Aa
Aa

"ფეხბურთელებზე არავინ ზრუნავს" - გუარდიოლა აღშფოთებულია

მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო სპორტულ სამყაროს გარკვეული პაუზა ჰქონდა. ამან კი ჩემპიონატების გრაფიკზე ცუდად იმოქმედა. ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო და გუნდებს კვირაში 2 ან 3 თამაშის ჩატარება უწევთ, რაც ნამდვილად რთულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებზე არავინ ზრუნავს.

"რეალობა არის ის რაც ახლა არის. ეს მხოლოდ "სიტის" არ ეხება. არავის აინტერესებს ფეხბურთელები და მათზე არავინ ზრუნავს. ვერავინ ხვდება რამდენად რთულია მათთვის კვირაში სამჯერ თამაში.

პრემიერ ლიგამ, "უეფამ" და EFL-მ პირველ პლანზე საკუთარი ბიზნესი დააყენა. ფეხბურთელებს მოსამზადებლად მხოლოდ 2 კვირა ჰქონდათ და ამ რეჟიმში 11 თვის განმავლობაში უნდა ვითამაშოთ. სამწუხაროდ ვერაფერს ვცვლი.

მესმის, რომ განსაკუთრებული სიტუაციაა და ყველაფრის მოსასწრებად ასე არის საჭირო, მაგრამ ვფიქრობ გრაფიკის გადანაწილება სხვანაირადაც შეიძლებოდა.

სანაკრებო ბატალიებიდან მე 3 ტრავმირებული ფეხბურთელი დამიბრუნდა. ისინი იძულებულები იყვნენ, რომ ოთხ დღეში ორი მატჩი გაემართათ. ვიმეორებ, მოთამაშეები რობოტები არ არიან და მათაც სჭირდებათ დასვენება.

ამ მომენტში ძირითადი გუნდის მხოლოდ 13 ფეხბურთელი მყავს. მომდევნო მატჩისთვის აკადემიის მოთამაშეები უნდა გამოვიძახო. ეს ყველაფერი ნორმალური არ არის." - განაცხადა გუარდიოლამ

"კარაბაოს" თასის მატჩში, სადაც "ქალაქელები" "ბორნმუთს" შეხვდნენ, სერხიო აგუერო და გაბრიელ ჟესუსი დაშავდნენ. ინდივიდუალურად ვარჯიშობენ ზინჩენკო, კანსელუ და ბერნარდუ სილვა. რაც შეეხებათ გიუნდოგანს და ლაპორტის, მათ კორონავირუსი დაამარცხეს და ერთ კვირაში პეპის განკარგულებაში იქნებიან.

მომდევნო შეხვედრას "მანჩესტერ სიტი" დღეს "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები