Aa
Aa

დოკ რივერსმა კლიპერსის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

დოკ რივერსმა ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ორგანიზაციის პრეზიდენტის, სტივ ბოლმერის მიხედვით, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

58 წლის სპეციალისტმა მოგვიანებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ „კლიპერსის“ თავკაცი აღარ იქნება. „მადლობა იმისთვის, რომ ნება მომეცით გუნდის მთავარი მწვრთნელი გავმხდარიყავი და ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომლითაც კლიპერსის წარმატებულ ორგანიზაციად ქცევაში დამეხმარეთ.

როცა მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩავიბარე, ჩემი მიზანი იყო კლიპერსი წარმატებული საკალათბურთო პროგრამა გამხდარიყო, თავისუფალ აგენტებს აქ გადმოსვლა მონდომებოდათ და გუნდთან ერთად საჩემპიონო ბეჭდები მომეგო. მიზნების უმრავლესობას მივაღწიე, მაგრამ ყველა მათგანს - ვერა. მართალია, ჩვენთვის მიმდინარე სეზონს იმედგამაცრუებელი ფინიში ჰქონდა, მაგრამ მგონია, რომ კლიპერსი სწორ გზაზე დგას და ვიცი ამ გუნდს თქვენი მხარდაჭერით რისი მიღწევა შეუძლია.

მადლობა კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და ტექნიკურ პერსონალს, რომლებიც აქამდე მოსვლაში დაგვეხმარნენ. განსაკუთრებით კი მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ და კლიპერსში გატარებული პერიოდით ბედნიერი ვარ“.

დოკ რივერსი NBA-ის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, ვისმა გუნდმაც 3-1-დან სერია 3-ჯერ წააგო. იგი „კლიპერსის“ თავკაცის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და გუნდთან ერთად რეგულარულ სეზონში 356 მატჩი მოიგო და 208-ჯერ დამარცხდა. პლეიოფში კი 59 შეხვედრიდან 32 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები