Aa
Aa

"დიდი 10"-ის ტრანსფერები - ჩემპიონატი 10 დღეში განახლდება

დიდი 10-ის ახალი, გარდამავალი სეზონის დაწყებამდე 10 დღე რჩება. გუნდებმა უკვე დაასრულეს შემადგენლობების დაკომპლექტება და პირველი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, სპორტული ღონისძიებები მარტში აიკრძალა და დიდი 10-ის 2019/2020 წლების სეზონის დასრულება ვეღარ მოხერხდა. უმაღლეს ლიგას პირველიდან ორი მოწინავე დაემატა და პირველ ეტაპზე ისინი ორ, 6-6-გუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ.

ბ“ ჯგუფი 

ახალი სეზონი 7 ოქტომბერს, „ბ“ ჯგუფის ორი შეხვედრით იწყება – ‘არესი’ ‘ბათუმს’ მასპინძლობს, ხოლო ‘არმაზი’ ‘აიას’ დაუხვდება.

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘არესმა’ აქცენტი ქუთაისელ მორაგბეებზე გააკეთა და თანაქალაქელი ‘აიადან’ რამდენიმე მოთამაშე დაიმატა, რუსეთიდან კი ასევე ქუთაისელები – ზურაბ ერისთავი („ვვა“) და ბადრი დანგაძე („ბულავა“) დააბრუნა. შემადგენლობა შეინარჩუნა, დაჩი კოპაძით გაძლიერდა და ახალ ჩემპიონატს გამოცდილი რაზმით ხვდება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’.

მნიშვნელოვანი შევსება მიიღო მარნეულის ‘არმაზმა’. გუნდს დაუბრუნდნენ ბორჯღალოსნები – მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი და შუამარბი გიორგი კვესელაძე, ასევე უმცროსი ბორჯღალოსანი სანდრო სვანიძე. გარდა ამისა, მარნეულელებმა გაიფორმეს ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელიც აქამდე ინგლისში, ექსეთერის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა.

მნიშვნელოვნად გაძლიერდა ქუთაისის ‘აია’, რომელმაც ბორჯღალოსანი ზურაბ ძნელაძე თბილისის ‘ლოკომოტივიდან’ დაიბრუნა. კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, რომელიც ახალ სეზონს ‘აიაში’ გაატარებს მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილია, რომელიც გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფის ‘ლონდონ სქოთიშში’ თამაშობდა. გარდა ამისა, ქუთაისში ითამაშებენ ყოფილი 20-წლამდელები – ბურჯი ლუკა ახვლედიანი, მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი და ასევე მესამეხაზელი არსენ მაჩალაძე, რომელიც მშობლიურ გუნდს რუსეთიდან, ‘ბულავადან’ დაუბრუნდა.

‘აია’ დატოვა რამდენიმე მოთამაშემ, მათ შორის ბორჯღალოსანმა გურამ შენგელიამ და 20-წლამდელთა ნაკრების მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა.

„ბ“ ჯგუფის პირველი ტურის დასკვნით შეხვედრაში ბოლნისის ‘ყოჩები’ გორის ‘ჯიქს’ 9 ოქტომბერს მასპინძლობს. ‘ყოჩებმა’ დაიბრუნა ბორჯღალოსანთა 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, რომელიც გასულ სეზონში გორის ‘ჯიქის’ ღირსებას იცავდა, მანამდე კი ‘ლოკომოტივში’ თამაშობდა. ასევე ‘ჯიქიდან’ დაიმატა 20-წლამდელთა ნაკრების ფრთა კოტე მარჯანიშვილი. გუნდი დატოვა და კარიერას რუმინეთში, ბუქარესტის ‘დინამოში’ აგრძელებს ლადო მიმინოშვილი.

ახალ სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება ‘ჯიქი’. გუნდი დატოვეს გიორგი ბეგაძემ, დემურ ეფრემიძემ, დიტო კალანდაძემ, გიორგი მჭედლიშვილმა, ლაშა საჯაიამ, არსენ ტრაპაიძემ, სანდრო სვანიძემ, ბექა წიკლაურმა და რეზი ჯინჭველაშვილმა. მათ ნაცვლად მოვიდნენ ბეჟან გავაშელიშვილი, როლანდ კვაჭაძე, საბა ნიკოლავა, ირაკლი პურიჭამიაშვილი. რუმინეთიდან დაბრუნდა გიორგი გიგაური.

ა“ ჯგუფი 

„ა“ ჯგუფის პირველი ტურის ორი მატჩი 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული – პატარძეულის ‘ვეფხვები’ ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლებს, კიკეთის ‘იუნკერები’ კი ‘აკადემიას’ მიიღებს.

დიდ 10-ში დაბრუნებულმა ‘ვეფხვებმა’ 14 ახალი მორაგბე დაიმატა. მათგან გამორჩეულია ბორჯღალოსანთა ყოფილი 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი რუმინეთში გაატარა და ბოლოს ‘ტიმიშუარა სარასენსში’ თამაშობდა. პატარძეულში ითამაშებს აშშ-სა და საფრანგეთში ნათამაშები გიორგი წვერავა, ასევე კვაჭი ლევან ჭავჭავაძე და შუამარბი რატი გარუჩავა.

ახალ სეზონს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება ‘ლელო-სარასენსი’. გუნდი დატოვეს ბორჯღალოსნებმა სოსო მათიაშვილმა, მერაბ კვირიკაშვილმა და ირაკლი ყიასაშვილმა, ასევე სანდრო მამამთავრიშვილმა. მათ ნაცვლად ხაზში დაიმატეს დიტო კალანდაძე (‘ჯიქი’).

დიდი ცვლილებებია ‘იუნკერებში’. გუნდს დააკლდა გამოცდილი ვახტანგ კავთიძე. სამაგიეროდ, ‘აიადან’ დაიმატეს მესამეხაზელი ბორჯღალოსანი გურამ შენგელია და კიდევ რამდენიმე მოთამაშე.

თბილისის ‘აკადემიას’ ყველაზე დიდი შენაძენი ბორჯღალოსანი სოსო მათიაშვილია, რომელიც მშობლიურ გუნდს ‘ლელო-სარასენსიდან’ დაუბრუნდა. ინგლისიდან (‘ბარტონი’) დაბრუნდა ფრთა საბა სვიმონიშვილი, რომელსაც 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. 

9 ოქტომბერს „ა“ ჯგუფის პირველი ტური თბილისის ‘ლოკომოტივისა’ და რუსთავის ‘ხარების’ მატჩით სრულდება.

თბილისელებმა სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მორაგბე დაიბრუნეს – ბორჯღალოსანი ბექა წიკლაური, ყოფილი კაპიტანი ვახტანგ კავთიძე და მეორეხაზელი გაგა არაბული. ‘ლოკომოტივი’ დატოვა და ‘აიას’ დაუბრუნდა ბორჯღალოსანთა უკანახაზელი ზურაბ ძნელაძე.

რუსთაველთა რიგები დატოვეს ირაკლი პურიჭამიაშვილმა და რატი სამყურაშვილმა, რომლებიც გორის ‘ჯიქში’ გადავიდნენ. სამაგიეროდ, ‘ჯიქიდან’ ‘ხარებმა’ მიიღო 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, რუმინეთიდან დააბრუნა ბურჯი ნიკა ჩუმაშვილი, ხოლო ‘არმიადან’ დაიმატა კვაჭი დემეტრე ცაბაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები