კი სწორედ ასეთია.

2 ცენტრალური ნახევარმცველი - „ბარსას“ დაცვიდან შეტევაში ბურთი მაქსიმალურად სწრაფად ამოაქვს. მთავარი საყრდენი ფრენკი დე იონგი იქნება. მის გვერდით კი რამდენიმე მატჩის შემდეგ, დიდი ალბათობით მირალემ პიანიჩი ითამაშებს.

კუმანი ბუსკეცსაც ალბას მსგავსად პირადად და გარკვევით, მკაცრად ესაუბრა. სერხიო ბოლო წლებში მისი თავის ნამდვილ აჩრდილად არის ქცეული, რაც გუნდის თამაშზე პირდაპირ ისახება.

„ვილიარეალთან“ მარტივად მოგებულ თამაშშიც კი, ბუსკეცს რამდენიმე უხეში შეცდომა ჰქონდა და მისი ხარვეზები აშკარად თვალშისაცემი იყო. შეცვლაზე შესულმა პიანიჩმა 12 წუთში თავი უფრო მეტად დაგვამახსოვრა.

გამთამაშებლის პოზიციას ფელიპე კოუტინიო მოირგებს. ლეო მესის მოედნის ცენტრში სიღრმიდან თამაში და შეტევების წამოსაყწებად საკუთარ საჯარიმომდე ჩასვლა აღარ მოუწევს. კუმანის გეგმა სწორედ ესაა - ლეო მეტოქის საჯარიმოსთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მოქმედებდეს.

როცა „ბარსა“ შეტევაში იქნება, ასეთ მომენტში მარცხენა ფლანგიდან ფატი იმოქმედებს, მარჯვნიდან კი მესი. გრიზმანი ცხრიანის პოზიციაზე იქნება, მაგრამ რა დროსაც „ბარსა“ ბურთს დაკარგავს და თავდაცვაზე გადავა, მესი და გრიზმანი პოზიციებს გაცვლიან - ლეო ფორვარდად ცენტრში დადგება, ხოლო გრიზმანი მარჯვენა ფრთაზე განაპირა მცველს დააზღვევს.

კუმანმა ამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი მესის თავდაცვითი ფუნქციებისგან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გათავისუფლებს.

ნიდერლანდელი სპეციალისტი არგენტინელს მოედანზე ყველანაირ ფუფუნებას უქმნის, რომ შეტევაში მისი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.

მონობის დრო სრულდება - მესი არ არის ერთადერთი არჩევანი

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ კუმანი ყველაფერს აკეთებს, რომ მესის მოედანზე კომფორტი შეუქმნას და ასევე, ნიდერლანდელი სპეციალისტი ცდილობს შეტევაში როლები თანაბრად გადაანაწილოს.

„ბარსას“ შეტევებმა დაგვანახა, რომ გუნდი მოედანზე მესის არ ეძებს - ისინი უბრალოდ უტევენ, ამწვავებენ და საჭირო მომენტში ობიექტურ გადაწყვეტილებას იღებენ.

ვალვერდედან მოყოლებული, სეტიენით გაგრძელებული „ბარსა“ მხოლოდ მესის ეძებდა და მასზე იყო გადაწყობილი, რის შემდეგაც გუნდის ინდივიდუალური მხარე დეგრადირდა.

ეს გასული სეზონია, როცა „ბარსამ“ „სევილიაში“ ქულები დაკარგა და ფრედ 0:0 ითამაშა. როცა გუნდი მეტოქეზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა და შტურმს ამზადება (რაც საბოლოოდ არ გამოუვიდათ), მათი განლაგება აი ასეთი იყო. საიდან იწყებს მესი შეტევებს - ყველაფერი ნათელია.

ფატის კარგმა თამაშმა და კოუტინიოს მეტმა სითამამემ, გუნდს შეტევაში მეტი არჩევანი მისცა. ალბა ფლანგზე მარტო აღარ მოქმედებს, რაც მის საქმეს ამსუბუქებს და მარგი ქმედების კოეფიციენტს ერთიორად ზრდის.

აღსანიშნავია კლემან ლენგლეს ფაქტორი, რომელიც „ვილიარეალთან“ მატჩში ბევრს გამორჩა. ფრანგმა ორივე გოლისას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და საგოლე შეტევას სული ჩაუდგა.

ფატის პირველი გოლისას ვხედავთ, თუ რა ზუსტ და მწვავე გადაცემას ასრულებს იგი, რასაც ალბას გარღვევა და გოლი მოჰყვება. ლენგლემ ეგრეთწოდებული „კეი პასი“ გააკეთა.

ასევე, ალბას მანევრირებისთვის მეტი სივრცე და შანსი ეძლევა. ამის მიზეზი ფატი გახლავთ, რომელსაც მეტოქის მარჯვენა მცველი ფაქტობრივად არ ცილდება, რაც ალბას ფლანგს უთავისუფლებს და სწორედ ამ მომენტში იქმნება გოლი.


რაც შეეხება ფატის მეორე გოლს - „ვილიარეალი“ ამ მომენტში „ბარსას“ საჯარიმოსთანვე აპრესინგებდა. საბოლოოდ, ლენგლეს ზუსტმა გადაცემამ გუნდს კონტრშეტევა წამოაწყებინა, რომელიც კოუტინიომ გააგრძელა და ყველაფერი გოლით დასრულდა. ფრანგი მცველის გადაცემა ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორც ჩანს, კუმანი მის ამ შესაძლებლობას მიმდინარე სეზონში კიდევ არაერთხელ გამოიყენებს.


ამ გოლის მომენტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კოუტინიოს მოქმედება, რომელმაც სრულიად მარტო მყოფ მესის, რომელსაც წინ საკმაოდ დიდი სივრცე ჰქონდა იგნორი გაუკეთა და შეტევა ფატის მიმართულებით გააგრძელა, რაც საბოლოოდ სწორი არჩევანი გამოდგა.

ვალვერდესა და სეტიენის დროს, ასეთ სიტუაციაში 100-დან 99-ჯერ კოუტინიო და ვინც არ უნდა ყოფილიყო, ბურთს აუცილებლად მესის „შეტენიდა“.

როგორც ჩანს, „ბარსელონაში“ 3 სეზონიანი „მონობა“ სრულდება და გუნდი შეტევების დროს მხოლოდ მესის იმედად ყოფნას არ აპირებს.

9 ნომრის არყოლა - ანუ რა პრობლემა შეიძლება შეექმნას კუმანის სქემას

უკვე ნათელია, რომ კუმანი თამაშს ცხრუ ცხრიანით გეგმავს, რომლის როლსაც გრიზმანი და მესი მოირგებენ ხოლმე, თუმცა იქნება მატჩები, რომელშიც „ბარსას“ გაუჭირდება და თავდასხმაში კლასიკური 9 ნომრის აუცილებლობა დადგება.

„გუნდში 9 ნომრის ყოლა ყოველთვის კარგია. კარგია, როცა წინ კიდევ ერთი მოთამაშე გყავს, ეს მეტი არჩევნის საშუალებას იძლევა, თუმცა კარგად თამაში გამოკვეთილი ცხრა ნომრის გარეშეც შეგვიძლია“. - ეს კომენტარი კუმანმა „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ გააკეთა და ამით, მან კლუბს ერთგვარი მინიშნებაც გაუკეთა.

გუნდში მაღალი დონის ცენტფორვარდის მისვლა გრიზმანს პირდაპირ კონკურენტს გაუჩენს. ნომერ პირველ კანდიდატად ამ დრომდე მემფის დეპაი რჩება, რომელიც ინდივიდუალისტია და 9 ნომრის გარდა თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, რაც კუმანის სქემას იდეალურად ერგება.

„ბარსა“ სერჟინიო დესტის გაფორმების შემდეგ, ცენტრალური მცველის და ცენტრფორვარდის დამატებას შეეცდება, თუმცა კლუბს ორივე ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა არ აქვს და რთული სათქმელია რა მოხდება.

სათადარიგოთა სკამზე კუმანს უკვე ჯანმრთელი დემბელე ჰყავს, ასევე ძალიან ნიჭიერი ტრინკაო და პედრი, რომლებიც გუნდის მომავალს ოპტიმისტურს ხდიან. პლუს ამას ბუსკეცი, პუჩი, ალენია, სერხი რობერტო მაგრამ აშკარაა, რომ ამ თითქოს ნორმალურად დაკომპლექტებულ გუნდს 9 ნომერი აკლია.

ნებისმიერ შემთხვევაში კუმანის გუნდი 2020-2021 წლების სეზონში ფეხბურთის თამაშს შეეცდება - „ბლაუგრანას“ თავისი ქომაგების წინაშე რეაბილიტაცია მართებს.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ეს მხოლოდ ჩემი პირველადი შეხედულებაა, რომელიც კუმანის გუნდის წინასასეზონო შეხვედრებმა და ლა ლიგის პირველმა ტურმა დამანახა. დანარჩენს უშუალოდ სეზონი გვიჩვენებს.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში